საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესახებ სამინისტროს პოზიცია წარადგინა.
გრიგოლ გიორგაძემ სახალხო დამცველის აპარატს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო სრულად იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში, პრიორიტეტი მიენიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გამოყვანა სამინისტროს 2015 წლის განსახლების პრიორიტეტს წარმოადგენდა. 2015 წელს სამინისტროს მიერ დაიხურა 6 ასეთი ობიექტი ქ. თბილისში და იქ მცხოვრებ 178 დევნილ ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა. აღნიშნული მიდგომა 2016 წელსაც გაგრძელდება. სამინისტროს მიერ დაგეგმილია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 15-მდე ობიექტის დახურვა და დევნილი ოჯახების ახალ საცხოვრებელ კორპუსებში გადაყვანა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის კრიტერიუმების შემუშავების შესახებ.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, კომისია ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემისას დევნილი ოჯახის კონკრეტულ საჭიროებებს ითვალისწინებს. საჭიროებების განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამკურნალო ხარჯები და ა.შ. თუმცა, სამინისტრო მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიტერიუმების შესაბამის სამართლებრივ აქტში ასახვა. აღნიშნულ საკითხს სამინისტრო სამეთვალყურეო საბჭოსთან შექმნილი დროებითი საექსპერტო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში განიხილავს და შესაბამის კრიტერიუმებს შეიმუშავებს.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველი მოადგილე ეკომიგრანტების საკითხებსაც შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლების რაოდენობა არ არის საკმარისი.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების მიზნით სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება. 20 000 ლარის ნაცვლად, სამინისტრო სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის სახლებს 25 000 ლარის ფარგლებში ყიდულობს. გარდა ამისა, წელს სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით, აჭარის მთავრობის ბიუჯეტში დამატებით 3 მილიონი ლარი გამოიყო.
მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი, რომელსაც ეკომიგრანტი ოჯახები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. წლის ბოლომდე წალკის, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი გახდება.
რაც შეეხება თავშესაფრის საკითხებს, სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სამართლებრივი დაცვა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ მხრივ მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და ამჟამადაც ხორციელდება. ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან და ევროპულ სამართლებრივ სივრცესთან დაახლოება წარმოადგენს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ" ახალი კანონპროექტი.
დასასრულს, მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს გაწეული საქმიანობისა და ყველა იმ რეკომენდაციისთვის, რომელიც დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ იყო გამოთქმული. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აუცილებლად გაითვალისწინებს რეკომენდაციებს და სახალხო დამცველის აპარატთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.