logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: თემირლანის საქმე - მე კითხვები არ მაქვს!
- +

6 ივლისი. 2018. 18:37

 

მხოლოდ ფაქტებს ვეყრდნობი და, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მიწოდებული საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, პროკურატურიდან გამოსული მარიამ კუბლაშვილის განცხადებებს, ასევე „კვირას“ მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ჩაწერილ სატელეფონო ინტერვიუს მოვიშველიებ.

 

ეს მხოლოდ თემირლანის მამის და მისი ადვოკატის გუშინდელი ჩანაწერების ფაქტები და ჩემეული ანალიზია:

 

  1. მარიამ კუბლაშვილმა დაადასტურა, რომ ფეისბუქ-გვერდი (Temirlan Pankisski), სადაც „აისისის“ და მისი თანამებრძოლების მხარდამჭერი მოწოდებები და სტატუსები ქვეყნდებოდა, ავთენტური იყო და ის თემირლან მაჩალიკაშვილს ეკუთვნოდა - ადრე ამას თავადაც და მაჩალიკაშვილის ოჯახიც უარყოფდა, დღეს - აღარ.

 

მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სირიაში წასულ „მებრძოლებს“ უსამძიმრებდა და რომ ის „სირიაში უმოწყალოდ დაღუპული ბავშვების და ქალების გარდაცვალების“ გამო წუხდა;

 

უკვე დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ვაჟის სოციალურ ქსელში „აქტიურობას“ „კვირასთან“ ინტერვიუში ასე აფასებს: „ამოდით ხეობაში, „აისისის“ მებრძოლების ფოტოები 1000-დან 998-ს აქვს, მარტო ხეობაში კი არა, მთელ საქართველოში - აჭარა აიღეთ... ქვემო ქართლი აიღეთ... ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს... მიმდინარეობს ომები, ბავშვებს ხოცავენ...“

 

  1. მარიამ კუბლაშვილმა დაადასტურა (ადრე ამას კატეგორიულად უარყოფდა), რომ სატელეფონო ჩანაწერები ნამდვილად არსებობდა და მათ ავთენტურობაშიც ეჭვი არ ეპარება. პროკურატურაში არსებული 15 ათასი ფაილის გაცნობა ვერ მოახერხა, თუმცა ამბობს, რომ ნახა თემირლანის მიმოწერები მეგობარ გოგონასთან. ერთ-ერთ ფრაგმენტში ის ნამდვილად ამბობდა, რომ მეტროს სადგურში თავის აფეთქებას გეგმავდა, თუმცა კუბლაშვილი თვლის, რომ თემირლანმა იხუმრა და რომ ამ საუბარს გაგრძელებაც ჰქონდა, რომლის გაცნობაც ვერ მოასწრო და ამიტომ ჩანაწერის სრულად შეფასება არ შეუძლია.

 

  1. მალხაზ მაჩალიკაშვილი კი „კვირასთან“ საუბრისას თემირლანის შეყვარებული გოგოს დაკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს: „აქ, ქისტებში, რაღაც სხვანაირი მეთოდები და წესებია და არა მგონია“...

 

  1. მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ ჩანაწერები მის ვაჟს არ ეკუთვნოდა, ამას კი იმით ამართლებდა, რომ თემირლანმა ჩეჩნური და რუსული ენები არ იცოდა, დღეს მათ არსებობას აღარ უარყოფს. ამბობს, რომ მისი შვილი ლათინური ასოებით ქისტურ ენაზე წერდა, ჩეჩნური და ქისტური ენები კი ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ თემაზე გუშინ „კვირამ“ ერთ-ერთი ექსპერტის აზრი მოისმინა, რომელმაც გვითხრა, რომ ჩეჩნურსა და ქისტურ ენებს შორის განსხვავება მხოლოდ დიალექტშია, აქ იგივე განსხვავებაა, როგორიც ქართლურსა და კახურს შორის.

 

  1. მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ დაადასტურა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი, აჰმედ ჩატაევის თანამებრძოლებთან - შოაიფ ბორზიევთან და სოლტახმედოვთან ერთად, ფოტოებზე ნამდვილად იყო. მას ფოტომასალის ავთენტურობაში ეჭვი არ შეაქვს, პროკურატურაში არსებული ყველა ფოტოს ნახვა ვერ მოასწრო, მაგრამ ამას აუცილებლად გააკეთებს; ადვოკატმა გავრცელებულ ფოტოში მხოლოდ „აისისის“ დროშის არსებობა არ დაადასტურა და არც ის უთქვამს, საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო დროშა იქ. ამბობს, თემირლანს გააზრებული არ ჰქონდა, რომელი ორგანიზაციის წევრებს წარმოადგენდნენ ჩატაევის თანამზრახველები.

 

  1. მარიამ მაჩალიკაშვილმა ამერიკული მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაზე თქვა, რომ აშშ-ს დეპარტამენტს ენდობა, მაგრამ არ იცის, კონკრეტულად რომელ ექსპერტს, ან ექსპერტთა ჯგუფს დაავალა ამერიკულმა მხარემ საქმის შესწავლა და აპირებს, „ეს საქმე“ საფუძვლიანად შეისწავლოს. მისგან განსხვავებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი თვლის, რომ „მისთვის საეჭვოა, რომ ექსპერტიზა ამერიკაში იყოს ჩატარებული“. ამბობს, რომ ალბათ ტელეფონი საქართველოში გამოიკვლიეს.

 

შეხსენებისთვის:

 

შორს აღარ წავალ, გასული კვირის „მთავარ ამბავსაც“ გავიხსენებ: მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი თავდაპირველად თემირლანის ჩატაევთან ნაცნობობასაც უარყოფდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, "იმედის კვირის“ სიუჟეტიდან გაირკვა, რომ თემირლანის მამა და ჩატაევის მეორე ცოლი, იანა მარგოშვილი ალალი ბიძაშვილის შვილები არიან. კიდევ ბევრი რამ გამოაშკარავდა ამ ბოლო დროს... მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ აქციაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღიარა, რომ სუს-ის შენობის წინ თავის აფეთქებას გეგმავდა, მაგრამ, გადაიფიქრა...

 

შვილმკვდარი მამაა, ვერაფერს იტყვი...გამწარებულია, თუმცა ზაზა სარალიძესაც მოუკლეს შვილი, მაგრამ მისი ვაჟი ტერორისტების მეგობარი და მხარდამჭერი არ ყოფილა... არც თავის აფეთქებით დამუქრებია ვინმეს. გაამწარეს, გაანადგურეს, საწყალი კაცი....კიდევ ბევრია გამოსააშკარავებელი და ძალიან მინდა, საქმეზე გამოძიებამ სამართლიანი შედეგი დადოს!... ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მასთან გაიგივებაც არ შეიძლება! დანაშაულია!

 

არ ვიცი, რა ვიფიქრო იმ ადამიანებზე, ვინც ცდილობს ამ ყველაფრის პოლიტიზებას… არ ვიცი, რას უნდა გრძნობდეს ცოტა ხნის წინ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორისტების მიერ მოკლული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახი, როდესაც ტელევიზორიდან ისმენს, რომ სირიაში „მებრძოლებს“ თავისი „სიმართლე” აქვთ და მათი გულშემატკივრობა არ არის დანაშაული, ეს დასაშვებია თემირლანის მამისთვის, მეგობრებისთვის და იმათთვის, ვისაც დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონს.

 

არ ვიცი, დღეს ვის რა ღირებულებები აქვს, ასე როგორ უნდა მოიწამლო, რომ ყველანაირი ეროვნული ღირებულებები გვერდზე გადადო და მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლების კრიტიკის მორიგი მიზეზი მოგეცეს, ამართლო დანაშაული... ამდენი ტყუილი... ტერორიზმის წამხალისებელ-გულშემატკივრები...

 

ნეტა, რას ეტყვიან შვილებს, არ შეეშინდებათ მათი ქუჩაში გაშვება, ან თვალებში ჩახედვა?...

 

არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ტერორიზმის გამართლება, ან მისი წახალისება და რაც არ უნდა გამწარებული მამა იყოს, მაჩალიკაშვილმა არ უნდა მოატყუოს საკუთარი ხალხი. მან უკვე ბევრი ტყუილი თქვა და ამას ყოველდღე ვხედავთ...

 

რა ვიფიქრო იმაზე, რომ თემირლანის მამისთვის უცხო და უცნაური არაფერია იმაში, თუკი რომელიმე „მეომარი“ რაღაც „სამართლიანი იდეისთვის“ სირიაში იბრძოლებს, ან „ამ იდეისთვის“ მოკვდება. მან აღზარდა ასეთი შვილი და, ჩემგან განსხვავებით, ივანე გოლოშვილის დაკრძალვაზე არასოდეს წაიყვანდა მას....

 

ოდესმე ყველა პასუხს ვაგებთ ჩვენს ქცევებზე!

 

მე კითხვები არ მაქვს!

 

 

ქეთი ხოსიტაშვილი

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner