logo_geo
eng_logo
„საგამოძიებო კომისიას პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის მანდატი არ გააჩნია“
- +

2 ივლისი. 2018. 12:16

 

 

„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასაწყისში რეკომენდაციების გაცემა ზედაპირულ მიდგომას ნიშნავს - ასეთ ზედაპირულ მიდგომას არ მივესალმები“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია აცხადებს.

 

როგორც ბესელია განმარტავს, კომისიას აქვს გამოძიების დაწყების მოთხოვნის უფლება, მაგრამ არა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის მანდატი.

 

„ძალიან მიკვირს, რომ ერთი კვალიფიციური იურისტი არ აღმოჩნდა, რომელიც სწორად მოახდენდა რეკომენდაციის ფორმულირებას. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მხოლოდ პროკურატურის დისკრეციაა და პირის მიმართ დევნის დაწყება სამართლებრივად შეცდომაა, თუ სხვა რამ არა. საგამოძიებო კომისიას ექნება რეკომენდაციები, ექნება რეაგირების ფორმა, მაგრამ ეს ყველაფერი მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ უნდა მოხდეს. მაქვს კრიტიკული პოზიცია - ერთია ის, რომ რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა. პასუხისმგებლობის მატარებელი კომისია რეკომენდაციას გასცემს ბოლოს, როდესაც ის მასალებს შეაჯამებს. გარდა ამისა, ჩვენ პარლამენტის რეგლამენტსა და კანონში გვიწერია, რომ კომისიას შეუძლია შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს - გამოძიების დაწყება სხვა რამეა და პირის მიმართ დევნის დაწყება სხვა რამ. პირის მიმართ დევნის დაწყების კომპეტენციის მატარებელი პოლიტიკური ორგანო საგამოძიებო კომისია არ არის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დისკუსიის საგანია კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციები. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - ერთ-ერთი პირის, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

 

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner