ბატონი მიხა, ადრე, რატომღაც ჩვენი პრეზიდენტი რომ იყო და მერე უკრაინაში გაიქცა გუბერნატორად, ახლა ნიდერლანდებშია წამოპლაკული სიდედრთან. წამოპლაკული რა, მაინც ვერ ისვენებს, ხან შფოთვები ემართება, ხან კიდე ჭინთვები. პრინციპში, მაგისი მდგომარეობა გასაგებია - მეცხრე ცაზე რომ დაფრინავ, ყველა ფეხებქვეშ რომ გეგება, ყველა სურვილი თითების ერთი გატკაცუნებით რომ გისრულდება და ერთ დღესაც აღარაფერი ხარ, როგორია?!
მოკლედ, ზის ბატონი მიხა სააკაშვილი ნიდერლანდებში და ყოველი თვის ბოლოს გვემუქრება, მალე მოგელანდებითო, მე ქართველ ხალხს ძალიან ვუყვარვარო, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოქალაქეობა რომ წამართვა, დამიბრუნოს და მერე განახებთ, ვინ ვარ და რა შემიძლიაო! მარგველაშვილი მხრებს იჩეჩავს, მე რა შუაში ვარ, როდის წავართვი, უკრაინაში რომ გაიქცა, მაშინ არ დაკარგა ავტომატურადო? მაგან ვინც შეაშინა, ისევ ის შეაშინოს, ნუ მებრიქება უტ...კო ყარაჩოხელივითო!
იცით, რატოა ბატონი მიხა დიდ გულზე? აქედან, აი, თბილისიდან პერიოდულად მისი გაქუცული „პადელნიკები“ ჩადიან ნიდერლანდებში და აცუცურაკებენ - შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელიო, ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელიო, ქართველ ხალხს ისე უყვარხარ, ვერ აღგიწერთო... იმასაც სჯერა, უცებ გადმოურეკავს ხოლმე ნიკოლოზ გვარამიას, ერთი შენ გახარებას, ჩამრთე პირდაპირ ეთერშიო, ისიც ჩართავს ხოლმე კვირაობით და მიდის „იუმორინა“ უფასოდ.
აი, ამ კვირას რომ გააფრინა, ნახეთ, ხომ? სულ ნუგზარა წიკლაურის ჩატანილი ამბები მოგვაყარა, გეგონება, უკეთესად არ ვიცოდეთ, მაგ ყავლგასულის მდგომარეობა!
ჰო, კიდე ის ამბავი ჩაუტანა ნუგზარამ ბატონ მიხას, საქართველოში ყველა მდაბიო შენზე ლოცულობსო. ამანაც დააბრეხვა, ჩემი ქვეყნის სამდაბიოეთი ჩემ მხარეზეაო, ერთი ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმე გაყიდული არ მიყურებს კარგადო. სიტყვა „მდაბიოს“ განმარტება არ იცის, მიხა ბატონმა... იოანე მახარებლის განმარტებით, ეს არის „უწიგნო და მდაბიოდ წოდებითა მისითა“, ხოლო უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად, მდაბიო არის „დაბალი, გლეხკაცობა, უგვარო“. ესე იგი, მიხას მტკიცებით, მას მხარს უჭერს უგვარო, უჯიშო, უწიგნური ბრბო. არა, თვითონ რომ არ იცის, მდაბიო რას ნიშნავს, გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სიმართლე გამოუვიდა - სულ ეგეთები უჭერენ მხარსაც და სხვა რამესაც!
გაიჭინთეთ, ბიჭებო, ჩიტი გამოფრინდება!
გელა ზედელაშვილი