logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე: თუ მთავარ პროკურორად ირაკლი ნადარეიშვილი დაინიშნება, სააკაშვილის სექტიდან ბევრს მოუწევს ციხეში წასვლა!
- +

2 ივლისი. 2018. 16:32

 

 

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელსაც სააკაშვილის კვაზიფაშისტურმა რეჟიმმა ჯაშუშობა დააბრალა და სრულიად უდანაშაულო  გლდანის მერვე საპყრობილეში გამოამწყვდია, საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურას ემხრობა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პოლიტიკაში დაბრუნდა:

 

- ჩვენი, „ფოტოგრაფების საქმე“, ისევე როგორც სხვა ბევრი საქმე, ალბათ, დღესაც თაროზე იქნებოდა შემოდებული, რომ არა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც მთავარ პროკურატურაში ბატონი ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა. არც ჩემი ნათესავია, არც მეგობარია, მხოლოდ ერთადერთხელ შევხვდი და ისიც ჩემი საქმის განხილვის დროს, მაგრამ პოლიტპატიმრებს ვისაც კი ვეკითხები, აბსოლუტური უმრავლესობა მიდასტურებს და მეუბნება, რომ ირაკლი ნადარეიშვილის მეცადინეობით მათი საქმეები გადაიხედა! ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურას ღირსეულად უხელმძღვანელებს და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს ბოლომდე მიიყვანს!

 

- ხომ არ შიშობთ, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ისევ და ისევ ავადსახსენებელი ზურაბ ადეიშვილის რომელიმე ფავორიტს ვიხილავთ?

 

- სიმართლე გითხრათ, გამორიცხული არაფერია! არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ხელისუფლებას სხვადასხვა სტრუქტურებში კადრების მხრივ პრობლემები ექმნება. დღეს ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით პროკურატურა თავის თავს ებრძვის, როცა ძველ განაჩენებს აუქმებს! სამწუხაროდ და საუბედუროდ, სამართლიანობის აღდგენის პროცესს დღეს სასამართლო ამუხრუჭებს, რადგან პროცესები უსაშველოდ იწელება! მაგალითად, ჩემს საქმეზე 6 წელია, სასამართლო გრძელდება და მოსამართლემ კვლავ სექტემბრამდე გადადო პროცესი - რა გვეჩქარება, თუ ღმერთი გწამსო! მჯერა, ადრე იქნება თუ გვიან, ჩვენს საქმეში სააკაშვილსაც აუცილებლად დაჰკითხავენ და ბოლოს და ბოლოს სამართალი იზეიმებს.
რაც შეეხება ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კაცი პროკურატურაში წესრიგს დაამყარებს და სამართალს მარტო ჩვენ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაწირული ფოტოგრაფები კი არა, ყველა იპოვის!

 

 

 

- როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს დამნაშავეთა პარტია - გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“? თქვენ გჯერათ, რომ სააკაშვილის ნაცები და ბოკერიას ნაცები ერთმანეთთან რეალურად დაპირისპირებული არიან?

 

- მათ შორის შესაძლოა, რაღაც უთანხმოება არსებობს, მაგრამ დაპირისპირებას გამოვრიცხავ! ეს არ მოხდება და ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, თუ სააკაშვილს ხელისუფლებაში მობრუნების შანსი გაუჩნდა, ბოკერიას გუნდი მას აუცილებლად შეუერთდება! რაც შეეხება კომისიას, რომელიც ბოკერიას პარტიის ხელმძღვანელობით შეიქმნა, ეჭვი არ მეპარება, რომ ვერაფერს გამოიძიებს და სასიკეთოს ვერაფერს გააკეთებს, რადგან შეუძლებელია, დამნაშავეებმა ვინმეს სამართალი აპოვნინონ.
სატელეფონო საუბრების თანახმად, გიგა ბოკერია თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა „ფოტოგრაფების საქმის“ გაყალბებაში. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი და ხიზანიშვილი ყველანი მოქმედებდნენ ხმაშეწყობილად და ყველამ ერთად გააყალბა ჩვენი საქმე!

 

 

- მერედა, ბოკერია ამ საქმეში დაკითხული არის?

 

- გამოძიება გრძელდება და, ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს პასუხისგება... ღრმად მწამს, თუ მთავარ პროკურორად ირაკლი ნადარეიშვილი დაინიშნება, სააკაშვილის სექტიდან ბევრს მოუწევს ციხეში წასვლა.

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner