ავტორი სოფო ხუგოიანი
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი „რეპორტიორთან" მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების თაობაზე საუბრობს. კაიკაციშვილის თქმით, ახვლედიანის გადაყენების კანონიერებაზე მაშინ შეიძლება მსჯელობა, როცა საზოგადოებისთვის საჯარო გახდება, თუ რატომ გადააყენეს პოსტიდან. კაიკაციშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ებანოიძე აღარ დაუშვებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც მამუკა ახვლედიანის მმართველობის პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეების განაწილების დროს შეიქმნა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები ჩემთვის რამდენიმე პრინციპით არის მნიშვნელოვანი. პირველი - რამდენად რეალურია მამუკა ახვლედიანის მიმართ წარდგენილი პრეტენზიები და მიღებული გადაწყვეტილება და მეორე - მამუკა ახვლედიანის განცხადება სასამართლოში მოსამართლეთა კლანური დაჯგუფებების არსებობის თაობაზე.
პირველ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაცია აკრიტიკებს და საზოგადოებისთვის უცნობია ამ გადაწყვეტილების ტექსტი. პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, რადგან დასაბუთება, თუ რის გამო გადააყენეს ახვლედიანი, საზოგადოებისთვის უცნობია. როცა აღნიშნული გათავისუფლების ტექსტი საჯარო გახდება, მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ გადაწყვეტილების კანონიერებაზე. ყველა მსჯელობა, რომელიც აჟამად მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კეთდება პოპულისტურია, ვინაიდან მხოლოდ ერთი პოზიცია და ერთი შეხედულება მიეწოდება საზოგადოებას იმ სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც წარსულში მამუკა ახვლედიანის მხარდამჭერებად მოიაზრებიდნენ", - ამბობს კაიკაციშვილი.
კაიკაციშვილი ასევე საუბრობს ახვლედიანის განცხადებაზე, რომელიც მან სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება განსაკუთრებულ სიცხადეს მოითხოვს.
„მეორე საკითხია მამუკა ახვლედიანის განცხადება სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის თაობაზე. აღნიშნული განცხადება განსაკუთრებულ სიცხადეს მოითხოვს, რადგან თუ ვსაუბრობთ სასამართლოში კლანურ მმართველობაზე და ამ ნიშნით ცალკეული მოსამართლეების გადალაგებაზე, ეს არ არის „ქართული ოცნების" ხელისუფლების დამსახურება. ეს არც ნინო გვენეტაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული სისტემა. სწორედ ახლა უნდა გაეცეს პასუხი, არსებობს თუ არა ასეთი სისტემა, მაგრამ ვიცით, რომ ასეთი სისტემა არსებობს და საქმე გვაქვს რაღაც დაჯგუფებებთან. მამუკა ახვლედიანმა უნდა განმარტოს, ასეთი სტრუქტურიზებული შემადგენლობა ჩამოყალიბდა თუ არა იმ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში. თუკი ვინმე სასამართლო, კლანურ სისტემაზე საუბრობს, მისი საფუძვლები არა მოქმედ ხელისუფლებაში, არამედ სწორედ იმ ჩამოყალიბებულ პოზიციებში და სტრუქტურაში უნდა ვეძებოთ, რომელიც მძიმე მემკვიდრეობად ხვდა საზოგადოებას 2012 წლის შემდგომ", - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელს აინტერესებს, მამუკა ახვლედიანის განცხადებები ხომ არ ემსახურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მძიმე გამოცდილების და მძიმე მემკვიდრეობის გადაფარვას.
„გამიჩნდა კითხვები, მამუკა ახვლედიანი რომელიმე ჯგუფის ინტერესს ხომ არ წარმოადგენდა და მისი განცხადებები ხომ არ ემსახურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მძიმე მემკვიდრეობის გადაფარვას, რომლის ხელმძღვანელი მამუკა ახვლედიანი გახლდათ.
თუ ახვლედიანის მიმართ პრეტენზია დაკავშირებულია საქმეების გადანაწილების შერჩევით პრინციპთან, ვფიქრობ, ეს დაუშვებელი და მიუღებელი ფაქტია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის რეფორმის პირველი ინიციატივა სწორედ საქმეების განაწილების ელექტრონულ სისტემას გულისხმობს, რაც მთლიანად უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ ინიციატივას კი მამუკა ახვლედიანი ეწინააღმდეგებოდა.
ვიმედოვნებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ებანოიძე, რომელიც პროფესიულ წრეებში ხასიათდება კვალიფიციურ, რეფორმების მომხრე პიროვნებად, აღარ დაუშვებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც მამუკა ახვლედიანის მმართველობის პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეების განაწილების დროს დაინერგა", - ამბობს კაიკაციშვილი.