logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ გენერალური პროკურორი არ შეიძლება იყოს უსუსური!
- +

1 ივლისი. 2018. 22:46

 

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი ძალის პოზიციებისთვის  უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად მისაღები იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ახალი გენერალური პროკურორის  კანდიდატურა. გამართლდება თუ არა მოლოდინი, რომელიც ხალხში არსებობს, ამას ალბათ მალე შევიტყობთ. მანამდე კი, ინფო ფოსტალიონმა ცნობილ პოლიტოლოგს და ექსპერტს, ბატონ რამაზ საყვარელიძეს მისი მოსაზრების გაზიარება სთხოვა. 

- ბატონო რამაზ, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ახალი გენპროკურორი, რომ ის იმედები გაამართლოს, რაც ხალხს აქვს?

 

– გენერალური პროკურორი ანუ უმაღლესი რანგის სახელმწიფო ბრალმდებელი, ალბათ, უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ექნება ამ რანგის შესაბამისი პროფესიული და პიროვნული წონა. პიროვნული წონის ქვეშ ვგულისხმობ იმის რწმენას საზოგადოებაში, რომ პროკურორი პიროვნულად ვერ ეგუება უსამართლობას, განსაკუთრებით, თანამდებობის პირის მიერ ჩადენილს. გენერალური პროკურორი ხომ ხალხის სახელით სდებს ბრალს. ამიტომ, მას ხალხის ნდობა უნდა უმაგრდეს ზურგს.

 

როგორც ამბობენ, შესაძლოა, კვლავ ადეიშვილის კადრი, ძველი ხელისუფლების დროინდელი პროკურორი ვიხილოთ ამ თანამდებობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ დანაშაულს არასდროს გამოიძიებს, შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით კვლავ იგივე მდგომარეობა იქნება. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რამდენადაა ეს შესაძლებელი?

 

– სამწუხაროდ, შეუძლებელი ჩვენთან არაფერია. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ ბოლომდე არა აქვს გაცნობიერებული, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ერს შეურაცხყოფის გრძნობა გაუჩინა ტოტალური უსამართლობით. ხოლო შეურაცხყოფას პიროვნებაც ძნელად ივიწყებს და ხალხიც. ამიტომ, ხალხის თავმოყვარეობაზე თამაში იყო „ოცნების“ კოჰაბიტაციური მანევრები სამართალდაცვის სფეროში. მმართველი პარტიის რეიტინგის შემცირება ამ მანევრებით იყო განპირობებული და არა იმდენად ეკონომიკური პრობლემებით. სახალხო გამოსვლებიც ხომ უსამართლობაზე რეაქცია იყო. აი აქ ვნახეთ, რომ მაშინდელ გენერალურ პროკურორს ავტორიტეტი არ ეყო ხალხთან სალაპარაკოდ და მოვლენებზე მისი პატიოსანი, მაგრამ უსუსური პასუხი იყო გადადგომა. იქამდე იგი უსუსური იყო პროკურატურაში ნაციონალების მიერ ჩატოვებულ კადრებთან. ერთმა უსუსურობამ მეორე განაპირობა. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ გენერალური პროკურორი არ შეიძლება იყოს უსუსური, ეს თავად ხელისუფლების პრობლემად გადაიქცევა. ვნახოთ, ამ დასკვნას რამდენად გამოიტანს ხელისუფლება.

 

ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, გიორგი აბდალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურას. მისი თქმით, ეს ადამიანი ერთადერთია, ვინც შეძლო და სამართლიანობა აღადგინა ძველი რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა მიმართ. თქვენ თუ მოიაზრებთვინმეს?

 

– ძნელია გიორგი აბდალაძეს შეეკამათო. ამ მაღალი დონის პროფესიონალს და ინტელექტუალს წინა ხელისუფლების უსამართლობამ ზემოხსენებული შეურაცხყოფაც მიაყენა, სამართლიანობის პროცესშიც ჩართო და საუკეთესო ვარიანტებზე ფიქრიც აიძულა. მის მიერ შემოთავაზებული ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურა ნამდვილად საყურადღებოა. ნადარეიშვილის ბიოგრაფია აჩვენებს, რომ იგი შეუგუებელიაუსამართლობასთან და, ამავე დროს, კანონის ერთგულია. რაც მთავარია, ირაკლი ნადარეიშვილი არ ტოვებს თავის საქმიანობაში უსუსური ადამიანის შთაბეჭდილებას და ის სიმტკიცე გააჩნია, რაც უნდა ჰქონდეს გენერალურ პროკურორს. ამჟამად ნადარეიშვილი წარმართავს სამართლიანობის აღდგენის პროცესს და, სავარაუდოა, რომ თუ უფლებამოსილება გაეზრდება, ეს პროცესიც უფრო ინტენსიური გახდება.

ფიქრობთ, რომ საპროკურორო საბჭო გაითვალისწინებს საზოგადოების აზრს?

– საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებაც არაა აუცილებელი. თუ საპროკურორო საბჭო მიიჩნევს, რომ მეტი უფლებები უნდა მიეცეს ადამიანს, რომელიც უკვე წლებია იბრძვის სამართლიანობის აღდგენისთვის, მან ნადარეიშვილის კანდიდატურა უნდა გააძლიეროს გენერალური პროკურორის თანამდებობით. თუ საპროკურორო საბჭომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ თავად საპროკურორო საბჭო აგრძელებს კოჰაბიტაციურ თამაშს და ხელისუფლების დაყენებას მორიგი დარტყმის ქვეშ, რადგან უკვე ვნახეთ, რომ კოჰაბიტაციის ჯოხი ხელისუფლების კისერზე ტყდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner