logo_geo
eng_logo
იპოლიტე ხვიჩია: ვინც გარეთ დარჩა და სპექტაკლზე ვერ შემოვიდა, იმათი ხსოვნისაც იყოსო...
- +

8 მაისი. 2016. 03:04

 

 

იპოლიტე ხვიჩიას სახელი და გვარი, ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში, ფასდაუდებელ ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ქართველი ერის დიდი სიყვარულითაა გამსჭვალული.

 


კომიკოსმა, რომლის სახელის ხსენებაზე ნებისმიერ სიტუაციაში სიცილი უტყდებოდათ, შექმნა პერსონაჟები, რომლებიც დღემდე უყვარს ქართველ ხალხს.

 



უამრავი უკვდავი მოგონება არსებობს მსახიობის შესახებ:



60-იან წლებში ბ-ნმა დოდო ანთაძემ რუსთაველის თეატრში იპოლიტესთვის სპეციალურად დადგა ლევან სანიკიძის კომედია ქუთათურები". სპექტაკლში იყო ასეთი ათწუთიანი ეპიზოდი, როცა მაგიდას იპოლიტე ხვიჩია, ემანუილ აფხაიძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე და ხუთი მომღერალი უსხედან, ხსენებული ეპიზოდი კი სინათლის ჩაქრობით მთავრდებოდა. მსახიობისათვის, რომელიც ოფიციანტს თამაშობდა, კახეთიდან ღვინო ჩამოეტანათ და მასაც უფიქრია, ამაზე უკეთეს ხალხს ვის დავალევინებო, უფიქრია და ღვინით სავსე ჭურჭელი კულისებში დაუდგამს, სპექტაკლისათვის განკუთვნილ ბოთლებშიც ეს ნამდვილი ღვინო ჩაუსხამს.

 


პიესის მიხედვით, ოფიციანტი ერთხელ უნდა შესულიყო სცენაზე და ცარიელი ბოთლები გაეტანა, ამჯერად კი ათჯერ მაინც მოუწია ბოთლების შეტან-გატანა. სცენა ათწუთიანიც კი არ იყო, მაგრამ ნახევარ საათს გაგრძელდა სადღეგრძელოებსა და ცეკვა-თამაშში.

 


ბოლოს ჯემალ ღაღანიძემ იპოლიტეს ჩუმად გადაულაპარაკა:
- გვეყო, ბატონო იპოლიტე, დავამთავროთ!
- შენ ხომ არ გაგიჟდი, რა უნდა დავამთავროთ?! ახლა ვიწყებ ქეიფს! - ჰკრა ხელი, გადააყენა თამადობიდან და დაიწყო სადღეგრძელოები. თამარ მეფიდან მოყოლებული ყველა დიდი მამულიშვილის სადღეგრძელო შესვა და არც მაყურებელი დაივიწყა: თქვენს მობრძანებას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოსო; ვინც გარეთ დარჩა და სპექტაკლზე ვერ შემოვიდა, იმათი ხსოვნისაც იყოსო" და ასე შემდეგ... შიგადაშიგ ვერიჩკასაც ახსენებდა. ჯემალ ღაღანიძემ მობოდიშებით ყურში ჰკითხა იპოლიტეს: 
- ვერიჩკა ვინ არის?
იპოლიტემ კითხვითვე უპასუხა:
- აბა, ვისას ვართ?!
- ვერიჩკასას წუხელ ვიყავით, ახლა სცენაზე ვართ და დროზე დავამთავროთ, - არ ეშვებოდა ჯემალი, რომელსაც თავისი „გაბარიტების" გამო ღვინო ნაკლებად მოეკიდა.
- რა უნდა დავამთავრო?! - წამოხტა იპოლიტე მაგიდიდან, დანა აიღო, ჩაიდო პირში და დაიწყო ცეკვა.
ახლა კარლო საკანდელიძეს მიუბრუნდა ჯემალი ხვეწნით:
- ჩაარტყი, კარლო, ბოთლი ძიძავას და შუქსაც ჩააქრობენ (პიესის თანახმად, სანამ საკანდელიძე ძიძავას მუყაოს ბოთლს არ ჩაარტყამდა, სინათლეს არ აქრობდნენ სცენზე. ბოთლის ჩარტყმა ნიშანი იყო გამნათებლისთვის).
- რა ჩავარტყა? ბუტაფორიული ბოთლი ოფიციანტმა წაიღო, ნაღდს ხომ არ ჩავარტყამ?! - მოუბრუნდა კარლო.
- ჩაარტყი!
- კი ბატონო, ჩავარტყამ! - წაავლო ნამდვილ ბოთლს ხელი კარლომ და გაეკიდა შეშინებულ ძიძავას, რომელმაც სცენაზე დაიწყო სირბილი და ყვირილი - მომკლავს, ხალხო, მომკლავს.
გამნათებელმა, როგორც იქნა, ჩააქრო სინათლე. სიცილით დაოსებული მაყურებელი კი იატაკზე გორავდა.

 


ეს იყო, ალბათ, რუსთაველის თეატრის არსებობის ისტორიაში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მსახიობებმა სცენაზე ქეიფი ნამდვილი ღვინით გამართეს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner