1853 წლის 30 მარტს ნიდერლანდებში, ბრედას მახლობლად, სოფელ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა ვინსენტ ვან გოგი. მამა, თეოდორ ვან გოგი იყო პროტესტანტური ეკლესიის პასტორი. პატარა ვან გოგს პაპის სახელი დაარქვეს. ვინსენტის დაბადებიდან 4 წლის შემდეგ 1857 წლის 1 მაისს, დაიბადა მისი ძმა თეო, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.
ვან გოგის ცხოვრება სავსე იყო დაბრკოლებებით, წარუმატებლობით. თითქოს არასდროს არაფერში უმართლებდა და მარცხს მარცხი მოსდევდა.
თეო, მისი ძმა, ერთაერთი გამგები და ნუგეშისმცემელი იყო, მარტო ის ეხმარებოდა როგორც სულიერად, ისე მატერიალურად მთელი ცხოვრება. სთხოვდა, სულიერად არ დაეცე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგი, ყველაფერი თავიდან დაიწყეო.
გთავაზობთ ამონარიდებს ვან გოგის წერილებიდან, რომელსაც იგი თავის ძმას, თეოს სწერდა.
1.სიყვარულს, ისევე როგორც მთელ ბუნებას აქვს ჭკნობისა და ყვავილობის პერიოდი, მაგრამ მთლიანად არასდროს კვდება, ზღვა მაინც ზღვაა, მოიქცევა თუ უკუიქცევა. სიყვარულშიც, ეს იქნება ქალისა თუ ხელოვნების სიყვარული, არის წუთები, როცა იგი მიილევა, ძალა ეცლება, მაგრამ რწმენის სრული დაკარგვა ალბათ, არ ხდება. სიყვარულს, როგორც მეგობრობას მარტოოდენ გრძნობად როდი ვთვლი, სიყვარული უპირველესად მოქმედებაა და როგორც ყოველ მოქმედებას, მასაც დიდი დაძაბულობა ახლავს თან. ამიტომაც ბუნებრივია, სიყვარულსაც აქვს შესუსტებისა და მილევის ჟამი. მტკიცე და წრფელი სიყვარული დიდი მადლია, თუმც არც ის არის გამორიცხული, მძიმე წუთები სიყვარულმაც განგაცდევინოს.
2. ავდექი და ამსტერდამში გავემგზავრე. იქ ასე მითხრეს: „შენ რომ მოდიხარ, ის შინიდან მიდის ხოლმეო, შენ ხომ ამბობ - ან ის, ანდა არავინ. ის ასე ამბობს: ვინც უნდა იყოს, ის კი არაო. შენი აქ ყოფნა მას ზიზღს გვრისო. მაშინ ხელი ანთებულ ლამპას მივუშვირე და აი, რა ვთქვი: მაჩვენეთ იგი, მხოლოდ იმდენ ხანს დამენახოს, რამდენ ხანსაც ამ ხელს ალზე დავიჭერ-მეთქი (ალბათ არ არის გასკვირი, რომ ფერსტეხი მერე ჩემს ხელს ეჭვის თვალით დაჰყურებდა). მათ კი ლამპა ჩააქრეს და მიპასუხეს: მორცა, შენ მას ვერ ნახავო. რა უნდა მექნა, რა მეღონა, რანაირად მომეთმინა, როცა ისიც თქვეს, რომ შენ მას ძალით აიძულებ, ცოლად გამოგყვესო. უცებ ვიგრძენი, ეს სიტყვები ჩემს გულს ლახვარივით ეძგერა და შეარყია ჩემი „ან ის, ანდა არავინ". თუმც იმ წამს არა, მაგრამ ძალიან მალე ვიგრძენი, რომ სიყვარული მოკვდა ჩემს გულში და მის მაგივრად უსასრულო სიცარიელემ დაისადგურა.
3. უბედურება მარტო ის არ არის, ხატვა შედარებით გვიან რომ დავიწყე (27 წლისამ). საქმე ისაა, რომ ალბათ დიდხანს ვერ ვიცოცხლებ, ხოლო დროზე, რომელიც დამრჩა სახატავად, აი, რას ვიტყვი: მგონი, ძალიან არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ხორცი ჩემი, მიუხედავად ყველაფრისა, 6 ან 10 წელს მაინც გაუძლებს. თავის დაზოგვას არ ვაპირებ, არც მღელვარებას მოვერიდები, არც დაბრკოლებებს. საერთოდ, ჩემთვის სულერთია, რამდენს ხანს ვიცოცხლებ, თანაც ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე, როგორც ექიმი ზრუნავს, არ შემიძლია.
4. ახლა სიმდარის, უფერულობის ტრიუმფია, მოაზროვნეთა და მხატვართა ადგილს სნობები და უნიჭონი იკავებენ, თანაც ამას არავინ ამჩნევს. ცხადია, ისიც არაა კმაყოფილი, მაგრამ ნივთიერ სიკეთეს ხომ ისიც ტაშს უკრავს. მაინც გვახსოვდეს, ეს წარმატება მარტოოდენ წამიერია და ვინც ამ ტაშს დაუკრავს, მხოლოდ მოდის ამყოლია, ნადიმს კი მუდამ ნაბახუსევის უგუნებობა მოჰყვება ხოლმე, ღრიანცელს ცვლის სიცარიელე, სიჩუმე და გულგრილობა.
5.ისევე როგორც მატარებელს რუანისა და ტარასკონისკენ მივყავართ ხოლმე, სიკვდილი ჩვენ ვარსკვლავებისკენ გაგვიტაცებს, თუმც ერთი რამ უდავოა, ვიდრე ვცოცხლობთ, ვარსკვლავებზე გამგზავრება არ შეგვიძლია, ისევე როგორც მატარებელში ვერ ჩავსხდებით სიკვდილის შემდეგ. ალბათ ქოლერა, ათაშანგი(სიფილისი), ჭლექი და კიბო სხვა არაფერია, თუ არა ცაში მიმოსვლის და მოგზაურობის საშუალებანი. იგივე საქმე რომ აკისრია, რაც ომნიბუსებს, გემებსა და მატარებლებს დედამიწაზე. ბუნებრივი სიკვდილი კი, სიბერით სიკვდილი, მხოლოდ ფეხით სიარულია და სხვა არაფერი.
6. მოდი, მშვიდად გავწიოთ წინ, დაე, ყოველი ჩვენგანი თავის გზაზე მუდამ სინათლეს ესწრაფოდეს, განვადიდოთ გული ჩვენი, რაკი ვიცით, რომ ისეთები ვართ, როგორებიც სხვები არიან, ხოლო სხვები ისეთივენი, როგორებიც ჩვენ, და რომ კაცი თავს კარგად გრძნობს, თავისსავე მსგავსთა შორის. მას იმედი აქვს, რომ ყველაფერს აიტანს და სულ იმის ცდაშია, არ დაიღუპოს... ხოლო შენს ნაკლს, მოდი, გულთან ახლოს ნუ მიიტან, ვინაიდან თვით უნაკლოსაც გააჩნია ერთი ნაკლი, ის, რომ იგი უნაკლოა... თუ ვინმეს ჰგონია, რომ სრულ სიბრძნეს მისწვდა, კარგი იქნება, თუ ხელახლა გასულელდება. დღეს ისეთივენი ვართ, როგორნიც გუშინ ვიყავით, კერძოდ პატიოსანნი, მაგრამ ისეთნი, ცხოვრების ცეცხლში წრთობა რომ ელის, რათა ამ ცეცხლმა შინაგანად გაგვამაგროს, მტკიცედ ვდგეთ და გვახსოვდეს, რომ ღვთის მადლი დაბადებითვე მოგვენიჭა.
7. საზრუნავი რომ არა გქონდეს რა, გზას დაბრკოლება არ გიღობავდეს, თავდაჯერებული ნუ იქნები. არ შეიძლება, ყველაფერს იოლად მოეკიდო, უგანათლებულეს წრეებში რომ ვტრიალებდეთ, საუკეთესო ხალხში, რომ ვიყოთ, საუკეთესო პირობებში რაღაც თვითმყოფადი, რაღაც ბუნებრივი რობინზონ კრუზოსებური მაინც უნდა შევინარჩუნოთ, რამეთუ სხვაგვარად საკუთარ თავშივე დავკარგავთ დასაყრდენს. შეინარჩუნე მგზნებარე სული, ეცადე, იგი ვერაფერმა გაგინელოს. ვინც სიღარიბე თავის ხვედრად მიიჩნია და შეიწონა, აურაცხელ სიმდიდრეს ფლობს, გული მისი სინდისის ხმას კარს არ დაუხშობს. ხოლო ხმა იგი შინაგანი ხმის ბოძებული, საუკეთესო საჩუქარია, ვინ ყურს მიაპყრობს და ემორჩილება, მისი სახით ბოლოს და ბოლოს დასაყრდენს პოვებს და არასოდეს მარტო არ არის. ბედნიერია, ვისაც ღმერთი სწამს, თუნდაც ბევრი ვაი-ვაგლახი გამოიაროს, ბოლოს მაინც ყველა სიძნელეს გადალახავს.
8. განა ცოდვაა, სიცოცხლე რომ უსიყვარულოდ არ შეგიძლია. მე კი სწორედ ასეთ სიცოცხლეს მივიჩნევდი უზნეობად, ასეთ სიცოცხლეს ჩავთვლიდი ცოდვად... მხოლოდ ერთს ვნანობ, იმ დროს ვნანობ, იმ დაკარგულ დროს, მისტიკური და თეოლოგიური აბდაუბდა კარჩაკეტილ ცხოვრებას რომ მაიძულებდა. თანდათან აზრი შემეცვალა... როცა დილით გაიღვიძებ და გაგახსენდება, მარტო არ ვარო, როცა შენს გვერდით დილის ბინდბუნდში სხვა არსებას დაინახავ, ქვეყანა ბევრად ალერსიანი, ბევრად კარგი მოგეჩვენება, ვიდრე ჭკუის დამრიგებელი სამოძღვრებო წიგნები და ეკლესიის კირიანი, თეთრი კედლები, მღვდლებს რომ ასე მოსწონთ და უყვართ...