„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში კახა კახიშვილის შესახებ წერს:
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა სამ წელიწადში სასჯელაღსრულების ჯოჯოხეთური სისტემა ევროპული სტანდარტების გახადა. რა გაკეთდა? წაიკითხეთ და თავად მიხვდებით.
40-მდე კანონში შევიდა ცვლილება და დაიწერა ერთი ახალი კანონი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ.
ლიკვიდირებულ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და მოხდა მისი ინტეგრაცია სამინისტროში.
სამინისტროს შიდა სტრუქტურა ორ ნაწილად გაიყო: სამოქალაქო სამსახური და სპეციალურ პენიტენციური სამსახური. გაიმიჯნა სამოქალაქო თანამდებობების და სპეციალური წოდების მქონე პერსონალი.
გადაიჭრა დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემა, გაუმჯობესდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა.
მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართობი 2 კვ.მ-დან 4 კვ.მ-მდე გაიზარდა.
საქართველოს სახალხო დამცველსა და პრევენციის ჯგუფის წარმომადგენლებს 2016 წლის 1 სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭება.
შემუშავდა და დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროგრამა, რაც მსჯავრდებულთა წარმატებული რეაბილიტაციისა და დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.
ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებებს დაემატა ორი ახალი დაბალი და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებები.
შემუშავდა და დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა.
გაიზარდა ნახევრად ღია დაწესებულებაში მყოფ პატიმართა პაემნების რაოდენობა. ასევე, გაფართოვდა მნახველთა წრე.
სოციალურად დაუცველებისთვის ხანგრძლივი პაემანი უფასო გახდა, არასრულწლოვანთა ხანგრძლივი პაემნის ღირებულება განახევრებულია.
არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება ტრანსფორმირდა სარეაბილიტაციო დაწესებულებად. არასრულწლოვნებისთვის წახალისების ფორმები გაფართოვდა.
გამოიცა მსჯავრდებულთა სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებისა და მათი შრომის ანაზღაურების საკითხების მომწესრიგებელი დოკუმენტი.
გამოიცა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების მომწესრიგებელი ბრძანება. დაზუსტდა სპეციალური საშუალებების გამოყენების გარემოებები და საფუძვლები. სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციებისა და მათი რეკომენდაციების გაზიარების შედეგად, სამინისტრომ უარი თქვა ელექტროშოკის გამოყენებაზე.
მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანი გახდება უფასო.
მუშავდება მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაყიდონ მათ მიერ შექმნილი ნივთები და მიიღონ შესაბამისი საფასური.
სასჯელაღსრულების სისტემის სოციალური სამსახური გარდაიქმნა სამოქალაქო ტიპის სამსახურად.
ევროპული გამოცდილების შესაბამისად იქმნება ციხეების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციის სამართლებრივი საფუძველი, იცვლება ციხის შიდა სტრუქტურა და მართვის წესი.
სამინისტროსთან შეიქმნა სპეციალური საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტიან დიალოგს.
შეიქმნა შიდა მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცალკეულ დარღვევებზე რეაგირებას, არამედ პრევენციულ სისტემურ მონიტორინგს.
გაძლიერდა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გაუქმდა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია.
2017 წლის პირველ იანვრამდე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა მოსამსახურე სავალდებულო გადამზადების კურსს გაივლის სახელმწიფოს ხარჯზე.
მოხდა უსაფრთხოების სამსახურების მოდერნიზაცია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაინერგა საქმიანობის ახალი მეთოდები.
შეიქმნა ძლიერი ანალიტიკური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სისტემაში სხვადასხვა ქვედანაყოფის მიერ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს.
გაძლიერდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებები.
მნიშვნელოვნად შემცირდა ადმინისტრაციული წარმოების ვადები.
სამარტოო საკანში მსჯავრდებულის/ ბრალდებულის ყოფნის ვადა 20 დღიდან 14 დღემდე შემცირდა.
შემუშავდა და დამტკიცდა პენიტენციური ჯანდაცვის განვითარების 2014-2017 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
პირველად პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში, შემუშავდა და დამტკიცდა სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სტანდარტი.
პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი100%-ით გაიზარდა.
განახლდა და დამტკიცდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, რომელიც 12 განსხვავებულ რაციონს აწესებს სხვადასხვა საჭიროების მქონე პატიმართა ჯგუფებისთვის, 3-ჯერადი კვებითი უზრუნველყოფის შენარჩუნებით.
გაუქმდა ე.წ. „ფუქსები“ და „კარანტინი“ და ამოქმედდა გონივრული მიღებისა და განთავსების თანამედროვე განყოფილება, სადაც ერთ სივრცეშია უზრუნველყოფილი უსაფრთხოების, სამედიცინო შემოწმების, ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისა და კრიზისის მართვისთვის აუცილებელი ღონისძიებები.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთ პენიტენციურ დაწესებულებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე დაინერგა ახალი არასაპატიმრო სასჯელის სახე _ შინაპატიმრობა, რომელიც ინიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ“.