„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში გაერო-ს წარმომადგენლებმა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ადრე „ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებდა, 50-ზე მეტი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.
გაერო-ს წარმომადგენელმა იან კუბისმა უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ აღმოჩენილი სამარხები იმის დასტურია, თუ როგორ სასტიკ დანაშაულებს სჩადის „ისლამური სახელმწიფო". ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური სამარხი ქალაქ რამადიში აპრილში აღმოაჩინეს, სადაც დაახლოებით 40 ადამიანის ცხედარი იყო.
კუბისის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები იმისათვის, რომ ექსტრემისტმა მებრძოლებმა მომხდარზე პასუხი აგონ.
ერაყის არმიამ ქალაქ რამადის ნაწილი 2015 წლის დეკემბერში დაიბრუნა. 2016 წლის თებერვალში კი მასზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა სრულიად აღადგინეს.