logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ქალბატონი ადვოკატი აშკარად გვეღადავება...
- +

6 ივლისი. 2018. 18:22

 

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს პროკურატურაში მაჩალიკაშვილის საქმის მასალები გააცნეს. პროკურატურიდან გამოსული ქალბატონი ადვოკატი აშკარად გვეღადავება. მისი თქმით, აღნიშნული მიმოწერა, თავის აფეთქების თაობაზე, ნამდვილად ეკუთვნის თემირლან მაჩალიკაშვილს, ის სწერდა გოგოს, რომლის მიმართაც, სავარაუდოდ, გააჩნდა სიმპათია, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ხუმრობა:

 

„მთელი ამ ხნის მანძილზე ვკითხულობ, ვკითხულობ ამ შემავალ-გამავალ წერილებს და აზრი ვერ გამოვიტანე. ფაქტიურად ვფიქრობ, რომ მართლა არასწორი თარგმანია, არის სიტყვა-სიტყვით გადათარგმნილი და იქ არის დიალექტური გამონათქვამები, სწორედ ამ დიალექტურ გამონათქვამებში, რომლებიც არის პოპულარული ხუმრობები, არის სხვანაირ კონტექსტში გადმოცემული, სხვა აზრს იძლევა. ჩემი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ დაიკითხოს ის ადამიანი, რომელიც ფიგურირებს ამ შეტყობინებებში, მისი სახელიც ცნობილია, მისი ნომერიც ცნობილია“.

 

როგორც ხედავთ, მარიამ კუბლაშვილი სიტუაციას „ალამაზებს“, მაგრამ მაინც წინააღმდეგობაში ვარდება - წავიკითხე, მოვუსმინე, ვადასტურებ, რომ მიმოწერა თემირლან მაჩალიკაშვილისაა, მაგრამ თავის აფეთქება მეტროში და საერთოდაც, ტერაქტების მოწყობა მის მშობლიურ ენაზე ხუმრობაა და მეტი არაფერი, როდესაც თარგმნეს, ამ ყველაფერს სერიოზული სახე მისცესო. გასაგებია, ადვოკატის მოვალეობაა, ყველანაირად დაიცვას თავისი კლიენტის ინტერესები, მაგრამ ამ კუთხით ქალბატონ მარიამს ნამდვილად სჭირდება მომზადება.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - მაჩალიკაშვილების ადვოკატი ამბობს, თბილისიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს მიღებული თხოვნა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა სთხოვა შესაბამის უწყებას და ასე გამოიკვლიეს ფაქტები, მაგრამ მაინც „მაგრამო“... არა, კი ვენდობი დეპარტამენტს, მაგრამ შემდგომ სად გადაიგზავნა მასალები, ეს უკვე აღარ ვიცი, ამის გაცნობა ვერ მოვასწარიო. ჰმ... ვერ მოასწრო... არადა, იქ ამისთვის იყო მისული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან კარგადაც მოასწრო, მაგრამ მაინც ტოვებს ინტრიგას, ჩვენ მაინც უნდა ვიფიქროთ, ეგებ დილეტანტებმა გამოიკვლიეს და საქმე გვაქვს მხოლოდ სიყვარულის ახსნასთან? ფაქტობრივად, ადვოკატს აქეთ მიჰყავს საქმე, პროკურატურიდან გამოსული ქადაგებს, თავის აფეთქებასა და ტერაქტზე საუბარი ხუმრობა იყო, როგორც ჩანს, შეყვარებულს თავს აწონებდაო. მეტიც, თემირლანი და ის გოგო საუბრობდნენ სიყვარულზე, მაგრამ ეს გადმოითარგმნა სხვანაირად და მივიღეთ თავის აფეთქების მცდელობა:

 

„მე რა საკითხსაც ვაყენებ დღეს, ეს არის თარგმანი, ეს არის პოპულარული ხუმრობების სიტყვა-სიტყვით თარგმნა, რომელიც ქართულად აბსოლუტურად სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. შესაძლებელია, ჩემი და თქვენი მიმოწერაც რომ ამოვიღოთ, თქვენ რომ არ გაგიფიქრიათ, ისე მივაწოდოთ საკითხი საზოგადოებას. უნდა მოხდეს ამ საკითხის დეტალური შესწავლა“.

 

ადვოკატი აქაც ვარდება წინააღმდეგობაში - უკვე მოხდა საკითხის შესწავლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, კიდევ სად უნდა შეისწავლონ, კიდევ რომელი ქვეყნის ექსპერტებმა უნდა მოჰკიდონ ხელი?

 

მარიამ კუბლაშვილის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მოთხოვნა მაინც რჩება იგივე - თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა სცნონ უდანაშაულოდ. გამოდის, მას ტერაქტი რომც მოეწყო, ეს მოთხოვნა მაინც დადგებოდა დღის წესრიგში. როგორც ჩანს, პრინციპის ამბავია!

 

სხვათა შორის, ქალბატონი ადვოკატი ცოტა დაბნეული მომეჩვენა, როდესაც ცდილობს, ფაქტებს ხუმრობის სტატუსი მიანიჭოს, თითქოს ეღიმება... თითქოს გრძნობს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ მაინც უნდა სცადოს.

 

მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ უახლოეს ხანში ისევ მივა პროკურატურაში დანარჩენი მასალების გასაცნობად. იმედია, უფრო უკეთესად მოემზადება და შემდეგ პროკურატურიდან უფრო შინაარსიანი და ჩამოყალიბებული გამოვა.

 

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner