logo_geo
eng_logo
11 შვილის დედის საიდუმლო...
- +

12 ივლისი. 2018. 20:31

 

 

43 წლის სოფო კვაშილავა 11 შვილის დედაა. ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად და მოხდენილად გამოიყურება. როგორც ამბობს, საიდუმლოს ფლობს 23 წლის წინ შექმნილ ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული რომ შეინარჩუნოს. ამ მშვენიერი ქალბატონის მონათხრობს თითქმის უცვლელად გთავაზობთ:

 

 

ბავშვობის სიყვარული

 

- არც მე და არც ჩემი მეუღლე - ოთარ მელია მრავალშვილიან ოჯახში არ გავზრდილვართ. მეც ერთი და მყავს და - იმასაც. მართლა ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი დის მსგავსი რამდენიმე რომ მყავდეს. ის მეხმარებოდა ბავშვების გაზრდაში და ახლაც ისე მიდგას მხარში, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი იმედია. როდესაც რაღაც პრობლემა ჩნდება, პირველად მასთან ვრეკავ. მისი რჩევით ვიღებ გადაწყვეტილებას. დედ-მამასაც თანაბრად ვუვლით. განაწილებული გვაქვს ფუნქციები: მე რომ ექიმთან მიმყავს, თამუნა სადილს ამზადებს, ან სხვა რამეს აკეთებს. მრავალშვილიანობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, ერთ-ერთი ისაა, რომ მეტი შვილი მშობლებისთვის მეტი მხარდამჭერისა და პატრონის ყოლას ნიშნავს. მე და ოთარი თბილისში გავიზარდეთ, წარმოშობით ორივე მარტვილიდან ვართ. ამ დამთხვევამაც დაგვაახლოვა. ერთმანეთი კომაროვის სკოლაში გავიცანით, კლასელები ვიყავით. დაოჯახების გადაწყვეტილება კი, უნივერსიტეტში - მეორე კურსზე მივიღეთ. 1993 წელს დავქორწინდით. ამბობენ, ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები მყარი არ არისო, ჩვენს შემთხვევაში ეს არ გამართლდა. ოჯახს ხელი არ შეუშლია, რომ უნივერსიტეტი ორივეს წარმატებით დაგვემთავრებინა. ის მათემატიკოსია, მე - საინჟინრო-ეკონომიკური მაქვს დამთავრებული. უნივერსიტეტი ორივემ წითელ დიპლომზე დავამთავრეთ, თუმცა დამხმარეც ბევრი გვყავდა. დედამთილი, ჩემი და, მული, დედაჩემი - ყველა ერთად ვიყავით ჩართული ბავშვების აღზრდაში.

 

რა მოსდის სიყვარულს წლების შემდეგ?

 

- 24 წელია, ერთად ვართ. ამბობენ, წლების შემდეგ სიყვარული ხუნდებაო, მაგრამ ჩვენს ოჯახში პირიქით მოხდა: წლების განმავლობაში დათმობა ვისწავლეთ და ერთმანეთის მიმართაც მეტი პატივისცემა გაგვიჩნდა. კამათის გარეშე ოჯახი არ არსებობს, მთავარია, ზღვარგადასულ ჩხუბსა და შეურაცხყოფაში არ გადაიზარდოს. გადაწყვეტილებას ჩვენც ზოგჯერ კამათის საფუძველზე ვიღებთ და ეს კარგია, რადგან თუ გადაწყვეტილება არასწორია, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს თანაბრად ნაწილდება. ჩემი აზრით, ასეთი ოჯახი წლების შემდეგ კიდევ უფრო მტკიცე და საიმედო ხდება.

 

„შვილებს ჩვენსავით მათემატიკის ნიჭი გამოჰყვათ“

 

- დღეს უკვე 11 შვილის დედა ვარ. 18 წლისები რომ ვიყავით, მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, 11 შვილი გეყოლებათო, არც დავიჯერებდით. რწმენა გაძლევს უნარს, რომ დაბრკოლებებს არ შეუშინდე და სწორი გზა აირჩიო. ბედნიერი ვარ, ბევრი შვილი რომ მყავს და ჩემი მეუღლე ამ ტვირთს ჩემთან ერთად იზიარებს. ჩვენი უფროსი ვაჟი უკვე 23 წლისაა და ცალკე ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე - თეკლე და ერთი შვილი - დემეტრე. აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს, მაგრამ აკადემიური აიღო, რომ იმუშაოს და ოჯახს მიხედოს. მეორე ვაჟმა - ამირანმა ჩემი მეუღლის გზა აირჩია: პროგრამისტია, მას უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად იცხოვროს და უმცროსებსაც დაეხმაროს. მესამე - ანა - პირველ კურსზეა და უკვე მოსწავლეები ჰყავს. მასაც თავისი შემოსავალი აქვს. ირაკლი და ამირანი ცალკე ცხოვრობენ. ანა 20 წლისაა, მომდევნო - დავითი აბიტურიენტია და წელს აბარებს, ბიზნესითაა დაინტერესებული. მასაც სხვებივით, მათემატიკის ნიჭი გამოჰყვა. ჩვენი შვილები შვიდ კლასს რომ ამთავრებენ, მერე კომაროვის სკოლაში გადადიან. ეს ჩვენი სკოლაა, რომელიც ძალიან გვიყვარს. ბიჭებს ძალიან მოსწონთ რაგბის თამაში. გადაწყვეტილი მაქვს, როცა წამოიზრდებიან, იოანეს და ჩემს შვილიშვილსაც რაგბიზე შევიყვანთ. მათემატიკური ნიჭი გიორგისა და პეტრესაც აქვთ: პეტრე წელს აბარებს კომაროვის სკოლაში. ნინო და ეკატერინე მოსწავლეები არიან და სკოლაში ორივემ მათემატიკური მიმართულება აირჩია. იოანე ჯერ ბაღში დადის, ხოლო ყველაზე უმცროსი - ბარბარე - ჯერ სახლში გვყავს. თითოეული მათგანი გამორჩეულია და განსაკუთრებული სიხარულის მომცემია.

 

შინაგანი განწყობა გარეგნობაზეც აისახება

 

- ზოგჯერ ორშვილიანი ოჯახებიც ვერ ახერხებენ, რომ შვილებს კარგი განათლება მისცენ. მთელი ჩვენი ოჯახი მეუღლის ხელფასზეა დამოკიდებული და ერთი რამ შევნიშნე: შვილების მომატებასთან ერთად მისი თანამდებობა და ხელფასიც იზრდებოდა. ძნელია, ყველა ბავშვი სპორტზე ან წრეებზე ატარო, მაგრამ ამას კეთილი ადამიანების წყალობით ვახერხებთ. ბევრ რამეში მიზერულ თანხას ვიხდით, მართალია, გადასახადები მაინც გვიგროვდება, მაგრამ ეს შეღავათი და ადამიანების კეთილგანწყობა ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. ბავშვი ექიმთან რომ მიგვყავს, მაშინაც ცდილობენ, რომ გადასახდელი თანხა მინიმუმამდე დაიყვანონ. დღეს ბევრ ახალგაზრდას ეშინია ერთზე მეტი შვილი გააჩინოს, მაგრამ ჩვენ ხომ შევძელით 11 გაგვეჩინა და გაგვეზარდა? - ესე იგი, სხვაც შეძლებს, რომ სამი, ოთხი მაინც გააჩინოს. მრავალშვილიან დედას შრომაც გაათმაგებული აქვს და ბედნიერებაც. ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ მხნეობისა და ენერგიის შენარჩუნებას. ერთი საიდუმლო მაქვს: ყოველ კვირას ვეზიარები. მიმაჩნია, რომ ხშირი აღსარება და ზიარება არის სიმშვიდისა და სიცოცხლის წყარო. გარდა ამისა, ძალიან ადრე ვდგები და ყოველდღე ვვარჯიშობ. თუ გაღვიძება დამაგვიანდება, ვეღარ ვვარჯიშობ და ვფიქრობ, რომ ეს დღე დაკარგულია. ჩემი აზრით, მრავალშვილიანმა დედამ თავს უნდა მიხედოს, რომ შვილებს დიდხანს გამოადგეს და ჯანსაღი ცხოვრების მაგალითი მისცეს. ფორმის შენარჩუნებას კი, ბევრი შრომისა და ენერგიის ხარჯვით ვახერხებ, ბევრი საქმე მუდმივ მოძრაობაში ყოფნას მოითხოვს. ისე კი, გარეგნობაზე ზედმეტად არ ვზრუნავ, ჩემთვის მთავარია, ჩვენი შვილები კარგი ქართველები და ნამდვილი ქრისტიანები გაიზარდონ.

 

„გენი ქართული“

 

- კარგა ხანს ვმუშაობდი, ბუღალტერი ვიყავი, მაგრამ მეხუთე შვილი რომ გავაჩინე, სამსახურს თავი დავანებე, რადგან ბავშვებს ჩემი ყურადღება სჭირდებოდათ. ახლა იმ ორგანიზაციაში ვსაქმიანობ, რომელიც მრავალშვილიანმა დედებმა დავაფუძნეთ და "გენი ქართული" ჰქვია. ის მამა ბესარიონ მენაბდის მეუღლის - ნინო ალფაიძე-მენაბდის ინიციატივით დაარსდა, რომელიც 12 შვილის დედაა. მე ამ ორგანიზაციის მონაცემთა ბაზას ვხელმძღვანელობ. მთელი საქართველოს მასშტაბით ვაწარმოებთ გამოკითხვას და მრავალშვილიან ოჯახებს ვეძებთ. ამ ორგანიზაციაში 6 ათასამდე ოჯახია უკვე გაერთიანებული. ამ ოჯახების პრობლემები და გასაჭირი ვიცით. ზოგიერთ კომპანიას ან კერძო პირს სურს, ამ ოჯახებს დაეხმაროს და ჩვენ შუამავლების როლი გვაკისრია. ვერ ვიტყვი, რომ ქველმოქმედებისა და დახმარების მსურველი ბევრია, მაგრამ მათი რიცხვი აღდგომის ან ახალი წლის დღეებში იზრდება, როცა ადამიანებს სიკეთის კეთების სურვილი უჩნდებათ. "გენი ქართული" იმიტომ შეიქმნა, რომ სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმაროს და დააფასოს. ასეთ ოჯახებს ნამდვილად სჭირდებათ მხარში დგომა, მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, რომელიც უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner