გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განაცხადა, ამ დროისთვის 20-მდე ტურისტი თელავში ორ საავადმყოფოშია გადანაწილებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.
„არც ერთი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არიან ბელორუსიის მოქალაქეები და კახეთის დასათვალიერებლად მოდიოდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, არ ვიცი, თუმცა სამწუხაროა, რომ მძღოლები ხშირად არ ითვალისწინებენ გომბორის გზის საფრთხეებს და საგზაო ნიშნებს არ ემორჩილებიან“, - აღნიშნა აკა საჩიშვილმა.
გომბორის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან „სუზუკის“ მარკის ავტობუსი იმ ადგილას ამობრუნდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ, ყვარლისკენ ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.