„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ „რესპუბლიკელებს" არჩევნების გაყალბებაზე საუბარი აშინებთ. ინაშვილის თქმით, „მთელი რესპუბლიკური პარტია გადასულია იმის მტკიცებაზე, რომ ქვეყანის საგარეო კურსს, თურმე, საფრთხე ემუქრება".
„დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ ყოფილხართ ასეთი ისტორიის შემსწრე. ორი კაცი ერთმანეთს ეჩხუბება. ერთი მეორეს ეუბნება, რომ რაღაცა დააშავა, უზნეოდ და უწესოდ, არაკაცურად მოიქცა, ხოლო ეს მეორე, ნაცვლად იმისა, რომ ახსნას მისი უზნეო და არაკაცური საქციელი, გაიმართლოს თავი, ან პირიქით, შეტევაზე გადავიდეს, მონოტონურად უმეორებს პირველს: „შენი პიჯაკის ფერი არ მომწონს".
ცნობილია, რომ დაპირისპირებას, ჩხუბს, გნებავთ, ოპონირებას თავისი ფილოსოფია აქვს. რეალური აგენტები, როგორც წესი, მუდმივად სხვებს აბრალებენ აგენტობას. მიზანი პრიმიტიულია: დამალონ საკუთარი აგენტობა. რეალურად მტყუანი მხარე მუდმივად მართალი ოპონენტის დისკრედიტაციას ცდილობს, მაგრამ არა დანაშაულიდან ანუ დაპირისპირების თემიდან გამომდინარე, არამედ „პიჯაკის ფერი არ მოსწონს".
ახლა პარალელი - „რესპუბლიკელების" თავდაცვის მინისტრს ეუბნებიან, რომ მან საგარეჯოში არჩევნები გააყალბა, ჯარი საარჩევნო ხმების მანიპულაციისათვის გამოიყენა, დაუსაბუთებლად განახორციელა სამხედრო პირების დისლოკაცია. ერთ კონვერტში 2 ბიულეტენის დაფიქსირება რომ კარუსელს ნიშნავს და უბნის ბათილად ცნობის საფუძველია, ამას უხსნიან და ამ დროს, მთელი რესპუბლიკური პარტია გადასულია იმის მტკიცებაზე, რომ ქვეყანის საგარეო კურსს, თურმე, საფრთხე ემუქრება, ანუ „პიჯაკის ფერი არ მოსწონთ", ხოლო დანაშულზე - არჩევნების გაყალბებაზე საუბარი აღიზიანებთ, აშინებთ.
გოგი თოფაძეც და სანდრო ბრეგაძეც თავდაცვის მინისტრს პასუხს სთხოვენ, მუხროვანის სამხედრო ნაწილში და უჯარმის საარჩევნო უბანზე მომხდარი დანაშაულის გამო. რა შუაშია ქვეყნის საგარეო კურსი ანუ „პიჯაკის ფერი", იქნებ ენა მაინც გამოყონ და რესპუბლიკური პარტიის „დიადმა" წევრებმა უფრო მარტივად გააგებინონ საზოგადოებას?!
რაც შეეხება აგენტობის და პრო-ობის კომიკურ თემას, მორიგჯერ შევახსენებ რესპუბლიკურ პარტიას: დავით უსუფაშვილის პოლიტჯგუფის მხრიდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კვლავ კომუნისტურ პარტიაში დარჩა და მგზნებარედ წერდა, თურმე, საბჭოთა საქართველოს ახალ კონსტიტუციას, ვექტორებზე საუბარი, უბრალოდ, სასაცილოა", - წერს ინაშვილი.