ავტორი თამაზ ჩიქვანაია
თუ შენი ქვეყნის ისტორია და მისი წარსული გაინტერესებს, წარმოუდგენელია, გვერდი აუარო თამარ მეფის, ქეთევან წამებულისა და მრავალი სხვა დიდებული ქალბატონის ღვაწლსა და ამაგს ერისა და ბერის წინაშე. ამ ფონზე შესაძლოა ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ ამბავი, რომელსაც დღეს მოგითხრობთ.
საქართველოს წარსულში მორიგი „მოგზაურობისას“ ყურადღება მივაქციე XIX საუკუნის მიწურულის ინგლისურ გაზეთ „The Daily Telegraph“-ში გამოქვეყნებულ, მოსკოველი კორესპონდენტის სტატიის ფრაზას:
„ქალთა ემანსიპაციის პროცესი რუსეთის სამხრეთში, კერძოდ კავკასიაში, სწრაფად მიიწევს წინ“.
ბუნებრივია, კითხვა გავაგრძელე. მოუთმენლად ველოდი იმ პერიოდის ფემინისტური მოძრაობის ქართველ მანდილოსანთან „შეხვედრას“, მაგრამ მალევე გავარკვიე, რომ საქმე ეხებოდა ყაჩაღების დედოფალს (The Queen of Bandits), რომელიც ფაქტობრივად მართავდა რუსულ კავკასიას.
სახელი ამ ქალბატონისა გახლავთ ბარბალე დანელია.
მის შესახებ ცნობების მოძიება ქართულ წყაროებში არც ისე იოლი საქმე გამოდგა. რამდენიმე საგაზეთო ინფორმაციას გავეცანი და მის ფემინისტობაზე მინიშნებასაც კი ვერ წავაწყდი. იმგვარი ეპითეტები კი, როგორებიცაა ქურდი, ყაჩაღი, ავქალი — რამდენიც გნებავთ.
გთავაზობთ ამონარიდს 1898 წლის „ცნობის ფურცელიდან“:
ახლა ისევ საზღვარგარეთ გადავინაცვლოთ და იქაურ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს გავეცნოთ. ზემოთ ფრიად პატივსაცემი ინგლისური გაზეთი ვახსენე და წარმოიდგინეთ, რომ ბარბალე დანელიაზე ასევე წერენ ფრანგული, გერმანული, ამერიკული და ახალზელანდიური გაზეთებიც კი. 1898 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ ნომერში ამერიკული „Indianapolis Sun“ ყაჩაღი ქალბატონის შესახებ, რომლის სამოქმედო არეალიც ქუთაისის გუბერნია ყოფილა, წერს:
„იგი დაახლოებით ათი წლის წინ გაუჩინარდა მშობლიურ სოფელ ბანძიდან და ამის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ტერორს გზებზე. გარდა ამისა, ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი ყველაზე არტისტული მხედარი ქვეყანაში, სადაც არიან საუკეთესო მხედრები, რომელთა მსგავსის ნახვაც გაგიჭირდებათ“.
თურმე კარგ მხედართან ერთად, ბარბალე გამოჩენილი ჩუბინიც ყოფილა.
„მას შეუძლია საკმაო მანძილიდან ტყვია მოარტყას რუსულ ვერცხლის მონეტას, რომელიც უფრო პატარაა, ვიდრე ჩვენი ექვსპენსიანი... ბარბარა დანელია ქართველია და მისი სილამაზე წარმოსადგენად უფრო მარტივია, ვიდრე აღსაწერად. ის ძალიან პოპულარულია თავის ხალხში, სიყვარული მის მიმართ განსაკუთრებით ძლიერია ღარიბ მოსახლეობაში“.
უფრო შორს წასულან გაზეთები „Kokomo Daily Tribune“ და „Philipsburg Mail“, რომლებიც ბარბალეს იმ პერიოდის ამერიკელ ყაჩაღ ქალს, დორა კოქსს ადარებდნენ. თუმცა ისიც დაუმატებიათ, რომ „არის საოცრად თავაზიანი და სასიამოვნო მოსაუბრე“.
ერთგან ასეთი სათაურიც გვხვდება — „მომხიბვლელი მძარცველი“.
ახალზელანდიელებისთვის ქართველი ყაჩაღი ქალთა ემანსიპაციის მაგალითია რუსეთში, რომელიც „ტოლს არაფერში უდებს მამაკაცებს“.
ყველა სტატიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ძარცვა მეტწილად უსისხლოდ, მსხვერპლის გარეშე ხდებოდა, თუმცა ერთი ცნობით, მის შესაპყრობად წასული ვინმე ერასტოვი ყაჩაღებს მაინც შემოკვდომიათ.
ქართულ პუბლიკაციებში ვკითხულობთ, რომ ქალი რამდენჯერმე კიდეც დაუპატიმრებიათ, მაგრამ ერთხელ მეგობრებს გაუთავისუფლებიათ, მეორედ კი მისი სილამაზისთვის ციხის ზედამხედველს ვერ გაუძლია, შეჰყვარებია და თავად გაუღია საპყრობილის კარი მისთვის.
ალბათ ბუნებრივია, რომ ბარბალე დანელიას ცხოვრების ბოლო ტრაგიკული აღმოჩნდა. „ცნობის ფურცელი“ 1898 წლის 17 დეკემბერს იუწყებოდა, რომ „ლომკაცა-ქალი“ ბარბალე დანელია ქურდობის დროს მოკლეს.
ძნელი სათქმელია, ვინ იყო სინამდვილეში ბანძელი ბარბალე, სისხლისმსმელი ყაჩაღი თუ არსენა მარაბდელივით „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“ პიროვნება. მაგრამ ეს კია, რომ მისმა პერსონამ იმ დროის მსოფლიო პრესა დააინტერესა და სახელგანთქმული გამოცემების ფურცლებიც მოიარა.