ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა დააანონსა, რომ საზღვრისპირა რეგიონებში „ვეტერანთა სოფელი" უნდა შექმნილიყო. საცხოვრებელ სახლებში და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე, რომლის აშენებას და შექმნას ითვალისწინებდა პროექტი, ვეტერანების დასახლება და დასაქმება იგეგმებოდა. 28 ათასმა ვეტერანმა სურვილი გამოთქვა საზღვრისპირა რეგიონში ცხოვრებაზე. ამ თემაზე ისაუბრა უწყების ახალმა დირექტორმა კობა კობალაძემ რადიო „პირველის" გადაცემა „ღია სტუდიაში".
„ნებისმიერი გრანდიოზული წამოწყება იწყება იდეის დონეზე, თვითონ აღნიშნული საკითხი არ არის ცუდი. თუმცა, მე ვერ მოვიძიე ვერც ის 28 ათასის ხელმოწერა, ვინც არის მზად იქ ჩასახლებაზე და ეს არ არის მარტო ის, რომ მე დავწერო და აგერ ჩავსახლდე აქეთ-იქით, ეს არის მთლიანი ციკლი, უზრუნველყოფის, ამავე დროს ურთიერთქმედების ადგილობრივ მოსახლეობასთან და ა.შ. თვითონ იდეა საკმაოდ კარგია, საკმაოდ მომხიბვლელია, უბრალოდ, ეს ჯერ არის ფიქრის და იდეის დონეზე", - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობალაძემ „ღია სტუდიაში" .