logo_geo
eng_logo
… და გაუდგნენ გზასა
- +

6 ივლისი. 2018. 02:53

 

 

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ბანალური და გაცვეთილი სიტყვები ზუსტად გამოხატავს მომხდარის არსს  – ეპოქა დასრულდა. სიმბოლურია, რომ მესი და კრიშტიანუ ერთ დღეს დაემშვიდობნენ მსოფლიო ჩემპიონატს და ალბათ, სანუკვარი ოქროს თასის აღმართვის შანსიც საბოლოოდ გაუშვეს ხელიდან.

 

მომავალ, ყატარულ მონდიალზე მესი 35 წლის იქნება, რონალდუ 37-ის…

 

გუშინ ისინი ღრმად მოხუცებულ წყვილს ჰგავდნენ, რომლებსაც უერთმანეთოდ ცხოვრება აღარ შეუძლიათ და თუ ერთი გარდაიცვალა, მეორეც მალევე მიჰყვება ხოლმე იმ ქვეყნად. ესენი ღმერთმა კიდევ დიდ ხანს აცოცხლოს, თუმცა ჯერ იყო და ყაზანში კილიან მბაპეს ყმაწვილურმა ქარიშხალმა წალეკა ლეოს დიდებულება, რამდენიმე საათის შემდეგ კი სოჭში კრიშტიანუ ცდილობდა პორტუგალიელთა სამშვიდობოს გაყვანას, მაგრამ ამაოდ. არაფერი გამოსდიოდა და ყვირილზე გადავიდა. უყვიროდა ყველას: თავისიანებს, მოწინააღმდეგეს, მსაჯებს…

 

ისინი მომავალ უქმეებზე აპირებდნენ ნიჟნინოვგოროდულ მეოთხედფინლაში შეხვედრას და ხელის უკვე მერამდენედ ჩამორთმევას, მაგრამ იქ ურუგვაი შეერკინება საფრანგეთს.

 

მეორე მხრივ, იქნებ ლოგიკურიც იყო მათი სინქრონული ფიასკო. ათ წელიწადზე მეტია მსოფლიოში ბადალი არ ჰყავდათ, ჯამში 10 (5-5) „ოქროს ბურთი“ მოიგეს და მთელი ეპოქა შექმნეს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფეხბურთის ისტორიაში და რომელიც კიდევ ბევრჯერ მოგვენატრება.

 

ზოგს მორიდებული მესი უყვარს, ზოგს ბაქია კრიშტიანუ, ვიღაც ერთს ვერ იტანს და ვიღაც მეორეს, მაგრამ ერთში ყველა თანხმდება – ისინი განსაკუთრებული მოვლენა არიან, ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა.

 

საფრანგეთმა გუნდურად აჯობა გათითოკაცებულ არგენტინას. მესიმ ეპიზოდებში თავისი გენიალურობა შეგვახსენა, მაგრამ მაინც უკვე წარსულიდან. ახალ, მბაპეს ეპოქაში, ძველი ზღაპრიდან გადმოსულ საყვარელ გმირს უფრო ჰგავდა. ამიტომ იმზირებოდა ნაღვლიანად, რასაც ბოლო დროს მიგვაჩვია კიდეც.

 

ახლა, ატრგენტინა ალბათ, დაემშვიდობება უცნაურ მწვრთნელ სამპაოლის და ახლებურად აამუშავებს მდიდარ რესურსს დიბალასა და იკარდის თამადობით.

 

სოჭში კრიშტიანუს მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოცდილი მცველთა ტანდემი გოდინ-ხიმენესი დაუპირისპირდა, რომლებსაც მის წინააღმდეგ არა-ერთხელ უთამაშიათ საკლუბო დონეზე და შესანიშნავად იცნობენ. მათ ტაქტიკურად ჩინებულად განსწავლული პარტნიორებიც წაეხმარნენ და საქმეც მოთავდა.

 

საკლუბო დონეზე ისინი კიდევ ითამაშებენ. შესაძლოა, რომელიმე მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილოთ, მაგრამ „ის მესი-რონალდუ“ უკვე აღარ იქნებიან…

 

ცხოვრებას მკაცრი დიალექტიკა აქვს. წლებს თავისი მიაქვს…

 

ახლა მბაპეს, აზარის, მოდრიჩის, ლუკაკუს, კოუტინიოსა და ისკოს ეპოქაა…

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner