logo_geo
eng_logo
6000 წლის წინ დაწყებული ტატუს ხელოვნება
- +

8 მაისი. 2016. 00:53



ტატუს ისტორია 6000 წლის წინ დაიწყო და მის მიერ განვლილი გზები იმ ხალხივით მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომლებიც სხეულზე მოხატულ ტატუს ატარებდნენ. სიტყვა „ტატუ", წარმოშობის თვალსაზრისით, ორი ვერსიით განიხილება - ერთია, პოლინეზიური სიტყვა „ტა", რომელიც „ჭრილობას" ნიშნავს; მეორე ვერსიის მიხედვით კი, ამ სიტყვის ფესვები ტაიტურ ენაში უნდა ვეძებოთ, სადაც სიტყვა „ტატაუ" მონიშვნას ნიშნავს.



ტატუ პირველად მოხსენიებულ იქნა ბრიტანელი კაპიტნის ჯეიმს კუკის დღიურში. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა გიზას პირამიდის შესწავლისას, სადაც ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების სხეულზე სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის უამრავი ტატუ აღმოაჩინეს. ეგვიპტელებმა ეს ხელოვნება შემდგომში ძველ ბერძნებსა და სპარსელებს ასწავლეს.


მოგვიანებით ტატუ ევროპაში გახდა მოდური, როდესაც ტაიტიში მოგზაურობის შემდგომ კაპიტანმა კუკმა ევროპელებს ახალი გასართობი და თავშესაქცევი გაუჩინა. 1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ჯეიმს კუკმა მთლიანად მოხატული გვამი ჩამოასვენა, რომლის ტატუირებული სხეულის კადრებით ევროპელები განცვიფრებაში მოიყვანა. ამის  შემდეგ მათ მონდომებით დაიწყეს სხვადასხვა სიმბოლოებით სხეულის მოხატვა.


ასევე არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ტატუირება ევროპელებმა ავსტრალიელებისგან ისწავლეს. ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის მკვლევარი ჯოან ფლეტჩერი აღწერს ტატუს წარმოშობის ისტორიასა და სხვადასხვა ერების კულტურაში მისი დამკვიდრების მნიშვნელობას. ფლეტჩერი თავისი მსჯელობისას ეყრდნობა იტალია-ავსტრიის საზღვარზე 1991 წელს აღმოჩენილ 5 200 წლის მუმიას, რომლის გაყინულ სხეულზეც ტატუს უამრავი ნიმუშის შესწავლა მოხდა.

 


21-ე საუკუნემდე მოღწეული უძველესი წესით  ტატუირებული სხეულები მეცნიერებმა მრავალ ქვეყანაში აღმოაჩინეს. ტატუმ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში. სხეულებზე სამგანზომილებიანი სურათების დახატვა სწორედ იაპონელების შემოღებულია. ტატუს მომხმარებლები თავიდანვე დიდ დატვირთვას და თავისებურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სხეულზე დახატულ ფიგურებს. მაგალითად, ინდიელები სხეულზე სალოცავ ტოტემებს გამოისახავდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მათ ძალას მატებდა. ჩინეთში კი კანონდამრღვევებს შუბლზე სამ ხაზს ახატავდნენ, რათა ყველას გაეგო, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ.


დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ სხეულის მოხატვა განსაკუთრებით პოპულარული გახდა თინეიჯერებში. უამრავ ახალგაზრდას უჩნდება მძაფრი სურვილი, სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის ტატუ საკუთარი სხეულის ნაწილად აქციოს. ამ გზით ისინი ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალურობას.

 

 

 

სვირინგის გაკეთებას თავისებური რისკ-ფაქტორები გააჩნია სამედიცინო თვალსაზრისით. ვინაიდან ტატუირების პროცესი კანზე ზემოქმედებას და მის ზედაპირზე ფერების დატანებას უკავშირდება, ჯანმრთელობა ერთგვარი რისკის ქვეშ დგება, რადგან წარმოიქმნება ინფექციის შეჭრისა და ალერგიული რეაქციის საშიშროება.


თანამედროვე სალონებში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, იყენებენ ერთჯერად ნივთებს, ხოლო იარაღებს ყოველი გამოყენების შემდეგ სტერილიზაციას უკეთებენ. წინააღმდეგ შემთხევაში, რისკი რეალური და სახიფათოა - ტეტანუსი, ჰერპესი, სტაფილოკოკი, სოკოვანი დაავადებები, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და აივ ინფექცია.


მაჰმადიანური რელიგიის მიხედვით, ტატუირება აკრძალულია. სუნიტების რწმენით, სხეულის მოხატვა ღმერთის ქმნილების ხელყოფაა და ამიტომ ტატუს გაკეთებას ცოდვად მიიჩნევენ. სხეულის მოსვირინგებას კრძალავს იუდაიზმიც, რაც შეეხება ქრისტიანობას, არაერთი მოძღვარი თავის მრევლს ურჩევს, რომ უმჯობესია, ღვთისგან ბოძებული სხეული ხელუხლებელი დატოვონ.




განსხვავდება  ტატუს  მიმდინარეობებიც, მათ შორის:


ტრიბალი - ოკეანის სტილია და შესაბამისად, ამ სტილის ნახატებს ოკეანის ნაპირზე მცხოვრებნი იკეთებდნენ. მეკობრეებისა  და მეზღვაურებისთვის  ეს ერთგვარი თილისმა და წარმატების სიმბოლო იყო.

ჩელტის  სტილში ძირითადად კელტური ფიგურები ჭარბობს, რომელიც  მოგვიანებით,   ინგლისშიც ფართოდ გავრცელდა.

ბიომექანიკური -  ამ სტილის მიმდევრები სხეულზე ძვალს, ხერხემალს, მალებსა და გარღვეულ კანს იხატავენ, რაც მათთვის განსკუთრებულობასთან და ცხოვრების სხვანაირ ხედვასთან ასოცირდება.

ორიენტალი -  უფრო კლასიკური სტილისაა  და აღმოსავლურ ურჩხულს, თევზებს, წყლის სიმბოლოს, ყვავილებს, იეროგლიფებს, ვეფხვებს, ბუდისტურ სიმბოლოებს გულისხმობს. მის სამშობლოდ იაპონია, ჩინეთი, ლაოსი, ბირმა, ვიეტნამი, ბუტანი, ბრუნეი, ნეპალი, ინდოეთი და ფილიპინები ითვლება. ეს ის  ქვეყნებია, სადაც  ტატუს გასაკეთებლად მთელი მსოფლიოდან ჩადიან ადამიანები.

რეალიზმი -  თანამედროვე სტილია. მისი თაყვანისმცემლები სხეულზე ადამიანის  პორტრეტებს, ცხოველთა გამოსახულებებს და გველებს იხატავენ. მათი რწმენით, განსაცდელის დროს „ტატუს სული" ეხმარებათ.


ტრადიცია -ამ სტილის მოყვარულებს გულების, სახელების,  ხმლების, ყვავილების, იარაღის, ბანქოს ნახატების გამოსახვა იზიდავთ. ასევე ნახევრად კომიკურ პერსონაჟებს იხატავენ. რაც, ერთი მხრივ, მათ აზარტულობას უსვამს ხაზს და იმავდროულად გაუმართლებელ სიყვარულსა და გატეხილ გულთან ასოცირდება.


ფანტაზია - არარეალური არსებების, ჯადოქრობის, ამფიბიების, ბოროტი სულების, ჩონჩხების, ღამურების უპირატესობას აღიარებს. ასეთი ნახატების გაკეთების მსურველი ადამიანები საზოგადოების მიმართ აგრესიულები არიან. ამ მიმდინარეობის სამშობლო ეგვიპტეა.


ტატუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ განვითარების მაღალ დონეზეა აყვანილი და  ყოველდღიურად  საზოგადოებას ორიგინალური ტატუების ფართო არჩევანი ეძლევა.

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner