logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: კარგია ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებისკენ აღებული გეზი
- +

29 ივნისი. 2018. 13:26

 

ბევრი საუბარია დღეს მთავრობის ახალ სტრუქტურაზე, რომელ სფეროს უნდა ჰყავდეს მინისტრი და რომელს - არა.

 

ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, სფერო ცალკე უწყებად იქნება წარმოდგენილი თუ არა, მინისტრი ეყოლება სათავეში თუ დეპარტამენტის უფროსი.

 

ზოგ ქვეყანაში საერთოდ არაა სამინისტროები, დეპარტამენტებია, მაგალითად, შვეიცარიაში.

 

ზოგიერთ ქვეყანას სპორტის სამინისტრო არ გააჩნია, მაგალითად, ისლანდიას, ნორვეგიას და გერმანიას. შვეიცარიაში კი სპორტი სამოქალაქო თავდაცვასთანაა გაერთიანებული. თუმცა, სპორტი ოთხივე ქვეყანაში ყვავის.

 

საქმე დასახელებაში, უწყებათა შერწყმაში ან ცალკე გამოყოფაში არაა. მთავარია დარგის სწორად წარმართვა.

 

ზოგიერთ სახელმწიფოს არ გააჩნია კულტურის სამინისტრო, მაგალითად, შვეიცარიას, გერმანიას. იაპონიაში კულტურა მეცნიერებასთანაა გაერთიანებული.

 

შვედეთში სამინისტროებში რამდენიმე სამინისტროა გაერთიანებული. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში გაერთიანებულია იუსტიციის და მიგრაციის სამინისტრო და შსს. ჯანდაცვის სამინისტრო აერთიანებს სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის და სპორტის, ასევე ბავშვთა, მოხუცთა და გენდერული თანასწორობის სამინისტროებს.

 

გერმანიაში არსებობს ოჯახის, ხანდაზმული მოქალაქეების, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. მამაკაცებმა რა დააშავეს, ვერ გავიგე.

 

მთელი მსოფლიოს გამოცდილების მოყვანა ერთ სტატიაში, შორს წაგვიყვანს. როგორც ვხედავთ, ყველა ქვეყანა სხვადასხვაგვარად უდგება და რაიმე შაბლონი არ არსებობს.

 

ჰო, 1,5-მილიარდიან ჩინეთში სულ რაღაც 24 სამინისტროა. ჩინეთს არ ჰყავს სპორტის მინისტრი. თუმცა ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი კურირებს მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, ჯანდაცვასა და სპორტს.

 

როცა შარშან დავწერე (იხილეთ https://goo.gl/tV28gr) სხვადასხვა უწყების საქმიანობის, მათი შესაძლო შერწყმის შესახებ, განა რომელიმე სფეროსთვის ზიანის მიყენება მქონდა მიზნად. უბრალოდ, არაა საჭირო, ყველა სფეროს მინისტრი ედგას სათავეში.

 

ისლანდიის მაგალითი შეგნებულად მოვიყვანე. ტერიტორია ჩვენზე ორჯერ დიდი აქვთ, თუმცა მოსახლეობა 12-ჯერ ნაკლებია (350 ათასი). როგორც მოგახსენეთ, სპორტის სამინისტრო არ გააჩნიათ. თუმცა, სპორტის უამრავ სახეობაში, კერძოდ, ფეხბურთში, ტანვარჯიშში, კალათბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ჭადრაკში, რაგბიში, სერიოზული წარმატებები აქვთ.

 

მაგალითად, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შესარჩევი ეტაპის გადალახვაც კი დიდი წარმატებაა ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ევროპის ჩემპიონატზე კი მეოთხედფინალამდე მიაღწია.

 

რაში მდგომარეობს ისლანდიის წარმატების ფენომენი? შევისწავლეთ ასეთი პატარა ან დიდი ქვეყნების გამოცდილება? როგორ ახერხებს კუნძულზე მცხოვრები 350 ათასი ადამიანი 17 მლრდ დოლარი მშპ-ს შექმნას და სპორტის განვითარებას სამინისტროს გარეშე? იცით, რომ ამ მცირერიცხოვანი მოსახლეობის 7%-ზე მეტი ფეხბურთშია ჩართული და ეფექტს სულ რაღაც 10-15 წელში მიაღწიეს?

 

ან როგორ ახერხებენ სახელმწიფოები (გერმანია, შვეიცარია, ალბათ სხვა მაგალითებიც იქნება) კულტურის შენარჩუნება-განვითარებას სამინისტროს არქონის პირობებში?

 

ჩვენ ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ერთი სამინისტროც გვქონდა და მეორეც, თუმცა, არც სპორტი განვითარდა, არც კულტურა შეგვემატა.

 

შემოქმედებითი ნიჭით ბუნებისგან დაჯილდოებულ ხალხს არ ესაჭიროება ჩინოვნიკი. ტალანტი თავის სიტყვას ისედაც იტყვის. არც კონცერტების მოწყობაა სამინისტროს საქმე, ეს ბიზნესს მივანდოთ.

 

ჩინოვნიკების ამოცანაა განა, ლექსის, მუსიკის წერა ან ხატვა გვასწავლოს, არამედ, ჩვენნაირი, შემოქმედებითი ნიჭის არმქონე ადამიანები გვაზიაროს სხვის შემოქმედებას, ნიჭის დანახვა და დაფასება გვასწავლონ, სისტემა შექმნან, რომელიც ნიჭს მისცემს გზას.

 

ასევე, აგვისტოს ომის და ბორჯომის ტყე-პარკის ხანძრის მაგალითებზე ვწერდი საგანგებო სიტუაციების სტრუქტურის ცალკე ჩამოყალიბებაზე. ისე არ გაკეთდა, როგორც მეწერა, მაგრამ კარგია, რომ შს მინისტრი დღეს სტიქიებზე და ხანძრებზე აღარაა პასუხისმგებელი.

 

ასევე, დუბლირებული იყო დევნილთა და ოკუპირებული ტერიტორიების თემა ორ სამინისტროში. სრულიად საკმარისია ერთი სამინისტრო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თემატიკის სრული სპექტრით იქნება დაკავებული.

 

მაშინ როცა შემოდგომიდან მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა, სრულიად ლოგიკურია სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციასთან გაერთიანება.

 

მოკლედ, მთავარია საქმიანობის სწორად ორგანიზება. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის (თუ ჩინეთს 24 ყოფნის) სრულიად საკმარისია 10-12 სამინისტრო, რომელთა შემადგენლობაში ზოგიერთი ყოფილი სამინისტრო დეპარტამენტის ან სამსახურის სახით იქნება წარმოდგენილი.

 

ასევე, კარგია ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებისკენ აღებული გეზი. ეს მიმართულება კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, პირიქით, წავახალისოთ და მხარი დავუჭიროთ, რათა რეალობად იქცეს. ნორმები უნდა დაწესდეს ავტოტრანსპორტის ღირებულებაზე, ტიპებზე, კილომეტრაჟზე, სატელეფონო თუ სხვა მომსახურებაზე. იმედია, ასეც მოხდება.

 

მზად ვარ მწვავე დისკუსიისთვის.

 

 

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში - ამირან სალუქვაძე

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner