logo_geo
eng_logo
საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია
- +

11 ივლისი. 2018. 16:35

 

 

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კენჭისყრით მიიღეს. თადუმაძის კანდიდატურას ხმა საბჭოს 12 წევრმა მისცა.

 

საპროკურორო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საბჭოს წევრები − ანა კალანდაძე, კონსტანტინე სირაძე, ანზორ უსტიაძე, გიგა ძნელაძე, ივანე კაკალია, მამუკა ფიფია, გოჩა ფარულავა, ნანა ხუნჯუა, ვასილ მშვენიერიძე, სერგო მეთოფიშვილი, პოლიკარპე (თემურ) მონიავა, ირმა ჭკადუა.

 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

 

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი იყვნენ წარდგენილნი.

 

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე.

 

თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner