logo_geo
eng_logo
ირაკლი ფიფია: კამერების ჩანაწერების ამოღება არ მოხდა, რადგან გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო
- +

3 ივლისი. 2018. 18:44

 

 

 

გამომძიებელ ირაკლი ფიფიას განცხადებით, კამერების ჩანაწერებს საფრთხე არ ემუქრებოდა, ამიტომ მათი გადაუდებელი ამოღების აუცილებლობა არ იყო.

 

„კამერების ჩანაწერების ამოღება არ მოხდა, რადგან გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო, ჩანაწერებს საფრთხე არ ემუქრებოდა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 

„უპირველეს ყოვლისა რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ უშუალოდ შემთხვევის ადგილს – ფარდულს ან მის მიმდებარე ეზოს ვგულისხმობ, ხორავას ქუჩის N4-ის ეზოში არც ერთი ვიდეოკამერა არ არის დამონტაჟებული. შესაბამისად, ცნობების მიღება ვერ ხერხდება ვიდეოდან გამომდინარე.

 

ამის შემდეგ, ხელმძღვანელობის მიერ იქმნება ჯგუფი – ოპერატიული ჯგუფი და ამ ჯგუფის წევრებს აქვთ ასეთი კონკრეტული დავალება, უნდა ნახონ, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არის თუ არა ვიდეოკამერები, ეს ვიდეოკამერები ახორციელებენ თუ არა ჩაწერას, დადებით შემთხვევაში რამდენი ხანი ინახება, რომელი სერვერიდან შეიძლება მისი ამოღება და ასევე, შეძლებისდაგვარად, დაადგინონ, ამ კამერების ჩანაწერებზე თუ რა ინფორმაცია არის ასახული.

 

ზუსტადაც ამ დავალების შესაბამისად გარკვეული იქნა, თუ რამდენი კამერა იყო შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა რადიუსით ხდებოდა ამ კამერების ჩანაწერების, არეალს ვგულისხმობ, რა არეალს უყურებს ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გაირკვა, იყო ის, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ინახებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩენ დავდექით ასეთი მოცემულობის წინაშე, როგორც აღვნიშნე, პირდაპირ იქ კამერა არ გვაქვს, სადაც უშუალოდ დაჭრის და მკვლელობის ფაქტი ხდება, გვაქვს მიმდებარე ტერიტორიები, რომლის ჩანაწერებიც ინახება რამდენიმე დღის განმავლობაში, ანუ არ გვაქვს იმის საფრთხე, რომ კამერა წაიშალოს სამ საათში, პირობითად ვამბობ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ხდება ვიდეოკამერების ჩანაწერების გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოღება. გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს, ვინაიდან კამერების ჩანაწერებს არ ემუქრება საფრთხე და მის გადამალვას ან განადგურებას, ვინაიდან ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამას ამოვიღებდით გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, იყო დიდი რისკი იმისა, რომ სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა ეს შუამდგომლობა გამოთხოვის კანონიერების შესახებ და შეიძლებოდა გამხდარიყო დაუშვებელი მტკიცებულება. აღნიშნულის გამო, ჩვენ არ წავედით ამ რისკზე, დავკარგავდით ამ ინფორმაციას", – განაცხადა ფიფიამ.

 

მისივე თქმით, მოხდა გამოკითხვა იმ ობიექტების მეპატრონეების, ასევე იმ პირების, ვისაც უშუალოდ შემხებლობა ჰქონდა ამ კამერების ჩანაწერებთან, რომლის საფუძველზეც დადგინდა გარემოებები.

 

„ასევე, აღნიშნულის შემდეგ, პროკურორის მიერ მოხდა შუამდგომლობით მიმართვა სასამართლოსთვის, ავიღეთ შესაბამისი განჩინებები და სწორედ ამ განჩინების საფუძველზე მოხდა ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვა, მაგრამ ეს ისე არ უნდა აღვიქვათ და ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ამდენი დღის განმავლობაში ვიყავით გულ-ხელდაკრეფილი და არ გვაინტერესებდა, რა ხდებოდა ამ კამერებზე. როგორც მოგახსენეთ, ხელმძღვანელობის მიერ მიეცა ოპერატიულ ჯგუფს კონკრეტული დავალებები და მოძიებულ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო აღბეჭდილი მოცემულ ვიდეოჩანაწერებზე", – განაცხადა ფიფიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner