logo_geo
eng_logo
სასწაული ტაილანდურად - 18 დღე მღვიმეში
- +

10 ივლისი. 2018. 22:12

 

 

ტაილანდელი ბავშვების მღვიმიდან გამოყვანის ქრონიკა

 

ტაილანდში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ტჰამ ლუანგის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები და მათი მწვრთნელი უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან. სამაშველო ოპერაციის დეტალებთან ერთად ჟურნალისტები მათი პირადი ისტორიებითაც ინტერესდებიან. 

 

საფეხბურთო კლუბ „ველური ტახების“ წევრი ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოქვაბულიდან გამოსვლამდეც კი სუპერვასკვლავებად იქცნენ.

 

 

ტაილანდში უკვე ჩავიდნენ ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერები, რომლებიც ამ საოცარი ისტორიის შესახებ სავარაუდოდ მხატვრული ფილმის გადაღებას აპირებენ. გადარჩენილ ბიჭებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრებად ეპატიჟება „ფიფაც“. მოზარდების გარდა, მსოფლიო მედია სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მყვინთავებზე, სამხედროებზე და მოხალისეებზეც წერს.

 

 

როგორც ცნობილია, ბიჭების საძებნელად მღვიმეში შესული ერთ-ერთი მყვინთავი დაიღუპა. მის ხსოვნას ტაილანდის პრემიერ- მინისტრმა მიაგო პატივი, რომელიც ტჰამ ლუანგის მღვიმეში გუშინ იმყოფებოდა.

 

 ფეხბურთის მწვრთნელი და საბედისწერო ექსკურსია

 

„ველური ტახების“ 25 წლის მწვრთნელ ეკაპოლ ჩანთავონგის შესახებ სოციალურ ქსელებში და მედიაში არაერთი მოსაზრება ვრცელდება. ბევრი მას მკაცრად აკრიტიკებს, რადგან ბავშვები მღვიმეში სარისკო ექსკურსიაზე წაიყვანა, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ჩანთავონგი გმირია, რადგან მან გამოქვაბულში დაწყებული წყალდიდობისა და ნგრევის დროს ბავშვების სიცოცხლე არაერთხელ იხსნა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მოზარდები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან.

 

ეკაპოლ ჩანთავონგი წარმოშობით მიანმარიდან არის და ტაილანდის სიახლოვეს ცხოვრობდა. მწვრთნელად მუშაობის დაწყებამდე ის ბერი იყო. ეკაპოლის მშობლები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ის ჯერ კიდევ 10 წლის  იყო. მისი ერთადერთი ნათესავია მიანმარელი ბებია, რომელსაც მწვრთნელი უვლის.

 

როგორც გამოქვაბულში შესული მაშველები ყვებიან, მწვრთნელი ყველაზე მეტად არის დასუსტებული, რადგან მან თავისი წილი საკვები მოზარდებს დაუთმო და მღვიმე ბოლოს დატოვა. მან ასევე ასწავლა ბიჭებს მედიტაცია და როგორ უნდა დაეზოგათ, რაც შეიძლება მეტი ენერგია.

 

 

 

მაშველების მიერ მღვიმედან გამოტანილ წერილებში ეკაპოლი მშობლებს ბავშვების დაცვას დაპირდა.

 

„პირობას გაძლევთ, რომ ბიჭებს მივხედავ. მადლობა მხარდაჭერისთვის და აქვე მინდა ბოდიში მოგიხადოთ“ - ნათქვამია მწვრთნელის წერილში.

 

 

ტაილანდის პრესაში მღვიმეში ჩარჩენილი მწვრთნელის ყველაზე პოპულარული კარიკატურა ასე გამოიყურება.

 

 სამაშველო ოპერაცია და ელონ მასკი

 

18 დღის წინ მღვიმეში ექსკურსიაზე წასული ბიჭების სამაშველო ოპერაცია სამი დღე გაგრძელდა. ისინი სათითაოდ გამოჰყავდათ. როგორც საგანგებო შტაბში ამბობენ, ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ორი მყვინთავი მიჰყვებოდა, ერთ-ერთს ბიჭი, მეორეს - ჟანგბადის ავზი მიჰქონდა. ისინი სრულ სიბნელეში მიდიოდნენ. გზად მათ ვიწრო ადგილებში ხოხვა, გამოქვაბულის კედლებზე აძრომა და ცივ წყალში ყვინთვა უწევდათ. პანიკის თავიდან აცილების მიზნით, ბავშვებს დამამშვიდებელი პრეპარატები მისცეს.

 

 

 

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 90 მყვინთავი, მათგან 50 უცხოელი და 40 ტაილანდელი. მედიამ რამდენიმე მათგანის ვინაობა გაარკვია. მათ შორის იყვნენ ფინელი მყვინთავი მიკო პაასი და მისი დანიელი კოლეგა ივან კარაჯიჩი. მათ ტაილანდის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე კოჰ ტაოზე საწვრთნელი სკოლა აქვთ გახსნილი.

 

 

 

როგორც კარაჯიჩმა ჟურნალისტებს უთხრა, ის აღფრთოვანებულია მღვიმეში ჩარჩენილი ბიჭების სიმამაცითა და ფიზიკური სიძლიერით.

 

„ბიჭები საოცრად ძლიერი ბავშვები არიან. მათ უწევთ ისეთი რაღაცების კეთება, რაც არც ერთ ბავშვს არასდროს გაუკეთებია. ისინი განსაკუთრებულ, საშიშ პირობებში ყვინთავდნენ, სრულ სიბნელეში. ერთადერთი სინათლე მოდის ფანრიდან, რომელიც გამოქვაბულში მყვინთავებს ჩააქვთ. ეს ბიჭები ძალიან მაგრები არიან. მათ ორი კვირა გაატარეს გამოქვაბულში. მშობლები არ უნახავთ და მაინც ძალიან ძლიერები არიან“, - ამბობს კარაჯიჩი.

 

 

 

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს გმირულად მოიქცა, ავსტრალიელი ექიმი რიჩარდ ჰარისია. სწორედ მისი რჩევების გათვალისწინებით გამოიყვანეს ბიჭები გამოქვაბულიდან. ის მუდმივად ამოწმებდა მოზარდების ფიზიკურ მდგომარეობას. მისი გადაწყვეტილებით, მღვიმე პირველ რიგში ყველაზე სუსტმა ბიჭებმა დატოვეს.

 

 

საერთაშორისო მედია ასევე წერს უამრავ მოხალისეზე, რომელიც ჩართული იყო სამაშველო ოპერაციებში. მათი ნაწილი მაშველებს საკვებით ამარაგებდა, მათ ტანსაცმელს რეცხავდა და ა.შ.

 

ტაილანდელი მოზარდების გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდნენ საზღვაო ქვეითები. სამი მათგანი ბოლო მომენტამდე რჩებოდა გამოქვაბულში და მყვინთავებს ეხმარებოდნენ.

 

 

 ოპერაციის ბოლოს ტაილანდელი საზღვაო ქვეითი ძალების „ტვიტერის“ გვერდზე შემდეგი შინაარსის გზავნილი გაჩნდა.

 

 

„არ ვიცით, ეს რა არის – სასწაული, მეცნიერება თუ რა. ცამეტივე „ველური ტახი“ მღვიმიდან გამოყვანილია“.

 

 ცალკე აღნიშვნის ღირსია ის დახმარება, რომელიც მღვიმეში ჩარჩენილ მოზარდებს სხვადასხვა ქვეყნიდან შესთავაზეს. გულისამაჩუყებელი იყო ჩილელი მაღაროელის გზავნილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავადაც აღმოჩნდა მიწისქვეშეთში ჩაკეტილი.

 

 

მხარდაჭერა ტაილანდის ხელისუფლებას კომპანია „სფეის იქსის“ ხელმძღვანელმაც შესთავაზა. ელონ მასკი და მისი გუნდის წევრები ბიჭების გამოხსნის რამდენიმე გეგმაზე მუშაობდნენ.

 

ერთ-ერთი ბოლო ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოქვაბულიდან მინი წყალქვეშა ნავით გამოყვანა იყო. ელონ მასკმა ეს აღჭურვილობა ტაილანდში თავად ჩაიტანა და მთავრობას საჩუქრად გადასცა.

 

 

მართალია, წყალქვეშა ნავი მაშველებს არ დასჭირვებიათ, თუმცა სამომავალოდ მისი გამოყენება შესაძლებელია.

 

 ელონ მასკი თავადაც იმყოფებოდა მღვიმეში და ვიდეო „ინსტაგრამზე“ ატვირთა.

 

 დაღუპული მყვინთავი

 

 

ერთადერთი ადამიანი, რომელიც ტჰამ ლუანგის მღვიმეში განვითარებულ მოვლენებს შეეწირა, ტაილანდელი მყვინთავია, რომელმაც გამოქვაბულის წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო.

 

სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანმა პატივი მიაგო საზღვაო ქვეითის სამან გუანანის ხსოვნას. ის მაშინ დაიღუპა, როდესაც მღვიმეში ჩარჩენილი ბიჭებისთვის ჟანგბადის ავზები მიჰქონდა.

 

სამან გუანანის სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

გადარჩენილი ბიჭების მდგომაროება

 

მღვიმიდან ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანის ოპერაციის შემდეგ ბავშვები სასწრაფო წესით, ვერტმფრენებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც კარანტინი მოქმედებდა.

 

ბიჭებმა მშობლების ნახვა მხოლოდ დღეს შეძლეს. მშობლებმა მოზარდები შუშის მიღმა ნახეს, რადგან მათი დასუსტებული ორგანიზმის გამო ინფექციის რისკი იზრდება.

 

როგორც ამბობენ, „ველური ტახები“ კარგად არიან, თავს მხნედ გრძნობენ და ზოგიერთმა საყვარელი საკვებიც კი მოითხოვა.

 

მიუხედავად ამისა, ექიმები აცხადებენ, რომ ბავშვები კიდევ 7 დღე დარჩებიან საავადმყოფოში, რათა მათი რეაბილიტაცია დასრულდეს.

 

ამიტომ, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ვერ დაესწრებიან, თუმცა სოციალურ ქსელებში გამოდიან ინიციატივით, რომ „ველური ტახები“ 2022 წელს ყატარში დაგეგმილ მუნდიალზე მიიწვიონ.

 

თავად ბიჭები ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე დაგეგმილი მატჩის დროს ინგლისის ნაკრებს უგულშემატკივრებენ, რადგან სწორედ ბრიტანელი მყვინთავი იყო პირველი, ვინც 2 ივლისს მღვიმეში ბიჭების ადგილსამყოფელს მიაგნო.

 

„ბიბისი“ იმ მომენტს აღწერს, როდესაც ბიჭები კონტაქტზე გამოვიდნენ. პირველი, ვინც ბრიტანელ მყვინთავებს ხმა გასცა, 14 წლის აბდულ სამ ონი იყო. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბიჭი დამტვრეული ინგლისურით ეკითხებოდა მყვინთავს, რა დღე იყო დღეს.

 

 

 

12 ბიჭისა და მათი მწვრთნელის თავგადასავალი მიწისქვეშეთში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ადამიანები ჯერ კიდევ უძლურები არიან სტიქიური უბედურებისა და კატაკლიზმების წინაშე. თუმცა, თუ მსოფლიო გაერთიანდება, ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner