დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2018“-ის თბილისის ტური „სუხიშვილების“ კონცერტით გაგრძელდება.
ფესტივალი 8 ივლისს ნინო ქათამაძისა და „ინსაითის“ კონცერტით გაიხსნა და 15 ივლისს ნიაზ დიასამიძე და „33ა“ დახურავს.
დაარსებიდან მე-15 საიუბილეო წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.
ფესტივალზე უკვე წარსდგნენ რობი კუხიანიძე, ჯგუფი „ფრანი“, ჯგუფი „Asea Sool“. ფესტივალის ისტორიაში პირველად გაიმართა ქართულენოვანი ჰიპ-ჰოპის დღე. მაყურებელს წინ ელოდება ასევ ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტი და „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი შოუ.
დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციულად მოეწყობა ჰამაკების და პუფების ზონა, ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები.
„Art-გენი 2018“-მა სტარტი 21 ივნისს რეგიონული ტურნეთი აიღო. „Art-გენი“ წელს საქართველოს 4 რეგიონში - აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ლეჩხუმში, 9 დღის განმავლობაში მოგზაურობდა.
2004 წლიდან დღემდე ფესტივალმა „Art-გენმა“ არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში „ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით „Art-გენს“ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.