„საკრებულოში დადგენილი წესის მიხედვით მივალ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ", - ამის შესახებ გადაცემა 2030-ში დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებს, ვისაც საღი აზრი აქვს და საზოგადოებას არ ატყუებს, პატივს სცემს, მაგრამ ვინც საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მასობრივად ცრუობს და საკრებულოს დარბაზს პოლიტიკური შოუს მოსაწყობად იყენებს, მათ დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ აპირებს.
„ჩვენ დავამკვიდრეთ ისეთი პრაქტიკა, როცა დედაქალაქის მერი ყოველი წლის ბოლოს საკრებულოში ბიუჯეტს წარადგენს და ამავდროულად, საკრებულოს ანგარიშს აბარებს. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მე მევალება, წელიწადში ერთხელ საკრებულოში ანგარიში გავაკეთო, რასაც პირნათლად ვასრულებ. თავის დროზე, იქ ორჯერ ვიყავი, როცა ბიუჯეტი წარვადგინე და ანგარიშიც გავაკეთე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდებს შორის არ შეიძლება მივიდე. საკრებულოში ძალიან ხშირად დავდივარ და უმრავლესობასთან კომუნიკაციაც მაქვს. ასე რომ, უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში, დადგენილი წესის მიხედვით, მივალ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ. პოლიტიკურ ოპონენტებს, ვისაც საღი აზრი აქვს და საზოგადოებას არ ატყუებს, პატივს ვცემ, მაგრამ ვინც საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მასობრივად ცრუობს და საკრებულოს დარბაზს პოლიტიკური შოუს მოსაწყობად იყენებს, მათ დაძახილზე მისვლას არ ვაპირებ",-აღნიშნა დედაქალაქის მერმა.