logo_geo
eng_logo
საქართველოში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების აკრძალვისთვის ემზადებიან
- +

6 ივლისი. 2018. 22:46

 

 

ძველი ავტომობილების, იგულისხმება 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები, იმპორტი მალე აიკრძალება, რისი მიზეზიც მათი არაეკოლოგიურობაა. მეზობელი ქვეყნების მსგავსად, „ევრო-5"-ის სტანდარტი საქართველოშიც ამოქმედდება. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს ახალი საკანონმდებლო ცვლილება დროულად მიაჩნიათ, თუმცა, მათი აზრით, აუცილებელია, სახელმწიფომ წაახალისოს მოსახლეობა, რათა მათ შეძლონ და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ავტოპარკის განახლებაში.

 

დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ძველი მანქანების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, შესაძლოა, მტკივნეული იყოს, თუმცა დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვა გამოსავალი არ არსებობს.

 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ინფორმაციით, საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის დაძველებული ავტმობილების შეზღუდვაზე.

 

„ვმუშაობთ, რომ დაწესდეს შეზღუდვა და ძველი მანქანების შემოყვანა როგორმე შევაჩეროთ. ასევე, შევზღუდოთ დიდძრავიანი ავტომობილების იმპორტიც. სწორი ფორმაა მოსაფიქრეებელი ამ კუთხით“, - განაცხადა კუჭავამ.

 

როდიდან შევა კანონი ძალაში და აიკრძალება თუ არა 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი საქართველოში, ამ კითხვით „ბიზნეს-რეზონანსი" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათგან კომენტარი ვერ მივიღეთ.

 

სპეციალისტები კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება, რომლის მეშვეობითაც ავტოპარკის განახლებას აპირებენ, არ უნდა დარჩეს საუბრის დონეზე. დეპუტატ შალვა ოგბაიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, მაგრამ გადაწყვეტილებას მეზობელ ქვეყნებში იღებენ. მისი აზრით, საქართველოს ემუქრება პერსპექტივა, გახდეს ევროპისა და ამერიკის დამტვრეული ავტომობილების სასაფლაო. ამის შეჩერებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და ავტოპარკის განახლებას ხელი უნდა შეუწყოს.

 

„ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ და ჩვენი მეზობლები მოქმედებენ ხოლმე. ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო აზერბაიჯანის შემთხვევაში, მათ არც კი დაუანონსებიათ, ისე მიიღეს 3 წლის წინ კანონი და „ევრო 5"-ზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების შეყვანა აკრძალეს. მთავარია ჩვენ შემთხვევაში საუბარი საუბრად არ დარჩეს.

 

თქვენი გაზეთის მეშვეობით ხშირად მისაუბრია, რომ საქართველოს ემუქრება პერსპექტივა, გახდეს ევროპისა და ამერიკის დამტვრეული ავტომობილების სასაფლაო. ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ასეთი მდგომარეობა საშინელებაა.

 

ავტოპარკის განახლებასთან ერთად, გვიჩნდება კითხვა - რა ქნას ფინანსურად გაჭირვებულმა ადამიანმა, თუ მის ავტომობილს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი. ასეთი მანქანები სულ რამდენიმე წელში „სიცოცხლეს ამთავრებენ" ელიავას ბაზრობაზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობა. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან წახალისებითა და სტიმულირებით, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მომრავლების კუთხით უნდა შეიცვალოს სიტუაცია. ჯიპებს „მარიაჟობისთვის" არ უნდა ვყიდულობდეთ და იმ ფასად ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიური მანქანა უნდა შევიძინოთ.

 

ევროპაში გავრცელებულია პრაქტიკა, რომ ეკონომიური მანქანა უდრის ეკოლოგიურს. დრო დადგა ისეთი, ამის იქით არაფერია, კატასტროფის გარდა, რომელიც დაწყებულია. მთლიანად მთავრობამ უნდა იმოქმედოს, როგორც ქირურგმა და არ უნდა იფიქრონ, ამ „ოპერაციის" ჩატარების დროს ვინმეს ეტკინება თუ არა. მთავარია ჯანმრთელი საზოგადოება. ამიტომ როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებთ, უნდა გავიტანოთ ბოლომდე და ვაქციოთ კანონად", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" ოგბაიძემ.

 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საჭიროა არათუ „ევრო-5"-ის სტანდარტის დაწესება, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები მომრავლდნენ, აუცილებელია, მთავრობამ წაახალისოს საზოგადოება განბაჟების მარტივი წესით.

 

„ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, მათ შორის ჩემი ინიციატივითაც. მეზობელმა სახელმწიფოებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, შემოიღო „ევრო 5"-ის სტანდარტი და 2005 წელზე ქვემოთ გამოშვებული ტრანსპორტის შეყვანა იქ აღარ შეიძლება. დღეს საქართველოს საზღვარი გახსნილია ყველანაირი ტიპის ჯართისთვის. შემოდის დაშლილი, დანაწევრებული სატრანსპორტო საშუალებები.

 

ავტოპარკის სიძველეზე როდესაც ვსაუბრობთ, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ახალი ავტომობილების შემოყვანა. ამისთვის საჭიროა „ევრო 5"-ის სტანდარტის შემოღება; აუცილებელია განბაჟების სამართლიანი სისტემის შექმნა. დღეს ახალი ავტომობილების, 1 წლამდე განბაჟება არის უფრო ძვირი, ვიდრე 6-7 წლის მანქანების, თავიდანვე შეცდომა იყო ეს კანონი. თუ ავტოპარკის განახლება გვინდა, პირველ რიგში, უნდა შევუწყოთ ხელი რომ ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტომობილების მისაღებ ფასად განბაჟება", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" მესხიშვილმა.

 

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე გელა კვაშილავა პირდაპირ აკრძალვას არ ემხრობა. მისი აზრით, უფრო მეტად სხვა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე იმპორტის შეზღუდვა. მაგალითად, სუფთა ტრანსპორტის წახალისება. სახელმწიფოსგანაც უნდა წამოვიდეს ინიციატივა, რომ ადამიანები დაინტერესდნენ და მეტი საშუალება გაუჩნდეთ გამართული ტგრანსპორტის შეძენისთვის.

 

„შეიძლება მართლაც აიკრძალოს 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები, მაგრამ უფრო მთავარია ის ავტომობილები, რომელთაც აქვთ დიდი მოცულობის ძრავა. ნამდვილად საჭიროა მათი შეზღუდვა. მცირელიტრაჟიანი ავტომობილები მეტად უნდა წახალისდეს. დღევანდელი კანონმდებლობით, ჰიბრიდები საბაჟოზე უფრო ნაკლებად იბეგრება, კიდევ უფრო წახალისებაა საჭირო.

 

უფრო სხვა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე შეზღუდვა. მაგალითად, სუფთა ტრანსპორტის სტიმულირება. სახელმწფოსგანაც უნდა წამოვიდეს ინიციატივა რომ ადამიანები დაინტერესდნენ და მეტი რესურსი გაუჩნდეთ გამართული და სუფთა ტრანსპორტის შესაძენად", -განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" კვაშილავამ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner