გლობალიზაციის პროცესმა ოჯახის ინსტიტუტის მიზანმიმართული დაკნინება გამოიწვია. ჩვენს თვალწინ ადამიანების თანაცხოვრების ახალი წესები მკვიდრდება. რას უქადის ასეთი მიდგომები კაცობრიობას, რა დანიშნულება აქვს ოჯახის სიწმინდის დაცვას სახელმწიფოს და ერის წინაშე, როგორ განმარტავს ცოლ-ქმრულ სიყვარულს წმიდა წერილი, რა უნდა იღონოს ოჯახურმა წყვილმა, რათა თანამედროვე ცდუნებების ეპოქაში ერთმანეთის მიმართ გრძნობების გაციება და ღალატი თავიდან აირიდოს? ვესაუბრებით სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ისაკაძეს:
- მართლმადიდებელი იდილიური ოჯახის ინსტიტუტის არსი პავლე მოციქულმა ლაკონურად ასე გამოხატა: "ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა... ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესიაი... ამისთვის დაუტევოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც... თვისი ცოლი ეგრეთ შეიყვარეთ, ვითარცა თავი თვისი, ხოლო ცოლსა მას რაითა ეშინოდის ქმრისა... " (ეფესელთა მიმართ. თავი 5, აბზაცები - 22, 25, 28, 33) ნახეთ, როგორ განადიდებს ოჯახს მოციქული? ქორწინებას ამსგავსებს ქრისტეს და ეკლესიის ურთიერთკავშირს და ამგვარად, თვალუწვდენელ სიმაღლეზე აყავს. ცოლ-ქმრულ სიყვარულს ხორციელი ლტოლვა განამტკიცებს. კაცი და ქალი ერთმანეთს ავსებენ და ამის შედეგად ქვეყანას ახალი ადამიანი ევლინება, მაგრამ ქორწინების შედეგი მხოლოდ ხორციელი ლტოლვა არ უნდა იყოს. ქორწინებამ ადამიანებს უმაღლესი, ანუ, ღმერთის სიყვარული უნდა ასწავლოს!
- რანაირად უნდა გვასწავლოს ქორწინებამ ღმერთის სიყვარული?
- როცა ადამიანს ღმერთის სიყვარული გააჩნია, მას ადამიანის შეყვარება გაცნობიერებულად შეუძლია. ჯვრისწერის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთი არა მხოლოდ ხორციელად, სულიერადაც უყვარდეთ. სულიერი და ხორციელი სიყვარულის ერთობლიობით მიიღწევა მდგომარეობა, რაზეც პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ქალი საკუთარი, თავისუფალი ნებით დამორჩილდება მამაკაცს და აღიარებს მის უპირატესობას. მორჩილებაზე საუბრისას, ამაყი ქალები მაშინვე აღშფოთებას გამოხატავენ ხოლმე. მათ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში სრული თანასწორობა მხოლოდ ცოლის მხრიდან ქმრის მორჩილებით მიიღწევა და ამგვარად ვლინდება წყვილს შორის სრულყოფილი სიყვარული.
- რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი კაცს და არა პირიქით?
- ამას წმიდა წერილი გვასწავლის, რომელიც სულისწმინდის მადლით დაიწერა. აქ არის სრულყოფილი მექანიზმი - ოჯახის თავი მამაკაცია, რომელსაც ემორჩილება ცოლი, თუმცა კაცი უპირატესია ქალზე არა ძლიერი სქესის, არამედ ოჯახის მიმართ მისი პასუხისმგებლობის ხვედრითი წილის მეტობიდან გამომდინარე. კაცმა ოჯახში ავტორიტეტი ფიზიკური ძალით კი არა, ოჯახში მისი სამართლიანობით უნდა მოიპოვოს. ის, რაც ღმერთმა მამაკაცს დააკისრა, შეუძლებელია, სრულყოფილად ქალმა იტვირთოს და პირიქით - ქალს აქვს ის ფუნქცია, რომელიც მამაკაცს ვერ ექნება. ქალის ფუნქცია გახლავთ ბავშვების გაჩენა და მათი აღზრდა, რადგან არ შეიძლება, შვილი გააჩინო და შემდეგ მიატოვო. ქალი, დედაკაცი - სწორედ იმით ცხონდება, რომ შვილებს გააჩენს და კეთილგონიერ ადამიანებად აღზრდის. ამაზე წინ მდგომი საშუალება მხოლოდ მონაზვნობაა, მაგრამ ვისაც ასეთი ღვაწლის გაწევა არ შეუძლია, მათ მიმართ არის ოჯახის სექმნის კურთხევა, რადგან ოჯახი არის არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ სასუფეველში შეღწევის, ანუ იმქვეყნადაც ბედნიერების მოპოვების მთავარი მექანიზმი.
- ეკლესიური ქორწინება რისთვის არის აუცილებელი?
- თანამედროვე ცხოვრებაში ქორწინების საწინდარი ძირითადად ვნება, ანუ ქალსა და კაცს შორის ხორციელი ლტოლვა ხდება. ადამინებს ხშირად, თავიანთი ზნეობრივი მოვალეობები და ქორწინების ღრმა მნიშვნელობა გააზრებული არ აქვთ. მაცხოვარი გალილეის კანაში ქორწილს დაესწრო და აკურთხა, საიდანაც საფუძველი დაედო ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებას. დღესდღეობით, ბევრი თვლის, რომ სამოქალაქო ქორწინების გაფორმება სრულიად საკმარისია და უფრო მეტს მიაჩნია, რომ არც ამის გარეშეც შეიძლება ჰარმონიული თანაცხოვრება. მკვიდრდება ცნებები ”მეგობარი ქალი" და "მეგობარი კაცი." ცხოვრების ასეთი წესი რადიკალურად უპირისპირდება ოჯახის ცნების ტრადიციულ აღქმას, ოჯახურ სიწმინდეს, გამრავლებას. ძლიერი ოჯახი - ეს არის ძლიერი სახელმწიფოს შემადგენელი სტრუქტურული ერთეული და როცა ქალს და კაცს თანაცხოვრების დროს მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ, როცა ოჯახისთვის დამახასიათებელი ურთიერთდამოკიდებულებები არ ვლინდება, ასეთ ფონზე სახელმწიფოს სიძლიერეც კნინდება. ამს ემატება ათასგვარი გარყვნილება, რაც ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერის ფონზე ფეხს ვერ მოიკიდებდა, მათ შორის, სოდომ-გომორული ცოდვა, როცა ერთმანეთთან თანაცხოვრობს ქალების ან მამაკაცების წყვილები. ეს უკვე ქვეყნის, ერის გენოციდის საწინდარი ხდება. ასეთი ტენდეციები წინააღმდეგობაში არა მხოლოდ ღმერთთან, არამედ სახელმწიფოებრიობასთანაც მოდის. ამდენად, სწორი, მორალური თანაცხოვრების სამოქალაქო და ეკლესიური წესით გაფორმება - უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი წინაპირობაა.
- თუ მეუღლის მიმართ სიყვარული გაცივდა, გამართლებულია თუ არა ამ მიზეზით ოჯახის დანგრევა და ახალი მეწყვილეს ძიება?
- ჩვენს შორის ბევრი მრუშობს. ზოგი კაცი და ქალებიც - ოჯახს საკუთარი ვნების დაკმაყოფილების მიზნით ტოვებენ. ამ საცოდავ, მრუშ ადამიანებს ღვთის წინაშე აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობა. მამაკაცებს მკაცრად მოეკითხებათ იმის გამო, რომ ცოლებს გული საშინლად ატკინეს, ვიღაც მეძავის გამო მიატოვეს ოჯახი. უბიწო, კეთილმა ქალიშვილებმა, ვისთანაც ღმერთმა შეაუღლა, მამაკაცებს მისცეს ყველაფერი, რაც მათთვის ძვირფასი იყო - სხეულისა და გულის სიწმინდე, მისწრაფებები, სიყვარული... ისინი ელოდნენ, რომ ქმრები დაიცავდნენ, სიწმინდის გზაზე ატარებდნენ, სასუფეველში შეიყვანდნენ. ქმრებმა კი იმედები გაუცრუეს და მეძავის სახლში წავიდნენ! კიდევ უარესი, როცა ქალი ტოვებს ოჯახს, ვალდებულებებს გაემიჯნება და წავა სხვა მამაკაცთან. "პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯენის ღმერთმა" - ამბობს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში.
