logo_geo
eng_logo
რა მისწერა აშშ-ის საგამოძიებო უწყებამ საქართველოს პროკურატურას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე?
- +

9 ივლისი. 2018. 12:59

 

 

 

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტიდან საქართველოში გადმოგზავნილი დოკუმენტი. საუბარია, მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე ჩატარებულ ექსპერტიზასა და ამერიკული მხარის სამართლებრივ დახმარებაზე.

 

დოკუმენტს ერთვის ათასობით ფაილი, სადაც დეტალურად არის გაშიფრული თემირლან მაჩალიკაშვილის მიმოწერა და სატელეფონო ზარები. გთავაზობთ ამონარიდს ამ დოკუმენტიდან:

 

„2018 წლის 15 მარტს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისმა მიიღო თხოვნა სამართლებრივი დახმარების თაობაზე. საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა აშშ-ის უწყებებს მიმართეს თემირლან მაჩალიკაშვილის ფიჭური ტელეფონის განბლოკვისა და შესწავლის შესახებ თხოვნით. გთხოვთ, იხილოთ პორტაბელური ციფრული მოწყობილობა, რომელიც მოიცავს კვლევის შედეგებს. გთხოვთ, შესაბამისი შედეგები გაუგზავნოთ საქართველოს შესაბამის უწყებებს შემდგომი ანალიზისთვის და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია აღნიშნული მასალების ასლი. ჩვენი ჩანაწერების მიხედვით, თხოვნა შესრულებულია მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით“, – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობის ოფისის კრიმინალური დანაყოფის მიერ 2018 წლის ორ მაისს საქართველოს პროკურატურის სახელზე გადმოგზავნილ წერილში.

 

თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე აშშ-ში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები პროკურატურამ ოჯახის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს გააცნო.

 

ეს დოკუმენტი, ისევე როგორც თანდართული ფაილები, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს თბილისის პროკურატურაში გასულ კვირას გააცნეს. მან დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონი ქართულ მხარესა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გამოიკვლიეს. ადვოკატმა ასევე დაადასტურა, რომ მიმოწერა ნამდვილად თემირლან მაჩალიკაშვილს ეკუთვნის, თუმცა მეტროსადგურში თავის აფეთქების შესახებ ინფორმაციას მარიამ კუბლაშვილმა ხუმრობა უწოდა.

 

კონკრეტულად რა ინფორმაცია მიიღო ადვოკატმა პროკურატურაში, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ მარიამ კუბლაშვილს ესაუბრა, თუმცა სანამ მის ინტერვიუს გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფდა თემირლანის ტელეფონზე ამერიკული ექსპერტიზის არსებობას და მას სუს-ის მორიგ პროვოკაციად მოიხსენიებდა. მეტიც, გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ირწმუნებოდა, რომ მისმა შვილმა ჩეჩნური არ იცოდა. მიმოწერა კი, რომლის არსებობას მარიამ კუბლაშვილი ეჭვქვეშ არ აყენებს, სწორედ ჩეჩნურ ენაზე, ქისტურ დიალექტზე მიმდინარეობს.

 

აქვე გაგაცნობთ ამონარიდს ამ მიმოწერიდან, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა:

 

„თემირლანი: იცი, რა არის ისტიშხადი?

 

უცნობი: მე რა ვიცი?

 

თემირლანი: თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის, ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები.

 

უცნობი: ხოო, გავიგე.

 

თემირლანი: და მას, ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში.

 

უცნობი: ჰოო...

 

თემირლანი: და ზუსტად ასე მე უნდა ავიფეთქო თავი.

 

თემირლანი: ქალაქში, მეტროსადგურის მოედნის გაჩერების შიგნით.

 

უცნობი: კარგი რა, საკმარისია.

 

თემირლანი: თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის.

 

უცნობი: ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი.

 

თემირლანი: ის, ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი“.

 

ეს არის ამონარიდი იმ მიმოწერიდან, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილსა და მის შეყვარებულს შორის 2017 წლის 24 დეკემბერს შედგა, ანუ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრე. ამ მიმოწერის შესახებ ინფორმაცია სწორედ ამერიკული ექსპერტიზის შედეგად გახდა ცნობილი. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებული და დაკითხულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მეტროში თვითლიკვიდაციის შესახებ სწერდა.

 

მარიამ კუბლაშვილი, ადვოკატი:

 

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ ინფორმაცია და მასალა არის ძალიან ვრცელი. თითქმის 15 ათასი ფაილია. შეუძლებელია, ერთიანად გავეცნო და მისი ანალიზი გავაკეთო. ჩატარებული ექსპერტიზით, საინფორმაციო-ტექნოლოგიური კუთხით გაშიფრულია შინაარსი, მათ შორის შემავალი და გამავალი სმს-ები. შემიძლია დავადასტურო, ვისთან იყო ის მიმოწერა. ეს არის გოგონა, როგორც ჩანს, თემირლანს და მას ჰქონდათ გარკვეული ტიპის პირადი ურთიერთობა. მათ აქვთ დიდი ხნის მიმოწერა, 400-500 გვერდია, რომელიც პირადად მათ მიმოწერას ეხება. ერთ-ერთი ფაილია გადაგზავნილი, რომელიც ვიდეოჩანაწერია. ეს კადრები მე არ მინახავს, მაგრამ შემდეგ მიმოწერაში ხდება ამ ვიდეოს შეფასება. ხუმრობის კონტექსტშია თემირლანის პასუხები. იმის დადასტურება, რომ ეს არის ნამდვილად თემირლანის მიმოწერა გოგონასთან, შემიძლია.

 

– გარდა ამისა, სხვა პირებთან მიმოწერა თუ ფიქსირდება?

 

– აქ ასეთი რამ წარმოდგენილი არ არის. მე ვერ ვნახე, რომ თემირლანს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სმს, ან ხმოვანი შეტყობინება ჰქონდეს გაგზავნილი, ან ფიქსირდებოდეს მისი ხმა, რომელიც უკავშირდება რაიმე ფულად გადარიცხვებს, დანაშაულებრივ კავშირებს და აჰმედ ჩატაევთან კონტაქტს, ეს არანაირად არ არის დაფიქსირებული.

 

– ქალბატონო მარიამ, მედიით გავრცელებულ მიმოწერაში საუბარია იმაზე, რომ თემირლანი მეტროსადგურში თავის აფეთქებას გეგმავდა... ადასტურებთ ამ მიმოწერის ავთენტურობას?

 

– ეს არის სწორედ ამ გოგოსთან მიმოწერა. თემირლანის ხუმრობით გაგზავნილ შეტყობინებებს გაშიფვრა სჭირდება, რამდენად სწორი თარგმანია, თუმცაღა ჩემთვის ეს კონტექსტი გასაგებია. ეს არის ხუმრობა – თითქოს აი, მე ამას გავაკეთებ, ამას ჩავიდენ. ეს არის გარკვეული ხუმრობა. ის, რაც მედიამ გააშუქა, არის მხოლოდ ეს ფრაგმენტი ამოჭრილი და მისი დასასრული აღარ არის.

 

– ანუ თემირლან მაჩალიკაშვილი „სადგურის მოედნის“ გაჩერებაზე თავის აფეთქების შესახებ ხუმრობდა და ეს არ იყო რეალური განზრახვა?

 

– ამ მიმოწერას აქვს გაგრძელება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ ვიდეოფაილს, რომელიც მე არ მინახავს. ეს არის ინტერნეტიდან გადმოტანილი ვიდეო, რომელზეც საუბრობენ. ისინი, ასევე, საუბრობენ ფილმებზე, რომელიც უკავშირდება სიყვარულს.

 

– გოგოსთვის სიყვარულის დასამტკიცებლად საუბრობდა თავის აფეთქებაზე?

 

– ეს მიმოწერა არის გასაშიფრი ფსიქოლოგების მიერ, რათა დადგინდეს, რას გულისხმობდა, რადგან მისი მხრიდან ამ საუბარს აქვს ხუმრობის კონტექსტი და სიცილი. ამის შეფასება დღეს მე არ შემიძლია.

 

– დღეს თქვენთვის ცნობილი გახდა, კონკრეტულად ვინ ჩაატარა ექსპერტიზა... თუ ენდობით ამერიკულ მხარეს?

 

– საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 15 მარტს გადაგზავნილია მოთხოვნა აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში. გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენს ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს კრიმინალური განყოფილება იუსტიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია და ამგვარ საკითხებში უწევს დახმარებას ქართულ უწყებებს.

 

– ანუ ეს არის ამერიკის ოფიციალური უწყების მიერ ჩატარებული ექსპერტიზა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში?  

 

– დიახ, მაგრამ კონკრეტულად რომელმა ექსპერტმა ჩაატარა ექსპერტიზა, ეს მე ვერ ვნახე. ეს არის მათი დახმარება, მაგრამ შემდეგ მათ ვის გადაუგზავნეს გამოსაკვლევად, ამის გაცნობა ფიზიკურადაც ვერ მოვასწარი. ჯერ უნდა მოვიძიო ეს ორგანიზაცია...

 

– რა მიზნით? ეჭვი გაქვთ, რომ ამერიკის სახელმწიფოს შესაძლოა არასანდო ექსპერტიზა დაენიშნა?

 

– ეჭვს ვუცხადებ თუ არა, ამაზე არ ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ვენდობი, თუმცა მაინტერესებს, უშუალოდ, როგორ ჩატარდა ექსპერტიზა, რა კითხვები იქნა დასმული. ეს საკითხი უფრო დეტალურად უნდა შევისწავლო. მე რასაც ეჭვქვეშ ვაყენებ, ეს არის თარგმანი... მთელი ამ ხნის მანძილზე ვკითხულობდი შემავალ და გამავალ სმს-ებს და აზრი ვერ გამოვიტანე. ვფიქრობ, რომ მართლა არასწორი თარგმანია. ტექსტი სიტყვასიტყვით არის გადათარგმნილი. არსებობს დიალექტური გამონათქვამები. მათ შორის პოპულარული ხუმრობები სხვანაირ კონტექსტშია გადმოცემული. ამის შესახებ უნდა ისაუბრონ ლინგვისტებმა და შესაბამისმა სპეციალისტებმა. მე მაგალითად, აზრი ვერ გამოვიტანე და ვერ გავიგე, რეალურად რაზე საუბრობენ. იყო სიყვარულზე საუბრები, შეირთავდა თუ არა ცოლად და ა.შ. ჩემი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ დაიკითხოს ეს გოგო, მისი სახელიც ცნობილია.

 

– საქართველოში ცხოვრობს?

 

– დიახ. ის საქართველოში ცხოვრობს, თუმცა გარკვეული ტრადიციებიდან გამომდინარე, მე მის ვინაობას ვერ დავასახელებ.

 

– ისიც პანკისის ხეობის მკვიდრია?

 

– სავარაუდოდ. ის აუცილებლად უნდა დაიკითხოს. („პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება უკვე იდენტიფიცირებული და დაკითხულია - ავტ.) თქვენი ტელეფონიდანაც რომ ამოვიღო მოკლე ტექსტური შეტყობინებები, გადავჭრა და ისე წარმოვადგინო, შეიძლება სულ სხვა კონტექსტი შეიძინოს შინაარსმა. მათ შორის, შეიძლება თქვენ რომ საერთოდ აზრადაც არ მოგსვლიათ, ისე მივაწოდო საზოგადოებას. ანუ სრულიად საპირისპიროდ.

 

– გარდა სმს-მიმოწერისა, თუ გაეცანით რაიმე ფოტო ან ვიდეომასალას?

 

– თემირლანის ტელეფონიდან ამოღებულია ფოტო, სადაც ის გადაღებულია შოაიფ ბორზიევთან და აბუ ჰურეირასთან ერთად. ტურისტულ ფორმაშია. თბილისში, ღამის საათებშია გადაღებული. ეს ფოტოები არაფრის მომცემი არ არის.

 

– ქალბატონო მარიამ, პროკურატურაში გაეცანით ამ ექსპერტიზის მასალებს, შესაბამისად, მაინტერესებს, კვლავ ძალაში რჩება თქვენი მოთხოვნა თემირლანის უდანაშაულობის შესახებ? იძლევა კი ეს მასალები მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველს?

 

– მე ამ მასალებს გავეცანი თბილისის პროკურატურაში. შემიძლია გითხრათ, რომ გამომძიებლისთვის  არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა სმს-ები აქვს გაგზავნილი თემირლან მაჩალიკაშვილს და რა განზრახვები ჰქონდა, ან არ ჰქონდა, ვინაიდან თბილისის პროკურატურა იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს და ძალის შესაძლო გადამეტებას. დღეს მიღებული დასკვნები ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს 2017 წლის 26 დეკემბერს დამდგარ საშინელ შედეგზე. აქედან გამომდინარე, გამომძიებლისთვის ეს ჩანაწერები აბსოლუტურად არ არის რელევანტური. ვფიქრობ, არც უნდა დაერთოს თემირლანის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების მასალებს.

 

– ერთია სპეცრაზმის მიერ ძალის შესაძლო გადამეტება და მეორე – ჰქონდა თუ არა მართლაც კავშირი თემირლანს ტერორიზმთან... კვლავ ითხოვთ მის უდანაშაულობას?

 

– აუცილებლად, ვინაიდან მას ბრალი არ ჰქონია წაყენებული, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, სახელმწიფომ ის უდანაშაულოდ უნდა აღიაროს.

 

– ქალბატონო მარიამ, თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ თემირლანი ნამდვილი სახელითა და გვარით არ იცნობდა ტერორიზმში მხილებულ ბორზიევს და სოლტახმედოვს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ, ფოტოებს იღებდნენ და გარკვეული პერიოდი ერთადაც ცხოვრობდნენ... როდის შეიტყო თემირლანმა მათი ნამდვილი ვინაობა?

 

– ეს ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოში ორ წელზე მეტ ხანს. მათ არა მხოლოდ თემირლანი, არამედ ყველა იცნობდა სულ სხვა სახელებით – სეიფულა და აბდულა. ერთ-ერთი მათგანი ინტერპოლის საიტზე იძებნებოდა ბავშვობის ფოტოთი და ცხადია, მისი ამოცნობა არათუ თემირლანს, გამომძიებელსაც კი გაუჭირდებოდა.

 

– ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ბორზიევი დააკავეს, სოლტახმედოვი კი ამ სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა... ამის შემდეგაც უცნობი იყო თემირლანისთვის, რეალურად ვისთან ჰქონდა საქმე?

 

– არ ვიცი. ვერ დავადასტურებ, რომ თემირლანმა მათი რეალური ვინაობა შეიტყო. შესაძლოა, მაგრამ მე არ ვიცი.

 

„პრაიმტაიმი“ მარიამ კუბლაშვილთან საუბრისას, ასევე, დაინტერესდა თემირლან მაჩალიკაშვილის „ფეისბუქ-აქტივობით“...  ცნობილია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ეკუთვნოდა FB გვერდი Temirlan Pankiski, სადაც 2016-2017 წლებში, „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდის შემცველი არაერთი ვიდეოა ატვირთული. ერთ-ერთ ვიდეოში ის გლოვობს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს თარხან ბათირაშვილს. გარდა ამისა, Temirlan Pankiski ფოტოებსა და ვიდეოებს დებდა ISIS-ის მებრძოლების შესახებ. Cover-ის ფოტოდ კი ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილის ფოტო უყენია. „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეოს, რომელსაც Temirlan Pankiski ავრცელებდა, აწერია, რომ ისინი ალაჰისთვის კლავენ და ალაჰისთვის კვდებიან.

 

რით ხსნის მაჩალიკაშვილების ადვოკატი თემირლანის ამგვარ აქტივობას სოციალურ ქსელში? ამ კითხვაზე მარიამ კუბლაშვილი პასუხობს:

 

– თემირლან მაჩალიკაშვილს გაზიარებული და დადებული აქვს პანკისიდან წასული გარდაცვლილი ადამიანების ფოტოები და ვიდეოები. ეს არის მისი სამძიმრის გამომხატველი დამოკიდებულება. ვიდეოში აღბეჭდილი ადამიანები რომ იყვნენ ცოცხლები, ან ისეთები, ვისაც თემირლანი არ იცნობდა, ამ შემთხვევაში სხვა კითხვები გაჩნდებოდა. მაგრამ თემირლანს გაზიარებული აქვს ის ვიდეო, სადაც ჩანს პანკისიდან წასული ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა. ის ამბობდა, რომ ამ გარდაცვლილის ფოტოებს იზიარებს მთელი ჩვენი ახალგაზრდობაო. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ სირიაში უმოწყალოდ ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს, დაუცველებს. აქედან წასულ ადამიანებს, მიაჩნიათ, რომ ისინი მიდიან სწორედ ამ უმოწყალოდ დახოცილი ბავშვებისა და ქალების დასახმარებლად.

 

– ქალბატონო მარიამ, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებზე საუბრობთ... ტერორისტულ ორგანიზაციაზე...

 

– ის იმ წუთას ვერ იაზრებს, რომელი ორგანიზაციის წევრია, ან რა მოტივები აქვს ამ ორგანიზაციას. რაკიღა გარდაიცვალა, ავტომატურად ამ მიზნით აქვს „ფეისბუქზე“ გაზიარებული. ის, რომ მას გააზრებული ჰქონდა ეს, ამაზე არანაირი მტკიცებულება არ მაქვს.

 

– თავად თემირლანიც აპირებდა სირიაში გამგზავრებას?

 

– არა, მსგავსი არაფერი. მას ჰქონდა სრულიად სხვა გეგმები. მას გავლილი ჰქონდა შემოწმება და აპირებდა დაცვის სამსახურში მუშაობის დაწყებას. ასევე სურდა სწავლის გაგრძელება. ადამიანი, რომელსაც სირიაში გამგზავრება აქვს გადაწყვეტილი, ასე არ მოქმედებს.

 

– თუმცა, ჩვენ ვიცით არაერთი სტუდენტი, მაგალითად, თელავის უნივერსიტეტიდან, რომლებმაც სწავლა მიატოვეს და სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის რიგებს შეუერთდნენ... აქედან გამომდინარე, ეს რამდენად დამაჯერებელი არგუმენტია?

 

– მესმის, მაგრამ თემირლანის ცხოვრება შესწავლილი გვაქვს. შეიძლება ეს ერთადერთ არგუმენტად არ გამომადგეს, მაგრამ მე ვიცი, რისკენ მიისწრაფოდა და რა გეგმები ჰქონდა მას. 

 

„პრაიმტაიმი“ ექსპერტიზის დასკვნისა და სკანდალური მიმოწერის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასაც ესაუბრა. მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ ეჭვქვეშ აყენებს მობილურ ტელეფონზე ექსპერტიზის აშშ-ში ჩატარების ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ადვოკატმა ეს ღიად დაადასტურა.

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი:

 

– ამერიკაში არანაირი ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. ესეც მორიგი ტყუილია. თუნდაც ასე იყოს, რა არის აქ სერიოზული? ეს არის ხუმრობით მიმოწერა. მე მაშინ დავიჯერებ, როცა მანახვებენ, სად, რომელ ორგანიზაციაში, რომელ შტატში ჩატარდა. ამას რომ დავინახავ, მაშინ ვიტყვი – კი, ამერიკაში ყოფილა ჩატარებული-თქო.

 

– თქვენმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ხომ ნახა ეს მასალები და დაადასტურა კიდეც, რომ ნამდვილად ამერიკაში ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო ოფისის კრიმინალურ განყოფილებასთან თანამშრომლობის საფუძველზე...

 

– მარიამმა კი არა, მარიამის პაპამაც რომ დაადასტუროს, მე არ მინახავს, სად არის ეს ექსპერტიზა ჩატარებული. სანამ მე თვითონ არ ვნახავ... გინდაც ამერიკაში იყოს ჩატარებული, მე მაინტერესებს, რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა. ეს სმს-ები ჩემთვის არაფერს  არ ნიშნავს. ეს არის შეყვარებულ გოგოსთან ხუმრობით მიწერილი. ეს არის რაღაც ბავშვური გამონათქვამები... ნათარგმნი სწორი არ არის. იქ რაღაც რაღაცებს ეკითხება გოგო – ეს როგორ ხდება, ის როგორ ხდებაო და თემირლანი უხსნის. ახალგაზრდებში ეს ყოველთვის ხდება – აი, მეტროში თავს ავიფეთქებ, როგორ მოგეწონება? სხვა არაფერი რომ არ ჰქონდათ, ეს გამოაქვეყნეს ვითომ ვიღაცამ რაღაც იფიქროს. ვინც სწორად აზროვნებს, ის ახლაც ასე ფიქრობს.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას მაჩალიკაშვილების ოჯახი და ადვოკატი კვლავ კატეგორიულად მოითხოვს თემირლანის უდანაშაულოდ აღიარებას. ამის ერთ-ერთ არგუმენტად კი მოჰყავთ ის, რომ სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალის წარდგენა არ მომხდარა, რისი შესაძლებლობაც საგამოძიებო ორგანოს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში, მის გარდაცვალებამდე ჰქონდა. 

 

არის თუ არა ბრალის არწარდგენა პირის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი? ამ კითხვით ჩვენ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარეს, იურისტ არჩილ ჩოფიკაშვილს მივმართეთ.

 

„მაშინ, როდესაც არსებობს სასამართლოს განჩინება პირის დაკავებაზე, ბრალის წარდგენას მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან დაკავებისთანავე პირს ავტომატურად ენიჭება ბრალდებულის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავების დროს მძიმედ დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა კიდეც, ფაქტობრივად, მისი დაკავება მაინც მოხდა სასამართლოს განჩინებით. სისხლის სამართლის დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, რომელიც სასამართლოს მიმართავს განჩინების თხოვნით პირის დაკავებაზე, ხოლო დაკავებული პირი კი უკვე ავტომატურად ხდება ბრალდებულის სტატუსის მატარებელი, ანუ პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. რაც შეეხება ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენას და გაცნობას, ეს ხდება იმის გარანტიით, რომ დაკავებული პირი აღიქვამს და აცნობიერებს აღნიშნულ ბრალდებას, ასევე იმ უფლებებს, რომელიც ბრალდებულს აქვს. აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანი უგონო მდგომარეობაშია, მას, ფაქტობრივად, ბრალს ვერ წაუყენებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ბრალდებული არ არის. როდესაც ხდება პირის გარდაცვალება, ეს პირდაპირ არის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ დევნა უნდა შეწყდეს, თუ აქამდე არ არის შეწყვეტილი, თუმცა ეს მის უდანაშაულობასთან, ან დამნაშავეობასთან არავითარ კავშირში არ არის. პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ სასამართლო არ მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს. მე არ ვიცი, მაჩალიკაშვილების ოჯახი, ან ადვოკატი რას გულისხმობენ, როდესაც უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვს, თუმცა ის საქართველოს კონსტიტუციით ისედაც უდანაშაულოდ ითვლება, ვინაიდან მის მიმართ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, პროკურატურა მას ვერ ცნობს უდანაშაულოდ. შესაძლოა, მაჩალიკაშვილების მხარე საუბრობს დევნის შეწყვეტის საფუძვლებზე. გარდაცვალება ნამდვილად არის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, მაგრამ არა მარეაბილიტირებელი გარემოება, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ პირის მიმართ დევნა უკანონოდ მიმდინარეობდა. მარეაბილიტირებელი გარემოება შეიძლება იყოს, თუ არ დადასტურდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. თუ ეს არ დადასტურდა, გამოდის, რომ დევნა უკანონოდ მიმდინარეობდა, მაგრამ მე რასაც ვადევნებ თვალყურს, ამ ეტაპზე ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს დევნა და გამოძიება იყო საფუძვლიანი. ვგულისხმობ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, მათ შორის სატელეფონო მიმოწერებს, ვიდეო-აუდიოჩანაწერებს და სხვ. ამ მასალების გამოქვეყნებასაც თავისი ლოგიკა და დასაბუთება აქვს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას არჩილ ჩოფიკაშვილი. 

 

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებისა და სახლის ჩხრეკის შესახებ სასამართლოს განჩინებას საფუძვლად დაედო გამოძიების მიერ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე აღმოჩენილი საბანკო და საგარანტიო დოკუმენტაცია.

 

 

 

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner