logo_geo
eng_logo
შუა საუკუნეებში ცხოველებსაც ასამართლებდნენ
- +

8 მაისი. 2016. 03:33



შუა საუკუნეების ისტორია ბევრ საიდუმლოსა და ისეთ ფაქტს ინახავს, რაც პირდაპირ რომ ვთქვათ, ღიმილს და ირონიულ დამოკიდებულებას იწვევს ამ ფაქტების უშუალო განმახორციებელი საზოგადოების მიმართ.


იმ პერიოდში ინკვიზიციას ევროპაში საკმაოდ ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული და არაერთი ადამიანი, რომელიც განსხვავებულად აზროვნებდა და მეცნიერულ პროგრესს აღწევდა, ჯადოქრად ცხადდებოდა და ცეცხლში გიზგიზებდა. გამონაკლისს არც ცხოველები წარმოადგენდნენ და ისევე აგებდნენ ჩადენილ დანაშაულზე პასუხს, როგორც ადამიანები.

თუ ადამიანის დასჯის საკმაოდ გავრცელებული გზა იყო კოცონზე დაწვა, ცხოველების წინააღმდეგ სხვდასხვა ღონისძიებებს მიმართავდნენ რომელთა უმეტესობა ოთხფეხათა (ორფრთიანთა თუ მრავალფეხათა) სიკვდილით სრულდებოდა.

 

1379 წლის 5 სექტემბერს ორმა ღორმა, რომლებიც ფრანგულ მონასტერში იზრდებოდნენ, მოკლეს კაცი, სახელად პერინოტ მუეტი. სასამართლომ განიხილა მათი, როგორც რეალური დამნაშავეების საქმე და მათ სიკვდილი მიუსაჯა.

 

 

ძაღლს, რომელმაც ავსტრიელი ჩინოვნიკი დაკბინა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 1 წელი და 1 დღე საკანში;

 

თხა, რომელიც სხვის მინდორში გემრიელად შეექცეოდა ბალახს, ყურის გარეშე დატოვეს;

 

ტახი, რომელიც ადამიანს დაესხა თავს, ცოცხალად დამარხეს.


 

1903 წლის 4 იანვარს ნიუ-იორკში, კონი-აილენდზე, ლუნა-პარკში, სპილო „ტოპსის" 6600 ვოლტი ძაბვის დენი მიუერთეს, მანამდე კი ციანიდით გაჟღენთილი სტაფილოები აჭამეს. ეს საქციელი იმით ახსნეს, რომ ტოპსი საშიში იყო - მას სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან ერთი იყო მისი მწვრთნელი, რომელიც ხშირად ამათრახებდა და რამდენჯერმე ანთებული სიგარეტი აჭამა, რომ ცხოველის ტანჯვისთვის ეცქირა. ამის გამო ტოპსიმ ის გათელა.

 

სპილოს დასჯას 1500 ადამიანი ადევნებდა თვალს.


ხშირ შემთხვევაში განსასჯელ ცხოველს ადამიანის ტანისამოსს აცმევდნენ და ამას იმით ამართლებდნენ, რომ სასამართლო პროცესი ისე უნდა გამართულიყო, როგორც ადამიანების წინააღმდეგ. იყო შემთხვევა, როცა ღორს მიუსაჯეს დინგის ამპუტაცია და ამის შემდეგ მის სახეს ამშვენებდა ადამიანის სახის მქონე ნიღაბი.

 

 

ევროპული სამართლის ამ მხარეზე არაერთი ფაქტი შემოინახა ისტორიკოსმა ფრეზერმა, რომელიც თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს:


შუა საუკუნეების ევროპაში კანონის წინაშე ცხოველები ისევე აგებდნენ პასუხს, როგორც ადამიანები. შინაურ ცხოველებს ასამართლებდნენ სასამართლოებში და სიკვდილით სჯიდნენ  ბრალეულობის დამტკიცებისთანავე, ხოლო  გარეულ ცხოველებს კი საეკლესიო სასამართლოები ასამართლებდნენ და სასჯელის ფორმა იყო განდევნა, დაწყევლა ან სიკვდილით დასჯა. ყოველი საქმის დროს ცხოველებს უნიშნავდნენ ადვოკატებს და სასამართლოს ყოველი ეტაპი კანონის ზუსტი დაცვით ტარდებოდა. საფრანგეთში მსგავსი სასამართლო პროცესები ტარდებოდა XII-XVIII საუკუნეებში. ბოლო პროცესი თარიღდება 1740 წლით და დამთავრდა ძროხის სიკვდილით დასჯით".


საფრანგეთის ქალაქ მელენის არქივებში ინახება ცნობები ღორის წინააღმდეგ გამართული სასამართლოს შესახებ, კერძოდ, დეტალიზებულია სასამართლოს ხარჯების შესახებ ინფორმაცია: ღორის გამოკვება - 6 პარიზული გროში, ჯალათის გასამრჯელო - 54 პარიზული გროში, ურიკის დაქირავება რომელმაც ღორი მიიყვანა ეშაფოტამდე - 6 პარიზული გროში.


რუსულ არქივებში კი არსებობს რამდენიმე ცნობა, კერძოდ პავლე პირველის მეფობის დროს ტახს მიესაჯა გადასახლება ციმბირში.

 


როგორც ხედავთ, უმეტეს შემთხვევაში განსასჯელი როლში ღორები გვევლინებიან. საქმე იმაშია, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ქალაქის ქუჩებში ხშირად შეხვდებოდით ღორების კოლტს, რომლებიც ხშირად თავს ესხმოდნენ პატარა ბავშვებს და კლავდნენ. სწორედ ამის გამო გახშირდა სასამართლო ღორების წინააღმდეგ. 1573 წელს ფრანგი ჟან დიურე თავის ტრაქტატში წერს -ხშირი იყო ბავშვების სიკვდილიანობა და ზოგ შემთხვევაში მიზეზი ღორების თავდასხმა იყო, ამის გამო კი ოთხფეხები მკაცრად აგებდნენ პასუხს და ხდებოდა მათი ეგზეკუცია ჩამოხრჩობით ან კოცონზე დაწვით".


ზემოთ მოცემული ფაქტები უმეტესად საფრანგეთს შეეხება, ხოლო მეთხუმეტე საუკუნის შვეიცარია საკმაოდ შორს წავიდა და ბრალდებულის სკამზე უკვე გამოჩნდნენ ბუზები, კალიები, თევზები, მუხლუხო და ა.შ. 1479 წელს ლოზანაში გაიმართა ხმაურიანი სასამართლო მუხლუხოების წინააღმდეგ, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს ბაღებს. ეს პროცესი 2 წელს გრძელდებოდა და საბოლოოდ მუხლუხოებს ქვეყნიდან გაძევება მიესაჯათ.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner