ევროკომისია აღშფოთდა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ჟან-კლოდ იუნკერი NATO-ს სამიტზე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ევროკომისიის წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა, რომ იუნკერს იშიალგია აწუხებს - ძლიერი ტკივილი წელის არეში, რომელიც ფეხებზეც ვრცელდება.
„მასმედიის ზოგიერთი საშუალება პრეზიდენტ იუნკერის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპლუატაციას ეწევა. ვფიქრობ, ეს ულამაზო და უწესობაა“, - განაცხადა სხინასმა.
მანამდე გავრცელდა NATO-ს სამიტის შემდეგ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ 63 წლის იუნკერს გადაადგილება უჭირს და პორტუგალიისა და ნიდერლანდების პრემიერების დახმარებაც კი დასჭირდა. ბოლოს კი იუნკერი ინვალიდის ეტლში ჩასვეს.
„ოთხშაბათს პრეზიდენტს იშიალგიის ძალიან მძიმე შეტევა ჰქონდა, რომელსაც თან კრუნჩხვაც ერთვოდა“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
ჟან-კლოდ იუნკერს ჯანმრთელობის პრობლემა 1989 წელს მომხდარი ავტოავარიის შემდეგ აწუხებს.