პროკურორის ქალიშვილის თაკო გერგედავას მეგობარი დუმილს არღვევს - რას წერს ირაკლი სულაბერიძე პარიზში, მეგობრის სწავლის დაფინანსებაზე მერიის მიერ:
„მოკლედ, გადავწყვიტე, დავარღვიო დუმილი. ბოლო დღეები ჩუმად ვარ, ვაკვირდები პოლიტიკურ კინკლაობას და გადავწყვიტე, უფრო მეტი ნათელი მომეფინა ამ საქმისათვის და ადამიანებს, მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოებას მოვუწოდო, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადამიანისათვის ცილისწამება, შეურაცხყოფა და ცინიზმი სულ მინიმუმ არ შეიძლება.
თაკო (თამარ) გერგედავა არის ჩემი მეგობარი. ყველამ, ჩემმა მეგობრებმა და არა მხოლოდ, ძალიან კარგად იცით ეს ფაქტი. ასევე ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ობიექტურობასთან მიმართებაში. შესაბამისად, ვეცდები, ობიექტურად ვისაუბრო თაკოს გარშემო დატრიალებულ მოვლენებზე.
თაკო ჩემი მეგობარია, უკვე 6 წელი. უნივერსიტეტის პირველივე კურსიდან ვმეგობრობთ. არის უნიჭიერესი ადამიანი, ძალიან შრომისმოყვარე და შეიძლება ითქვას, თუ რამე ვიცი ჩვენს პროფესიაში, არის მისი დამსახურება, რადგან ერთად ვმეცადინეობდით და სისტემატურად მეხმარებოდა. თაკოს არასდროს უტრაბახია მამამისის თანამდებობით. ძალიან არ უყვარდა ამ თემით მანიპულირება, მეც ძალიან გვიან გავიგე, რომ მამამისი ასეთ თანამდებობაზე იყო. უფრო მეტიც, ისეთ დროს არ გამოუყენებია მამის თანამდებობა, როცა უნდა გამოეყენებინა, როცა უსამართლობები ხდებოდა ჩვენს გარშემო.
მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო და მთავარზე რომ გადავიდეთ, დავამთავრეთ უნივერსიტეტი, თაკომ ერთწლიანი სისტემატური მომზადება დაიწყო ფრანგულში, ამასობაში გამოცხადდა ვაკანსიები მერიაში და თაკომ გადაწყვიტა, ბედი ეცადა და თუ გაუმართლებდა, ერთი წელი სამუშაო გამოცდილება მიეღო. ორი კვირა თავაუღებლად იმეცადინა ის კანონები, გავიდა ტესტირებაზე და ჩააბარა წარმატებით... დაინიშნა სამსახურში... მოგვივიდა პასუხი სორბონადან, რომ თაკო ჩაირიცხა ფრანგულენოვან კურსებზე.
როგორც მოგეხსენებათ და თუ არ მოგეხსენებათ, გეტყვით, რომ სორბონაში სწავლა ღირს „მხოლოდ" 500 ევრო. პარიზი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქი, ძალიან ძვირია ცხოვრება, საცხოვრებლის დაქირავება მინიმუმ 600 ევრო ღირს, საკვები, წიგნები (მინინუმ 30-40 ევრო ერთი წიგნი). ამ დღეებში დავიწყეთ მცირე დაფინანსების მოძიება, რომ მის ოჯახს ცოტათი მხარში ამოვდგომოდით, „პროკურორის შვილობა" არ ნიშნავს ყოვლისშემძლეობას. დამემოწმება ჩემი არაერთი ფბ მეგობარი, რომელთაც ვთხოვდი დახმარებას ფონდების მოძიებაში. ვიყავით არაერთ ფონდში, მაგრამ სამწუხაროდ უიმედოდ. ზოგან ვადა იყო გასული, ზოგან საფრანგეთს არ აფინანსებდნენ და ა.შ. შემდეგ, თაკომ გაიგო სამსახურში, რომ შეეძლო, მიემართა მათთვის და იფიქრებდნენ დახმარებაზე. პირადად მე ვეხმარებოდი ამ განცხადების დაწერაში და ძალიან დიდი დრო დავხარჯე, რომ ეს განცხადება კომპიუტერიდან აღმედგინა. წაიკითხეთ ძალიან კარგად და გამოიტანეთ აზრი, რას ითხოვს თაკო, სად წერს, რომ ის არის სოციალურად დაუცველი? ძალიან მარტივია იმის გააზრება, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ საკუთარი თავის დაფინანსების მოძიებას, რომლებიც ცდილობენ, ოჯახს ტვირთი შეუმსუბუქონ, დაეხმარონ მათ, ვინც მასზე ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს მის კეთილდღეობისათვის. სამწუხაროდ, ბევრს უჭირს ამის გააზრება.
ეს ბრძანება არ ჩაბარებია თაკოს. მე არ მაინტერესებს, პირადად ვისი პრობლემა იყო ამ ბრძანების დაწერა. ვინ ვის რა დაავალა და ხელი ვინ მოაწერა. ფაქტია, რომ ზარალდება ერთი, ათასი პროცენტით კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც იმის მაგივრად, რომ იჯდეს და მეცადინეობდეს, ახლა უზომოდ ნერვიულობს ამ ფაქტზე, ამ ცილისწამებაზე. სამწუხაროდ, ადამიანებს უჭირთ იმის გააზრება რომ არსებობენ წარმატებული ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საკუთარ თავებზე და ბევრს მეცადინეობენ, რომ განვითარდნენ და რომ ასეთ ადამიანებსაც სჭირდებათ დახმარება და ხელის გამართვა. სამწუხაროდ, მიწევს ამის თქმა, ქართველი საზოგადოების ნაწილს, ზიზღის ფრქვევის მეტი საქმე არ აქვს. იმედი მაქვს, ის ობიექტური ჟურნალისტები ამ განცხადებასაც ისე აიტაცებენ, როგორც ის ბრძანება აიტაცეს. ჩამოაშორეთ თაკოს სახელი პოლიტიკის სიბინძურეებს.
არსებობენ წარმატებული ადამიანები!
ვტვირთავ განცხადებას!", - წერს ირაკლი სულაბერიძე.