საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მუქარის წერილს უგზავნის. როგორც რუსული პრესა იუწყება, სააკაშვილი საოლქო პროკურატურაში ახალი კადრის დანიშვნას აპროტესტებს და პეტრე პოროშენკოს ოდესის პროკურატურის ბლოკირებით ემუქრება, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ოლქში „საკუთარ წარმომადგენელს" დანიშნავს.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას თავის „ფეისბუქ"-გვერდზეც აქვეყნებს.
„მე პრეზიდენტს ვუგზავნი წერილს და თხოვნით მივმართავ, ოდესის ოლქში რევანშისტების მხრიდან არეულობა არ დაუშვას. ჩვენი ბოლო შეხვედრისას პრეზიდენტი დამპირდა ისეთი პროკურორის დანიშვნას, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობს.
თუ კრიმინალური გენერალური პროკურატურა მაინც თავისი კადრის დანიშვნას შეეცდება, ოდესელებთან ერთად, პროკურატურის შესასვლელთან დავდგები და ისევე, როგორც სტოიანოვის შემთხვევაში, დამნაშავე-კორუფციონერი დაჯგუფების მხრიდან ოდესის პროკურატურის დაპყრობას არ დავუშვებ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.