„ჩვენ გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ისინი უფრო მეტად უნდა დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი. ამდენად, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ ახალი სამთავრობო გუნდის საპარლამენტო განხილვების დროს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საუბარია მრავალ ასპექტზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყობს ბიზნესისა და ეკონომიკის ზრდას, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოთა სტიმულირების მიმართულებით. გიორგი ქობულიას განცხადებით, ახალი მთავრობა ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, არამედ უშუალოდ ამ ზრდის პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე.
„მე ჩართული ვიყავი მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მსხვილ პროექტში, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ზრდის პროგრამების დანერგვასა და შემუშავებას შეეხებოდა. სავსებით შესაძლებელია, ასეთი პროექტებით საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ გვინდა ქარხნები და აგროკომპლექსები საქართველოში სწორედ ინვესტორებმა ააშენონ და არა მთავრობამ, რომელმაც მსგავს პროექტებს მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.