მხოლოდ ფაქტებს ვეყრდნობი და, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მიწოდებული საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, პროკურატურიდან გამოსული მარიამ კუბლაშვილის განცხადებებს, ასევე „კვირას“ მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ჩაწერილ სატელეფონო ინტერვიუს მოვიშველიებ.
ეს მხოლოდ თემირლანის მამის და მისი ადვოკატის გუშინდელი ჩანაწერების ფაქტები და ჩემეული ანალიზია:
მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სირიაში წასულ „მებრძოლებს“ უსამძიმრებდა და რომ ის „სირიაში უმოწყალოდ დაღუპული ბავშვების და ქალების გარდაცვალების“ გამო წუხდა;
უკვე დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ვაჟის სოციალურ ქსელში „აქტიურობას“ „კვირასთან“ ინტერვიუში ასე აფასებს: „ამოდით ხეობაში, „აისისის“ მებრძოლების ფოტოები 1000-დან 998-ს აქვს, მარტო ხეობაში კი არა, მთელ საქართველოში - აჭარა აიღეთ... ქვემო ქართლი აიღეთ... ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს... მიმდინარეობს ომები, ბავშვებს ხოცავენ...“
შეხსენებისთვის:
შორს აღარ წავალ, გასული კვირის „მთავარ ამბავსაც“ გავიხსენებ: მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი თავდაპირველად თემირლანის ჩატაევთან ნაცნობობასაც უარყოფდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, "იმედის კვირის“ სიუჟეტიდან გაირკვა, რომ თემირლანის მამა და ჩატაევის მეორე ცოლი, იანა მარგოშვილი ალალი ბიძაშვილის შვილები არიან. კიდევ ბევრი რამ გამოაშკარავდა ამ ბოლო დროს... მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ აქციაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღიარა, რომ სუს-ის შენობის წინ თავის აფეთქებას გეგმავდა, მაგრამ, გადაიფიქრა...
შვილმკვდარი მამაა, ვერაფერს იტყვი...გამწარებულია, თუმცა ზაზა სარალიძესაც მოუკლეს შვილი, მაგრამ მისი ვაჟი ტერორისტების მეგობარი და მხარდამჭერი არ ყოფილა... არც თავის აფეთქებით დამუქრებია ვინმეს. გაამწარეს, გაანადგურეს, საწყალი კაცი....კიდევ ბევრია გამოსააშკარავებელი და ძალიან მინდა, საქმეზე გამოძიებამ სამართლიანი შედეგი დადოს!... ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მასთან გაიგივებაც არ შეიძლება! დანაშაულია!
არ ვიცი, რა ვიფიქრო იმ ადამიანებზე, ვინც ცდილობს ამ ყველაფრის პოლიტიზებას… არ ვიცი, რას უნდა გრძნობდეს ცოტა ხნის წინ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორისტების მიერ მოკლული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახი, როდესაც ტელევიზორიდან ისმენს, რომ სირიაში „მებრძოლებს“ თავისი „სიმართლე” აქვთ და მათი გულშემატკივრობა არ არის დანაშაული, ეს დასაშვებია თემირლანის მამისთვის, მეგობრებისთვის და იმათთვის, ვისაც დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონს.
არ ვიცი, დღეს ვის რა ღირებულებები აქვს, ასე როგორ უნდა მოიწამლო, რომ ყველანაირი ეროვნული ღირებულებები გვერდზე გადადო და მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლების კრიტიკის მორიგი მიზეზი მოგეცეს, ამართლო დანაშაული... ამდენი ტყუილი... ტერორიზმის წამხალისებელ-გულშემატკივრები...
ნეტა, რას ეტყვიან შვილებს, არ შეეშინდებათ მათი ქუჩაში გაშვება, ან თვალებში ჩახედვა?...
არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ტერორიზმის გამართლება, ან მისი წახალისება და რაც არ უნდა გამწარებული მამა იყოს, მაჩალიკაშვილმა არ უნდა მოატყუოს საკუთარი ხალხი. მან უკვე ბევრი ტყუილი თქვა და ამას ყოველდღე ვხედავთ...
რა ვიფიქრო იმაზე, რომ თემირლანის მამისთვის უცხო და უცნაური არაფერია იმაში, თუკი რომელიმე „მეომარი“ რაღაც „სამართლიანი იდეისთვის“ სირიაში იბრძოლებს, ან „ამ იდეისთვის“ მოკვდება. მან აღზარდა ასეთი შვილი და, ჩემგან განსხვავებით, ივანე გოლოშვილის დაკრძალვაზე არასოდეს წაიყვანდა მას....
ოდესმე ყველა პასუხს ვაგებთ ჩვენს ქცევებზე!
მე კითხვები არ მაქვს!
ქეთი ხოსიტაშვილი