logo_geo
eng_logo
დიდი გალაკტიონის სიტყვით პაექრობა
- +

8 მაისი. 2016. 03:49

 


ჩვენი დედაქალაქი ისტორიული ქალაქია. ბევრ „ოქროს თაობას" უვლია მის ქუჩებში.
ამ თაობებმა ეპოქები შექმნეს ქალაქის და ქვეყნის ისტორიაში.
ისეთი ისტორიები შემორჩა თბილისის ქუჩებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თბილისი ნამდვილად იყო ურთიერთობა:

მოგეხსენებათ, გალაკტიონ ტაბიძე გაჭირვებაში ცხოვრობდა. ხოლო ირაკლი აბაშიძეს არ უჭირდა.
ერთხელაც მიდიოდა გალაკტიონი ფეხით და გვერდზე ჩაუარა ირაკლი აბაშიძემ მანქანით (თვითონ უკანა სავარძელზე იჯდა, მანქანას კი მძღოლი მართავდა). გალაკტიონს სახლში წაყვანა შესთავაზა. გალაკტიონი მძღოლს მიუჯდა გვერდით და ეკითხება, თან ისე, რომ ირაკლი აბაშიძისკენ არც კი იყურება:

- რა გქვია შენ?
- თენგიზი მქვია, ბატონო გალაკტიონ.
- თენგიზ, ლექსებს წერ?
- არა, ბატონო გალაკტიონ. რა ვიცი მე ლექსის წერა?
-არც შენმა „ხაზეინმა" იცის წერა, მარა ხო წერს?!

ერთხელ გალაკტიონი მწერალთა კავშირში მიბრძანდა და ირაკლი აბაშიძე იკითხა. უთხრეს, ირაკლი არ გახლავთ, მაგრამ კლუბში შებრძანდით, იოსებ ნონეშვილი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ლექციას კითხულობს. 

- რა თემაზე კითხულობს? - დაინტერესდა გალაკტიონი. 
- საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი საფრანგეთში. 
- საფრანგეთში ნამყოფი ვარ და ვიცი, როგორ ცხოვრობენ ფრანგები. როცა იმაზე ჩაატარებს ლექციას, თუ როგორ ვცხოვრობთ ქართველები საქართველოში, დამირეკეთ და აუცილებლად მოვალ,- უპასუხა პოეტმა.

საგურამოს მწერალთა სახლში გალაკტიონი და კონსტანტინე გამსახურდია ისვენებდნენ. ყოველ დილით კონსტანტინე ასე ესალმება გალაკტიონს:

 - გამარჯობა, ლომო!
- გაგიმარჯოს, ვეფხვო! - პასუხობს გალაკტიონი
ერთ დღესაც კონსტანტინემ შეცვალა და ასე მიესალმა:
- გამარჯობა, ვეფხვო!
 გალაკტიონი შეჩერდა, გააკეთა მცირე პაუზა და...
- გაგიმარჯოს, კოწია!



გალაკტიონს ერთხელ პირობა მიუცია საკუთარი თავისთვის - დუქანს ისე ავუვლი გვერდს რომ არ შევალ და ღვინოს არ დავლევო... მართლაც აუვლია გვერდი და რამოდენიმე ნაბიჯით რომ გაცდა დუქანს, მოტრიალდა და უთქვამს - რადგან პირობა შეასრულე ღირსი ხარ შეხვიდე და ერთი ჭიქა ღვინო დალიოო ...

1958 წელს ოპერის თეატრში გალაკტიონის სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავი აღინიშნა. ტაში და ოვაციები არ დაჰკლებია, მაგრამ საღამოს დამთავრების შემდეგ უნახავთ, მარტოდმარტო ფეხით როგორ მიდიოდა სახლისკენ დიდი გალაკტიონი...


წყარო: „თბილისი იყო ურთიერთობა“

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner