დუზჯეს უნივერსიტეტის 10 წლის იუბილესა და შოთა რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით დუზჯეს უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით „ქართული კალიგრაფია". კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარის - ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია და დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სტუდენტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა. მონაწილეებს ევალებოდათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან" მათთვის მიცემული სტროფების კალიგრაფიულად შესრულება და გაფორმება.
მონაწილეთა ნამუშევრები ჟიურის წევრებმა: ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილმა, მწერალმა ქევსერ რუჯმა და კალიგრაფებმა ებუბექირ ალთიოქიმ და ონურ უჩარმა შეაფასეს.
იმავე დღეს დუზჯეს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოეწყო საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება. კონკურსის პირველი და მეორე ტურის მონაწილეებს გადაეცათ მადლობის სიგელი კონკურსში მონაწილეობისთვის. გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ წიგნებით და საქართველოს საელჩოს მიერ დაწესებული პრიზებით.