logo_geo
eng_logo
„ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც უფლება აქვს, თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სწავლება გამართოს“
- +

7 მაისი. 2016. 14:06



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 6 მაისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016" შესახებ გავრცელდა.


კომენტარში რუსული მხარე აღნიშნულ წვრთნებს „NATO-ს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად" და „პროვოკაციულ ნაბიჯად" აფასებს, „რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ". კომენტარში ასევე ნახსენებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ 4 მაისს გაკეთებული განცხადება საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიისა და პარტნიორების დახმარების მნიშვნელობის შესახებ.



როგორც ქართული და ამერიკული მხარის მიერ წინასწარვე იქნა გაცხადებული, ვაზიანში დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები საკუთარი აღჭურვილობითა და საბრძოლო და უზრუნველყოფის ტექნიკით. სწავლება მიზნად ისახავს ქართული ასეულის NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებას, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლებას.


აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს, ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსიროთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება, თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება. ამასთან, საქართველოს სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები.

 

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არცერთი მხარის წინააღმდეგ. ანალოგიური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა. მსგავსი სწავლებებით საქართველო აღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროებში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამავდროულად, NATO-სთან თავსებადობა საქართველოს დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკაა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

 

კავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებშია, და ჩვენი არაერთხელ გაცხადებული პოზიციაა და მიზანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადებაში.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner