თბილისში, კიკვიძის სახელობის პარკში 10 მაისს, 10:00 საათზე, მელიტონ ქანთარიას მონუმენტი დაიდგმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო კავშირის „გამარჯვების მემკვიდრეები" თავმჯდომარემ ოლეგ ჯოლიამ განუცხადა.
მისივე თქმით, მონუმენტი მათი ორგანიზაციისა და მელიტონ ქანთარიას ძმისშვილიშვილის ბექა ქანთარიას ორგანიზებით დაიდგმება. ჯოლიას განცხადებით, მონუმენტისთვის 3 ათას ლარამდე დაიხარჯა, რომელიც საერთაშორისო კავშირმა „გამარჯვების მემკვიდრეები" შეაგროვა.
„მონუმენტის ავტორია მოქანდაკე რომან შეროზია. მისი დადგმა დამტკიცებულია კულტურის სამინისტროს სამხატვრო საბჭოს მიერ. მონუმენტის დადგმაზე გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და კულტურის სამინისტრომ მიიღეს. ღონისძიების შესახებ წერილები გავგზავნეთ ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში და მერიაში", - განაცხადა ოლეგ ჯოლიამ.
„ინტერპრესნიუსი" ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ქანთარიას მონუმენტის დადგმის ორგანიზება ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ არ ხდება, თუმცა ღონისძიებას სამსახურის ხელმძღვანელობა დაესწრება.
1945 წელს, საბჭოთა კავშირის გმირებმა, უმცროსმა სერჟანტმა მელიტონ ქანთარიამ და უფროსმა სერჟანტმა მიხაილ ეგოროვმა გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართეს.