ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის მოსახლეობასთან ერთად, წყალმომარაგების პრობლემების დროულად მოგვარების გზები განიხილეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.
შეხვედრაზე, ადგილობრივებმა იმ პრობლემების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, წყალმომარაგების კუთხით იქმნება. ამ დროისთვის, ანასეულის მაცხოვრებლებს სასმელიწყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებათ.
მოსახლეობასთან შეთანხმებით, დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. გაუმჯობესებული წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად დაიწყება საკვლევ-საძიებო სამუშაოები და კვლევის დასკვნის შესაბამისად, დაჩქარებული წესით, განხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. შედეგად, უახლოეს მომავალში, ანასეულის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება.
შეხვედრაზე, ადგილობრივებს სამომავლოდ დაგეგმილი ინფრატსრუქტურული პროექტიც გააცნეს, რომელიც გულისხმობს მთლიანად ოზურგეთისა და ანასეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის სრულად მოწესრიგებას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებს დეტალურად ეცნობა. ადგილზე ვითარების შესწავლის პარალელურად გაგრძელდება შეხვედრები მუნიციპალიტეტებში, რომლის მიზანი არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა და ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაა.