ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სააკაშვილს სურს...
სააკაშვილი მოწადინებულია...
სააკაშვილი გამოსწორდა...
სააკაშვილი ითხოვს...
სააკაშვილს ეკუთვნის...
აი, ის შეტყობინებები, რაც სააკაშვილის „რუსთავი 2“-ზე ბოლო ჩართვიდან, კიდევ ერთხელ, მივიღეთ.
სააკაშვილი დარწმუნებულია - 10 ქართველიდან 9 მას უჭერს მხარს, ალბათ ის 1 ჯერ კიდევ ფიქრობს, თორემ როგორ შეიძლება, „ამ ხელების, რომელიც მხოლოდ აშენებდა“ მოჭრა, ხალხის სურვილი ყოფილიყო.
„შემომიშვან“, - ეს არის უმთავრესი შეტყობინება, წუხელ რომ „უდეპეშა“ მიშამ ნაცებთან კოჰაბიტირებულ ხელისუფლებას. „შემომიშვან და ვაჩვენებ, რა შემიძლია“, - ეს არის დაგეგმილი „პაკაზის“ მოწოდება და ერთგვარი მტკიცება იმისა, რომ ერთმანეთში ათქვეფილ-აზელილი ნაცქოცეთი „მარტივ მამრავლებად“ კი არ დაიშლება, უბრალოდ ყველა თავის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. „ამ ხელების აშენებულ“ საქართველოს „სხვა ხელები“ ანგრევენ და მიშა „ცარიელი ხელებით“, „სუფთა გულით“ „მოდის, მოღელავს“, თან „დამბაჩას და სველ თოვლს“ „უგზავნის“ მარგველაშვილს: დამიბრუნოს წართმეული მოქალაქეობაო.
ბევრს არ ვიტყვი, მოკლედ მოვჭრი:
30 მაისი, 2015 წელი: უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკრაინელი დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი, მუსტაფა ნაიემი წერს. იმავე ინფორმაციას აქვეყნებს სოციალური ქსელით კიდევ ერთი უკრაინელი დეპუტატი, სერგეი ლეშენკოც. „საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარასკევს წარმატებით მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი იქ“, - წერს ლეშენკო „ტვიტერის“ გვერდზე. სააკაშვილი პეტრო პოროშენკომ შესაძლოა, დღეს ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს“.
27 ივლისი, 2017 წელი: „იმ დროს, როდესაც ბატონმა სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მე ვთქვი, რომ ეს იყო ძალიან სამწუხარო. საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონოდა და უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე, რომელმაც მას ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
კანონით: კონსტიტუციით დამკვიდრებულია მოქალაქეობის ჩამორთმევის შეუძლებლობის პრინციპი. „არავის არ შეიძლება ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა“, - ნათქვამია მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლში. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა დაუშვებლად აღიარებს საქართველოს მოქალაქის გადაცემას უცხო სახელმწიფოსათვის, გარდა იმ გამონაკლისისა, როცა ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით და მოქალაქის გადაცემა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოში არ დაიშვება ორმოქალაქეობა (ბიპატრიდობა). „მოქალაქეობის შესახებ“ კანონის პირველსავე მუხლში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით: „საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა“.
და, როცა, მიშამ უკვე „ჩერდაკებსა“ და „კრიშებზე“ გადაინაცვლა უკრაინაში, როცა მისი „სუფთა ხელების“ „ძალა და მადლი“ არც უკრაინაში დააფასეს, „ცას გამოეკიდა“, ახლა თავადაც არ იცის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა...
დასასრული:
საქართველოს სახელმწიფოსა და მის მოქალაქეს შორის კავშირი შენარჩუნებულია მაშინაც, როცა პირი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ დროს კავშირის შენარჩუნება გულისხმობს, რომ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები მოვალენი არიან იზრუნონ შესაბამის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, ხოლო მათი ხელყოფის შემთხვევაში უზრუნველყონ დარღვეული უფლებების აღდგენა. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. მაშასადამე, საქართველოს სახელმწიფო იცავს და მფარველობს თავის მოქალაქეს, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა.
მოქალაქის მცნება: სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთკავშირის განხილვისას ჩანს, რომ მოქალაქეობა პიროვნების სამართლებრივი მდგომარეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია და მისი სტატუსის წინაპირობაა. მოქალაქეობის, როგორც საქართველოს კონსტიტუციური სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, მასში აღმოცენებული ურთიერთობების რეგულირება ხდება კონსტიტუციის მე-2 თავით და საქართველოს 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“. დღეს, კონსტიტუციური სამართლის მიხედვით, მოქალაქეობის ქვეშ იგულისხმება პირის მკვიდრი სამართლებრივ-პოლიტიკური კავშირი სახელმწიფოსთან, რომლის დროსაც მათ შორის მყარდება ურთიერთსანაცვლო უფლებები და მოვალეობები, თავის მოქალაქეზე ვრცელდება მოცემული სახელმწიფოს სუვერენული ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. სხვათა შორის, მოქალაქეობის ინსტიტუტის ამგვარ გაგებას მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემს 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის პრეამბულაშიც, განსხვავებით ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების კანონებისაგან (რუსეთის გამოკლებით), შემოტანილია მოქალაქეობის იურიდიული განმარტება. „მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას“. საქართველოს მოქალაქეობის ინსტიტუტსა და მის დემოკრატიულობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი საკანონმდებლო რეგულირების ძირითადი პრინცი პები. საქართველოში მოქალაქეობის ინსტიტუტის დახასიათებისას, პირველყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები აღიარებენ და განამტკიცებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს“.