logo_geo
eng_logo
„მე თავს ავიფეთქებ“ – მაჩალიკაშვილის ადვოკატი აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მასალებს გაეცნო
- +

5 ივლისი. 2018. 19:44

 

 

 

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ადასტურებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონიდან ამოღებული მიმოწერა მეგობარ გოგონასთან ნამდვილად შედგა, თუმცა უფლებადამცველი მეტროსადგურში თავის აფეთქების შესახებ ინფორმაციას, ხუმრობას უწოდებს.

 

ადვოკატის მტკიცებით, მედიასაშუალებაში გავრცელებული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და შესაძლოა, სხვა შინაარსს იძლეოდეს.

 

შესაბამისი კომენტარი კუბლაშვილმა პროკურატურასთან, ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც მას მაჩალიკაშვილის საქმის მასალები გააცნეს.

 

„თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზა ეხება საინფორმაციო – ტექნოლოგიურ კუთხეს, ანუ შინაარსია გაშიფრული, შემავალი-გამავალი ესემესები, ის რაც მე დღეს წავიკითხე და გავეცანი მთლიანად, ერთადერთი რაც შემიძლია დავადასტურო არის ის, რომ ჩემთვის ცნობილია იმ პიროვნების ვინაობა თუ ვისთან იყო ეს მიმოწერა, ეს არის გოგონა, როგორც ჩანს მას და თემირლანს ჰქონდათ გარკვეული პირადი ურთიერთობა. მათ აქვთ ძალიან დიდი ხნის მიმოწერა, ძალიან ვრცელია, თითქმის 400 -500 გვერდია ეს პირადი მიმოწერა”, - აცხადებს ადვოკატი.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მაჩალიკაშვილის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შეეხება, სადაც მეტროში თავის აფეთქებაზეა საუბარი ადვოკატი ასე პასუხობს:

 

„აქ არის აბსოლუტურად სხვა კონტექსტში გადმოცემული. მე ამაზე უფრო მოგვიანებით ვისაუბრებ, თუმცაღა ერთ-ერთი ფაილია გადაგზავნილი, რომელიც ვიდეო-კადრს წარმოადგენს, მაგრამ ეს ვიდეოკადრი მე ვერ ვნახე და შემდგომ ხუმრობის კონტექსტშია თემირლანის პასუხები, მაგრამ იმისი დადასტურება, რომ ეს ნამდვილად არის მისი პირადი საუბარი და იგი შეტყობინებას უგზავნის გოგოს, შემიძლია”, – აცხადებს კუბლაშვილი.

 

ამასთან როგორც უფლებადამცველი ამბობს, ფაილები საკმაოდ ვრცელია და კონკრეტული მიმოწერის ფრაგმენტი, შესაძლოა ბიჭის მხრიდან გოგონასადმი თავის მოწონებას „აი მე ამას ჩავიდენ“, უკავშირდებოდეს.

 

„500-600 გვერდიან მიმოწერებში ფრაზები ფრაგმენტულად არის ამოღებული და დამატებული, მაგრამ თემირლანის მიერ ხუმრობით გაგზავნილ შეტყობინებებს გაშიფვრა სჭირდება თუ რამდენად სწორი თარგმანია, თუმცა ჩემთვის ეს კონტექსტი გასაგებია – ეს არის ხუმრობა გოგონასადმი მიწერილი, რომ – „აი მე ამას ჩავიდენ“, მაგრამ ეს შემდგომ უკვე სხვანაირად არის განმარტებული, ის რაც მედიამ გააშუქა ეს არის მხოლოდ ამოჭრილი ფრაგმენტი, მისი დასასრული აღარ არის. ამ მიმოწერას აქვს გაგრძელება, რომელიც კონკრეტულ ვიდეოფაილს უკავშირდება, ეს ვიდეოფაილი მე არ მინახავს, გარკვეული ვიდეოჩანაწერია, მაგრამ ინტერნეტიდან გადმოტანილი, რომლებზეც საუბრობენ”, – აცხადებს ადვოკატი.

 

ამასთან, მისივე თქმით, მესიჯი, სადაც თავის აფეთქებაზეა საუბარი 24 დეკემბრით თარიღდება, თუმცა კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ მიმოწერა ლინგვისტმა უნდა განმარტოს.

 

„ეს არის 24 დეკემბერი, მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – მთელი ამ ხნის მანძილზე ვკითხულობ ამ შემავალ-გამავალ წერილებს და აზრი ვერ გამოვიტანე, ვფიქრობ, რომ მართლა არასწორი თარგმანია, სიტყვა სიტყვით გადათარგმნილია, იქ არის დიალექტური გამონათქვამები სწორედ ამ დიალექტურ გამონათქვამებში, რომლებშიც არის პოპულარული გამონათქვამები სხვანაირ კონტექსტშია გადმოცემული და აბსოლუტურად სხვა აზრს იძლევა. ეს უნდა განმარტოს ლინგვისტმა, შესაბამისმა მცოდნემ. მე ვერ გავიგე რაზე საუბრობენ, ვნახე, რომ სიყვარულზე ვიდეოა გადაგზავნილი, იყო რაღაც გარკვეული ხუმრობები, ვთქვათ ცოლად შეირთავდა თუ არა…. ჩემი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ დაიკითხოს ის ადამიანი, რომელიც ამ შეტყობინებებში ფიგურირებს, მისი სახელიც ცნობილია, მისი ნომერიც, ეს არის საქართველოში მცხოვრები ადამიანი“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

 

ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს დღეს, მთავარ პროკურატურაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის მასალები გააცნეს. თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონზე ჩატარებულია ექსპერტიზა, გაშიფრულია შემავალი და გამავალი ზარები, ჯამში 15 000 ფაილი.

 

აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა დღეს პროკურატურის დატოვების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ, “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაზიარებულ “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდის შემცველი ვიდეომასალის ავთენტურობა დაადასტურა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, ეს თემირლანის მხრიდან, პანკისის ხეობიდან სირიაში წასული და გარდაცვლილი ადამიანების მიმართ სამძიმრის გამოხატულება იყო.

 

„ისინი რომ ცოცხლები და პანკისის ხეობისთვის უცნობი პირები ყოფილიყვნენ, მაგ შემთხვევაში კიდე სხვა კითხვები გაჩნდებოდა. მაგრამ თემირლანს ძირითადად იმ მოტივით აქვს გაზიარებული აღნიშნული ვიდეო, რომ იქ პანკისიდან წასული და შემდგომ გარდაცვლილი პირები ფიგურირებენ. დედამისმაც მითხრა, რომ ამ გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებს და ვიდეოებს მთელი ახალგაზრდობა იზიარებდა. ეს კი იმით აიხსნება, რომ ახალგაზრდები წუხან სირიაში უმოწყალოდ ბავშვების და ქალების მოკვლის ფაქტებზე და ფიქრობენ, რომ აქედან ადამიანები მათ დასახმარებლად მიდიან. ის, რომ თემირლანს გააზრებული ჰქონდა რომელი ორგანიზაციის წევრები იყვნენ ისინი, მე ამაზე არანაირი მტკიცებულება არ მაქვს”, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner