საქართველოში გზების ნაწილი ფასიანი გახდება. საკითხს საავტომობილო დეპარტამენტი უკვე განიხილავს. უწყების ინფორმაციით, კონკრეტულ ფასსა და თარიღზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა ეს პროცესი ავტობანის დასრულებას შესაძლოა, არ დაელოდოს და ცალკეულ მონაკვეთებზე ეტაპობრივად დაწესდეს გადასახადი.
ვისთვის იქნება გზა ფასიანი, მხოლოდ ტრანზიტული სატვირთო ავტომობილებისთვის თუ ადგილობრივი ტრანსპორტისთვისაც, მსგავს დეტალებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ საუბრობს, როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში ირაკლი ქარსელაძე ამბობს, ამ და მსგავსი ტიპის დეტალებზე ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისივე თქმით, გზებზე გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით, შიდაუწყებრივი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. დეპარტამენტში მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის ორი კვლევა არსებობს, სადაც განსხვავებული მოსაზრებებია ჩამოყალიბებული, არაერთგვაროვანია ევროპის გამოცდილებაც ამ მიმართულებით, სამუშაო პროცესში დონორებთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ყველა ამ დეტალის განხილვა მოხდება.
„გზების მოვლა-შენახვის გადასახადის პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ ევროპაშიც კი, გზების გაფასიანებასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი გამოცდილება არსებობს. გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა დეტალის გათვალისწინება უნდა მოხდეს: თანმდევი ფაქტორების, საქართველოს რეალობის, უცხოური გამოცდილების, საინტერესო და გასათვალისწინებელია IBRD-ის კვლევაც, ისეთ დეტალებზე, როგორიცაა ფასი, რა ტიპის ავტომობილებზე დაწესდება გადასახადი და რომელი მონაკვეთები გახდება ფასიანი, გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განმარტავს ირაკლი ქარსელაძე.
გზებზე დაწესებული გადასახადი უკვე არსებული ავტობანის მოვლა-შენახვას და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
ახალი აეროპორტის, ახალი პორტის მშენებლობის და მუდმივად მზარდი ტურისტული ნაკადის ფონზე, გზებზე მოსაკრებლის დაწესებას ეთანხმება „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სატრანსპორტო სფეროს ექსპერტი გელა კვაშილავა ქვეყნის სატრანზიტო ჰაბად ქცევის შემთხვევაში, საგზაო გადასახადის აუცილებლობაზე საუბრობს.
„გზის გარკვეული მონაკვეთები, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად იყენებენ საერთაშორისო ტრანზიტული მანქანები და დიდი ზომის გადამზიდავი ტრაილერები, იცვითება, ზიანდება და მის მოვლა-შეკეთებაში მილიონობით თანხა იხარჯება. გაფასიანების შემთხვევაში, მოსაკრებლიდან შემოსული თანხები საგზაო ფონდში აკუმულირდება, რომელიც შემდეგ ამ მიმართულებით დაიხარჯება, მოხმარდება გზების რეაბილიტაციას, უსაფრთხოებას, განვითარებას და ამაში სახელმწიფოს დამატებითი რესურსის დახარჯვა ან დონორებისგან სესხის მოზიდვა აღარ დასჭირდება,“ – ამბობს გელა კვაშილავა „ფორტუნასთან“.
საერთაშორისო პრაქტიკა
გზებზე მოსაკრებლის დაწესება ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა, ქვეყნების ნაწილში, მაგ. იტალიაში ავტობანზე გადასახადი არა მარტო სატვირთო, შიდა მსუბუქ ავტომობილებზეც არის დაწესებული.
ევროპის ქვეყნების პრაქტიკა სხვადასხვაგვარია, თუმცა მსგავსი მოსაკრებელი ძირითადად კომერციულ სატვირთო გადამზიდავებზე ან სამგზავრო გადამყვანებზე წესდება. არსებობს პრაქტიკა, როცა გზის გარკვეული მონაკვეთი, შესაბამისი მოთხოვნებით ოპერირებისთვის კერძო კომპანიასაც გადაეცემა.
რამდენად პოპულარული ნაბიჯი იქნება გზაზე მოსაკრებლის დაწესება – საგზაო სფეროს სპეციალისტს ამაზე ცალსახა პასუხი აქვს – „იმ შემთხვევაში, თუ ამოღებული თანხა ისევ გზის მოვლას, უსაფრთხოებას და განვითარებას მოხმარდება, გზა იქნება კომფორტული, გადახდილი თანხა პროტესტს აღარ გამოიწვევს“.
ფასიანი გზების პარალელურად ქვეყანაში, ალტერნატიული უფასო გზებიც იქნება, მომხმარებელი კომფორტიდან და საკუთარი მოთხოვნიდან გამომდინარე გააკეთებს არჩევანს.