- მაგრამ, რა უნდა იღონოს წყვილმა, ლტოლვა და სულიერი თანხმობა რომ შეინარჩუნოს?
- პირველ რიგში, დაუშვებელია ადამიანის გაკერპება. წყვილმა თავიდანვე, ერთმანეთის მიმართ სიყვარულშიც კი, ზომიერება უნდა შეინარჩუნოს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხორციელი ლტოლვის პარალელურად - სულიერი სიყვარულის ხარისხს, მეუღლის მიმართ პატივისცემას და მადლიერების შეგრძნებას, ყოველივე იმის გამო, რასაც წყვილი ერთმანეთისთვის აკეთებს. როცა ასეთი დამოკიდებულება არსებობს, ხორციელი ლტოლვაც არ ცვდება. არცერთი გონიერი ადამიანი არ შეელევა ოჯახურ იდილიას და მას არ ანაცვალებს გარეშე ადამიანის მიმართ ეშმაკის ძალით გაჩენილ ხორციელ ლტოლვას, არამედ სინდისის ხმით დათრგუნავს ცდუნებას. მაგრამ, თუ ადამიანი გრძნობს, რომ ასეთი ცდუნება და დემონის მიერ მიწოდებული აზრები მაინც აწუხებს, მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ხსნის ნაცადი გზა არის ეკლესია. მომენტალურად უნდა მიაშუროს მოძღვარს და გაანდოს, რომ აქვს ასეთი ბრძოლა. შემდეგ, მოძღვრის დარიგებით, დაიწყოს იმ მაცდუნებელი აზრების ჩახშობა, რომელიც საყვარელი მეუღლის მიტოვების საფრთხეს უქმნის! სამწუხაროდ, მაცდუნებელი აზრები თანამედროვე ადამიანს ყოველი მხრიდან ატყდება - ლამაზი ფერებით გაფორმებული მიეწოდება ოჯახის დანგრევის თვალსაზრისი. მეუღლეს მოაჩვენებს მონსტრად... მრავალი ამბობს - ერთხელ დავიბადე და მაქვს ბედნიერების უფლება - სიბრალულის ღირსნი არიან, ვინც ამგვარად აზროვნებს. ჩვენ იმისთვის დავიბადეთ, რომ მარადიულობას შევუერთდეთ. მართალია, მიწიერ ცხოვრებაში ერთხელ დავიბადეთ, მაგრამ კვდება მხოლოდ სხეული. სული კი, მარადიულ სატანჯველში აღმოჩნდება, თუ ადამიანმა ცხოვრება მიწიერი ბედნიერების ძიებას მიუძღვნა ამისთვის ოჯახი დაანგრია და უფლის მიერ დაწესებულ კანონზომიერებას განუდგა. მითუფრო ამაზრზენია ოჯახის მიტოვება, თუ წყვილს ჰყავს შვილები. როცა ოჯახიდან მამა ან დედა მიდის - ბავშვები იტანჯებიან, თვალები უქრებათ, ტირიან, მერე კი, ბოროტდებიან, ქუჩას ეხიზნებიან, ცოდვების ჩადენას იწყებენ და თავს სამარადისოდ იღუპავენ. ოჯახის მიტოვებით, კაციც და ქალიც საკუთარი შვილების ბედს დებენ სასწორზე, პირად მოჩვენებით ბედნიერებას ანაცვალებენ შვილების მომავალს! სულიერი თანხმობის და ხორციელი ლტოლვის შენარჩუნებისთვის მეუღლეებმა ერთმანეთთან გულწრფელი ურთიერთობა და ცდუნებებთან გამკლავება უნდა ისწავლოს.
- ცდუნებად რა უნდა ჩავთვალოთ?
- უზნეობის სისტემურად წახალისების თანამედროვე ეპოქაში ცდუნება შესაძლოა, ადამიანს ნებისმიერი კუთხიდან დაატყდეს. გარყვნილი ცხოვრების წესის პროპაგანდა პირდაპირ იღვრება ტელეეკრანებიდან თუ პერსონალური კომპიუტერების მონიტორებიდან. საცდურის უდიდესი შემოქმედი და მხატვარი - თავად ეშმაკი გახლავთ, რომელიც ცდილობს, ადამიანი ნებისმიერ მომენტში გადაიბიროს თავისკენ. ასეთ დროს ადამიანს იხსნის საკუთარი სინდისის ხმა. როცა ეს ხმა ძლიერია, ადამიანი შეძლებს თვალი აარიდოს შემთხვევით შეჩეხებულ გარყვნილების ამსახველ კადრებს. გლობალიზმის თანამედროვე ხანაში ქალსა და მამაკაცს შორის როლები იცვლება. მამაკაცებს დღითიდღე უჭირთ სამსახურის შოვნა, ქალი ხშირად მამაკაცზე მეტს გამოიმუშავებს, ოჯახისთვის მატერიალური რესურსის მოპოვებაში მამაკაცის ტრადიციული როლი მცირდება, შესაბამისად, მის მიმართ პატივისცემაც კლებულობს. არადა, მამაკაცის ტრადიციული როლი - მატერიალური რესურსის შოვნაა, ქალისა კი - შვილების გაჩენა და აღზრდა!
- რა ასაკში უნდა შექმნას წყვილმა ოჯახი?
- სკოლის დამთავრების შემდეგ რაც შეიძლება მალე... რადგან ასეთ ასაკში ბიჭებისთვისაც და გოგონებისთვისაც დიდია სიძვა-მრუშობისკენ საცდური. ამავე დროს, სასურველია, წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი არ იყოს, რათა მათ შორის ურთიერთგაგება დამყარდეს. მშობლები ვალდებულნი არიან, ხელი ეუწყონ შვილებს დაოჯახებაში და მატერიალურადაც დაეხმარონ, ვიდრე დამოუკიდებლად შეძლებს მათი ოჯახი არსებობის გაგრძელებას. თანამედროვე დემონური პროპაგანდა წყვილებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას სთავაზობს, მაგრამ ცხოვრება აჩვენებს, რომ გაცილებით მყარია ისეთი ოჯახები, სადაც წყვილმა სარეცელი მხოლოდ ქორწინების შემდეგ გაიყო. ფიზიკური თავსებადობის პრობლემა არ არსებობს, თუ წყვილს ერთმანეთი უყვარს, ზნეობის, ღმერთის სიყვარულის და მოვალეობების მყარი განცდა გააჩნიათ. წყვილმა არასოდეს, არც ერთ ასაკში არ უნდა შეიკავოს თავი ბავშვის გაჩენისგან და გააჩინონ იმდენი, რამდენსაც ღმერთი მისცემთ. მკვლელობაა ყველა საშუალება, რაც ჩასახული ბავშვის გასანადგურებლად გამოიყენება. მრავალშვილიანი ოჯახები გაცილებით მყარია, მე 8 შვილი მყავს და რაც მეტი გვიჩნდებოდა, მით მეტად ვგრძნობდით ღვთის შემწეობას. ხელისუფლებამ, თუ სახელმწიფოზე გული შესტკივა, თავის მხრივ, აუცილებლად უნდა იზრუნოს მრავალშვილიაობის წასახალისებლად, მითუფრო, რომ საზარელი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს.
- რას უსურვებთ ოჯახურ წყვილებს?
- ღმერთის, სამშობლოს, შვილების და ერთმანეთის მიმართ უსაზღვრო სიყვარულს! ვინც ასეთი სიყვარულით ცხოვრობს, მიწიერ ცხოვრებაშივე ბედნიერია, ხოლო ფიზიკური სიკვდილის შემდეგ აუცილებლად მარადიულ ნეტარებაში - სასუფეველში შეაბიჯებენ!
ესაუბრა ზაზა დავითაია.