logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ვმსჯელობთ, შეიძლებოდა თუ არა, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე უფრო აქტიური საგამოძიებო მოქმედებების წარმართვა
- +

10 ივლისი. 2018. 10:20

 

 

„გამოკითხვის შედეგად, შსს-ს მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოპერატიულად მუშაობდნენ ყველა შესაძლო თვითმხილველთან, რათა ეს ადამიანები ძალიან სწრაფად გამოეკითხათ, ჩვენ კი ვმსჯელობთ, შეიძლებოდა თუ არა, ოპერატიული მუშაობის პარალელურად უფრო აქტიური საგამოძიებო მოქმედებების წარმართვა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობისა და საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობდა. პარალელურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა და ყველაფრის გადამოწმების, ოპერატიული დამუშავების მიზნით, შსს ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობდა.

 

არასრულწლოვან მოწმეებთან გასაუბრებას ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით და გადავწყვიტეთ, ეს პირები ფსიქოლოგმა გამოჰკითხოს. ვნახოთ, პროცესი როგორი მიმართულებით წარიმართება. ჩვენებებთან მიმართებით, ამ ეტაპზე, ძირითადად, იგივე მოცემულობა გვაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, იქნებ, თვითმხილველებმა და მოწმეებმა საგამოძიებო კომისიასთან უფრო მეტად ითანამშრომლონ და კომისიისთვის უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს ცნობილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, კომისიამ მოისმინა შსს-სა და პროკურატურის შეფასებები, მიმდინარე კვირაში კი ექსპერტების მოწვევა იგეგმება, ვინც საექსპერტო დასკვნები შეადგინა და ყველაფრის გამოკვლევის შედეგად, როცა უშუალო თვითმხილველებსა და ექსპერტთა შეფასებას მოისმენს, კომისიას ყველაფრის გაანალიზების საშუალება ექნება და დასკვნას ამის მიხედვით გააკეთებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner