ისტორია ლეგენდად ქცეულ იპოლიტე ხვიჩიაზე:
„იპოლიტე ხვიჩია წუწუნებდა ხოლმე: ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ, თავს ვარიდებ იქ მისვლას, რომ პროცესი არ ჩავშალოო; ერთხელაც, „ფეოლას" გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მისულა და იპოლიტესთვის უთხოვია, ბაბუა მომიკვდა და ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზე და დამაფასეთო. მოკლედ, დაპატიჟა ბაბუის პანაშვიდზე. გამოუგზავნია მთელი გადამღები ჯგუფისთვის პატარა „პაზიკი" ავტობუსი, ისინიც ჩამსხდარან და მისულან. იპოლიტემ უთხრა მძღოლს: თუ ძმა ხარ, მთლად კარებამდე ნუ მიგვიყვან, ცოტა შორს გააჩერე ავტობუსი, რომ „ვენოკით" ხელში ფეხით გავიაროთ და როგორც საჭიროა, ისე მივაგოთ ცხონებულს პატივიო. მოკლედ, დაულაგებია იპოლიტეს სიმაღლისდა მიხედვით გადამღები ჯგუფი. მერე ისე შემოაბრუნა, რომ დაბლები წინ წასულიყვნენ და რასაკვირველია, წინ თავად მოექცა. შევიდნენ ეზოში და ატყდა ფხუკუნი. ხალხი ხელს იშვერს იპოლიტესკენ და იგუდებიან სიცილით. არ შეიმჩნიეს, დაიყენეს სამგლოვიარო სახეები და აუყვნენ კიბეს. შედგა თუ არა ოთახში იპოლიტემ ფეხი და იყვირა ჭირისუფალმა: დედა, ეს ვინ მოვიდა, იპოლიტე, შენ შემოგევლე... სევასტი, ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს, „ბურთი და მოედანში" ტრუსიკში რომ დარბის?.. ამტყდარა ხორხოცი. ერთი კი უფიქრიათ, ნეტა, ხომ არ გვაშაყირებენ და სცენა ხომ არ დადგესო, მაგრამ მიცვალებული ისე იწვა, არ განძრეულა.