კომპანია „იანდექს.ტაქსი“ თბილისელი მომხმარებლებისთვის ახალი ტარიფის „საბავშვოს“ შეთავაზებას გეგმავს, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს მათ შორის, ვისაც ხშირად უწევს მცირეწლოვან შვილებთან ერთად მგზავრობა. დაწვრილებით ახალი ტარიფის შესახებ საქართველოში „იანდექს.ტაქსის“ რეგიონალურ დირექტორს თეიმურაზ ხმელიძეს ვესაუბრეთ.
- 27 ივნისს ჩვენ ვგეგმავთ მეოთხე ტარიფის - „საბავშვოს“ ამოქმედებას. ამ ტარიფით გამოძახების შემთხვევაში კლიენტთან მივა Toyota Prius-ის მარკის ავტომობილი, რომელიც აღჭურვილი იქნება საბავშვო სკამით. ყველა საბავშვო სკამი წარმოებულია ევროპელი მწარმოებლების მიერ და შეესაბამება ყველა სტანდარტს, მათ შორის გავლილი აქვს სიმულირებული ავარიის ტესტები.
- არსებობს თუ არა ქართულ ბაზარზე ასეთი ტარიფის ანალოგები?
- ამ ეტაპზე საქართველოში ასეთი ტარიფის ანალოგები არ არსებობს, ეს უნიკალური შეთავაზებაა ქართველი მომხმარებლებისთვის.
- ალბათ, კლიენტებს მოეწონებათ ასეთი სიახლე, ვინაიდან ბავშვების უსაფრთხოება ყველა მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ სტანდარტებისა და კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ვსაუბრობთ. თქვენი კომპანიის მიერ კლიენტებს შორის გამოკითხვა ხომ არ ჩატარებულა, რამდენად მოთხოვნადი იქნება ეს ტარიფი?
- პრინციპში, ჩვენ ამ იდეამდე მომხმარებლების თხოვნის გამო მივედით, ვინაიდან ბევრი მომხმარებელი, როდესაც თვითონ არ სცალიათ, შვილებს სკოლაში ან საბავშვო ბაღში ტაქსით აგზავნის. ზოგიერთი მომხმარებელი ითხოვდა, რომ შეგვეთავაზებინა მათთვის ასეთი სერვისი, რათა გაზრდილიყო ბავშვის უსაფრთხოება.
სამწუხაროდ, ბავშვის შემთხვევაში ფატალური შედეგი შეიძლება დადგეს უმნიშვნელო ავარიის დროსაც, ვინაიდან ბავშვის კუნთოვანი სისტემა და ძვლები არ არის იმ დონეზე გამაგრებული, რომ მან თავი შეიკავოს. სტატისტიკის მიხედვით, შარშან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 37 ბავშვი გარდაიცვალა.საბავშვო სკამი ავარიების შემთხვევაში ბავშვის სიკვდილიანობას 3-4-ჯერ ამცირებს.
- საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, სპეციალური სკამებით ბავშვები გამოკითხული მძღოლების მხოლოდ 6%-ს გადაჰყავს. ხომ არ აპირებთ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად საბავშვო სკამის გამოყენების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის გამართვას?
- მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამისი სამაგრი მოწყობილობების გარეშე 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა აკრძალულია. თუმცა, ეს კანონი არც თუ ისე ხშირად სრულდება. იმედია, ამ ტარიფის შემოღებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ამ პროცესში საკუთარ წვლილს ჩვენც შევიტანთ.