logo_geo
eng_logo
აშშ-ში დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გაპროტესტებისას 100-მდე აქტივისტი დააკავეს
- +

29 ივნისი. 2018. 01:16

 

 

აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან ათასამდე ქალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებდა, რა დროსაც 100-მდე აქტივისტი დააკავეს. მათი შეძახილები შენობაში მომუშავე პოლიტიკოსებს ხელს უშლიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

დღეს რესპუბლიკელების მიერ მომზადებული საიმიგრაციო კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდა.

 

დოკუმენტის წინააღმდეგ 300-ზე მეტი კანონმდებელი გამოვიდა, მხარი კი 121-მა დაუჭირა.

 

კონგრესმენები ახალი საკანონმდებლო ნორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომლის თანახმადაც აარალეგალი მიგრანტების დეპორტაცია სასამართლო ინსტანციების გარეშე უნდა გადაწყვეტილიყო.

 

მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო. გაპრეზიდენტების შემდეგ მან დანაპირების რეალიზება სცადა და რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომლითაც აშშ-ში შესვლას უზღუდავდა დიდწილად იმ მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევდა. თუმცა პრეზიდენტის გამოცემულ დოკუმენტებს ქვეყნის სასამართლო სისტემის სხვადასხვა საფეხურზე წინააღმდეგობა შეხვდა.

 

ამ პოლიტიკის ნაწილია „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა არალეგალი მიგრანტების მიმართ აშშ-მექსიკის საზღვარზე, რომელიც მაისში ქვეყნის პროკურორმა ჯეფ სეშენსმა გამოაცხადა. თუმცა საზღვარზე ოჯახის წევრების განცალკევებით გამოწვეულმა საყოველთაო აღშფოთებამ პრეზიდენტს ახალი დოკუმენტის გამოცემისკენ უბიძგა და 26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა არალეგალი მიგრანტების მიმართ შეჩერდა.

 

27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 17-მა ამერიკულმა შტატმა, მათ შორის ვაშინგტონმა, ნიუ-იორკმა და კალიფორნიამ და ასევე კოლუმბიის ოლქმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე, არალეგალი მიგრანტების შვილებისა და მშობლების დაშორების გამო უჩივლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner