ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ჩვენ თანატოლები ვიყავით. ის მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა ერთი კურსით წინ, მე - ფიზიკაზე. ჩემმა ძმობილმა ხუტა ასათიანმა დაგვამეგობრა 57 წლის წინ.
სიახლოვის, მეგობრობის, ძმობის ნახევარი საუკუნე ერთად გავატარეთ. ის ყველას გვჯობდა ალმა მატერის ერთგულებაში, დედა-უნივერსიტეტს და მშობლიურ ფაკულტეტს ერთი დღითაც არ მოშორებია. ბარე მგონი სამი ათეული წლის განმავლობაში იყო მისი დეკანი და პროფესორი.
და მიუხედავად იმისა, რომ მე დრო და დრო „გარეთ“ მიხდებოდა მუშაობა, თსუ მაინც დუღაბივით აკავშირებდა ჩვენს მეგობრობას. და ამის „მაკონტროლებელი“ და სულის შემბერავი იყო ჩვენი ლაზო.
მეცნიერი - სუპერ!
პედაგოგი და აღმზრდელი - სუპერ!
ორგანიზატორი უზადო, დეკანი უნიკალური. პრინციპულობა - უმაღლესი! რეპუტაცია შეუბღალავი, რამეთუ იყო სარკესავით სუფთა, კრისტალური სიწმინდის. ის ერთ-ერთი იყო, ვისზეც შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იყო დედა-უნივერსიტეტის სახე.
და როცა ლაზო და ლაზოსნაირი ხალხი არსებობდა და არსებობს, უნდა იყო ნამეტნავად ბინძური, ბოროტი, ღრჯუ, რომ ჩვენს ალმა მატერზე გადაბრუნებული რამ წამოგცდეს. ასეთ ხალხს ის ხმალამოღებული ებრძოდა.
ვამაყობდი, ვამაყობ და სიცოცხლის ბოლომდე თავაწეული ვივლი იმ შეგნებით, რომ ვიყავი, ვარ და ვიქნები ლაზო ზამბახიძის მეგობარი, მისი ანგელოზი ოჯახის მოყვარული და პატივისმცემელი.
ლაზო ზამბახიძეს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში!