საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში არალეგალურად მოქმედი აზარტული სათამაშო კლუბი, კაზინო გამოავლინა.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს სამ მოქალაქეს, დავით ჩ-ს, გიორგი ლ-ს, და საბა ქ-ს ქალაქ თბილისში, თაბუკაშვილის ექვს ნომერში, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით, შესაბამისი ნებართვისა და ყოველგვარი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, არალეგალურად ჰქონდათ მოწყობილი აზარტული კლუბი, სადაც მათივე ორგანიზებით სისტემატურად იმართებოდა, სხვადასხვა აზარტული თამაშები. თამაშების ორგანიზების სანაცვლოდ მხილებული პირები გასამრჯელოს სახით იღებდნენ აზარტულ კლუბში შესული თანხის 20%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას საპრიზო ფონდის სახით აზარტულ თამაშებში გამარჯვებულ მოქალაქეებზე ანაწილებდნენ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.