logo_geo
eng_logo
გიორგი კაკაურიძე: ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა არ არის, საფინანსო სექტორი ცუდ მდგომარეობაში ჩადგეს
- +

13 ივლისი. 2018. 01:03

 

 

 

„ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა არ არის, საფინანსო სექტორი ცუდ მდგომარეობაში ჩადგეს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ჩვენი ინიციატივაა, ქვეყანაში პასუხისგებლიანი დაკრედიტების სისტემა იყოს, რომ ერთი მხრივ, საფინანსო სექტორი მიმზიდველი გახდეს, სადაც ბიზნესის კეთება, ფულის დაბანდება და ინვესტიციის განხორციელება იქნება შესაძლებელი, მეორე მხრივ კი, მომხმარებელი, მსხვილი და მცირე ბიზნესი, თუ მოსახლეობა ისეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რომ სესხი მძიმე ტვირთად დააწვეს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

 

მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის რისკები დღეს არ იდგეს, მაგრამ თუ ჭარბვალიანობას დღესვე არ მიეხედა, შეიძლება, ეს რისკები რამდენიმე წელიწადში დადგეს.

 

„შესაძლოა, ეს უფრო მაკროეკონომიკურ რისკებში გადაიზარდოს და არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის პრობლემაში, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის ასევე დიდი პრობლემაა“, – განაცხადა კაკაურიძემ.

 

კაკაურიძემ განაცხადა, რომ „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ ინიცირებულ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.

 

„ვალაუვალობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რადგან საქართველოს 600 000-ზე მეტი მოქალაქე ე.წ. შავ სიაშია და არ შეუძლია, ეკონომიკურად აქტიური იყოს. „ადვოკატთა ასოციაციას“ გარკვეული ინიციატივა აქვს. თუმცა, ვფიქრობ, ეს პრობლემა გაცილებით უფრო ღრმადაა შესასწავლი, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს. ამ პრობლების მოგვარების ყველაზე კარგი გზა ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის კანონმდებლობის შემუშავებაა, რაზეც დღესაც ვიმსჯელეთ. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და ფინანსთა სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

 

იმისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ფიზიკური პირის ე.წ. შავი სიიდან გამოყვანა, შესაძლებელია, მაქსიმალური ვადაც განისაზღვროს, რაც „ადვოკატთა ასოციაციას“ აქვს ინიცირებული. 10 წლის ვადის განსაზღვრა ერთი მხრივ, კარგია, თუმცა, უფრო მოქნილი მექანიზმები უნდა გვქონდეს, რადგან ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოქალაქეები ეკონომიკური ცხოვრების მიღმა თუნდაც, 10 წელი გვყავდეს დატოვებული“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner