logo_geo
eng_logo
მთავარი პროკურორის პოსტისთვის შიდა ბრძოლა ადეიშვილის კადრებს შორის დაიწყო?
- +

29 ივნისი. 2018. 10:31

 

საზოგადოება უკვე დაუფარავად საუბრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ დამნაშავეებს სისტემა მფარველობს და მეტიც, ისინი პროკურატურაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ამ ადამიანებზე დაწერილი საჩივრები პროკურატურის თაროებზეა შემოდებული და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში ხავსი მოედო. არც ისაა გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანი მალე მთავარი პროკურორის პოსტზე ვიხილოთ.

 

როგორც „ინფო ფოსტალიონს“ საქმეში ჩახედულმა წყარომ აცნობა, პროკურატურის დღევანდელი ხელმძღვანელობა მთავარი პროკურორის პოსტზე აქტიურად განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოლქის პროკურორს ნათია სონღულაშვილს. საზოგადოებისთვის ამ კანდიდატურის მიწოდება ერთ-ერთი მედიასაშუალებით უკვე მოხდა.

 

ვინ არის ნათია სონღულაშვილი და რა დამსახურებისთვის მოხვდა ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად? როგორც ჩვენი წყაროსგან შევიტყვეთ, ის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში სოდ-ის ზედამხედველ პროკურორად მუშაობდა და ამ უწყების (სოდ-ის) უფროსის ირაკლი კოდუას კლანთან დაახლოებული და ნდობით აღჭურვილი პირი იყო. შესაბამისად, ის „აპრავებდა“ ყველა იმ დანაშაულს და უმსგავსობას, რასაც სოდ-ი იმ წლებში სჩადიოდა.

 

წყაროსვე ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ, ნათია სონღულაშვილმა ახალი ხელმძღვანელობის თვალში, ძველი „გრეხები“ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებით ჩამოირეცხა, თუმცა იმ პროცესებს თუ გავიხსენებთ, მის გარდა საქმეში სხვა პროკურორებიც იყვნენ და ეს თავდადება დიდ დამსახურებად არ ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, საკითხავია, რამდენად აწყობს „ქართულ ოცნებას“ ასეთი კანდიდატი?

 

პროკურატურაში სხვა, ალტერნატიულ კადრებსაც განიხილავენ და უახლოეს დღეებში, მთავარი პროკურორის პოსტზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის თეიმურაზ ნაჭყებიას კანდიდატურა დასახელდება.

 

ვინ არის თეიმურაზ ნაჭყებია? მის ბიოგრაფიას თუ გავყვებით, ვნახავთ, რომ ის სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ყოფილა ბაჩანა ახალაიას დროს. რას „საქმიანობდა“ მაშინ ეს უწყება, ყველას კარგად ახსოვს. სამხედრო პოლიციის შემდეგ, ის ფინანსურ პოლიციაში საქმიანობდა, როცა ამ უწყებას ოთარ ფარცხალაძე მართავდა. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ამ კადრს ლობირებს ამავე უწყების გენერალური ინსპექციის უფროსი ბაკურ აბულაძე, რომელთანაც თეიმურაზ ნაჭყებიას ნათესაური კავშირები ჰქონია.

 

ორივე ზემოხსენებულ კანდიდატურას, დასახელების შემთხვევაში, საპროკურორო საბჭოს წევრი 8-ვე პროკურორი ნდობას სრულად გამოუცხადებს, რადგან როგორც ამბობენ, მათაც ერთმანეთთან ნათესაობა, ნათელ-მირონი და საერთო ინტერესები აკავშირებთ, დირექტივებს კი პროკურატურის ხელმძღვანელობისგან იღებენ.

 

წყარო ხაზს უსვამს, რომ ნათია სონღულაშვილი და თეიმურაზ ნაჭყებია პროკურატურაში არსებულ ორი სხვადასხვა დაჯგუფების ინტერესებს ატარებენ, თუმცა მათი ბიოგრაფიიდან ნათელია, რომ ორივე ადეიშვილის კადრია და ნებისმიერი მათგანის გამარჯვების შემთხვევაში, ისევ ადეიშვილის პროკურატურას მივიღებთ.

 

აქვე უნდა შევეხოთ საზოგადოებაში არსებულ მოლოდინს, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად დასახელდება ადამიანი, რომელსაც საზოგადოება განსაკუთრებულ ნდობას უცხადებს. ეს ადამიანი კახი კახიშვილია, თუმცა როგორც ცნობილია, მთავარი პროკურორის კანდიდატურა რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს პროკურორად მუშაობის 5-წლიანი უწყვეტი სტაჟი, ადვოკატად მუშაობის ასევე 5-წლიანი უწყვეტი სტაჟი და სხვა… აღნიშნულ კრიტერიუმებს ვერც თეა წულუკიანი აკმაყოფილებს, რომელსაც საპროკურორო საქმიანობა საერთოდ არ განუხორციელებია. სწორედ ამიტომ, საზოგადოებამ მისთვის მისაღებ პირთა შორის, მთავარი პროკურორობის რეალურ კანდიდატურაზე უნდა იფიქროს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner